საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N915

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უზრუნველყოს 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა განისაზღვროს ერთ ოჯახზე 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.

3. თუ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის შემადგენლობაში აღმოჩნდება სამ სულზე ნაკლები - აღნიშნული ფაქტის სისწორე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის მისაღებად.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განსახორციელებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 10 190 000 (ათი მილიონ ას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

5. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან 190 000 (ას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი წარიმართოს შესაბამისი საბანკო მომსახურების ასანაზღაურებლად.

6. ეთხოვოთ ქურთის, ერედვის, თიღვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების გამგეობებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარუდგინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისა და ამ ოჯახებიდან, სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღები, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული (ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა) უფლებამოსილი პირების (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის მონაცემები - სახელობითი პირადი კოდის მითითებით) სიები.

7. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ერთად დააზუსტოს ამ განკარგულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სიები სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში განსახლებულ დაზარალებულ პირთა სიასთან.

8. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი