ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსია

ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის და შესაბამისი განხილვების მოწყობის გზით, დაიხვეწება დოკუმენტის სამუშაო ვერსია და სამომავლოდ შეიქმნება ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა.

ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის მიზანს გრძელვადიანი პერსპექტივით შესაბამისი მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენს. სტრატეგია სახელმწიფოს მზაობის გამოხატულებაა - უპასუხოს გამოწვევებს, რომლებიც დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს და მოახდინოს ძალადობის პრევენცია სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტის მონაწილეობით. ძალადობის პრევენციის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ძალადობის ფაქტების შემცირება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა, ძალადობისგან თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

სტრატეგიამ მოიცვა ძალადობის პრევენციის ყველა ის მიმართულება, რომელიც საზოგადოებისათვის განსაკუთრებით აქტუალურია: ოჯახში ძალადობის, სკოლაში ძალადობისა და ქუჩაში ძალადობის პრევენცია შესაბამისი მექანიზმებით. ესენია სამოქალაქო განათლების (დემოკრატიის სწავლება და დამოკიდებულების პრობლემის მავნე შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება), მედიაციის და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კონკრეტული პრევენციული მექანიზმები. აუცილებელია უკვე არსებული ღონისძიებების ეფექტიანობის ამაღლება და ძალადობის პრევენციის ახალი შესაძლებლობების დანერგვა.

დოკუმენტში ვრცლად არის განხილული სხვადასხვა სახის ძალადობის (ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში) პრობლემის არსი, გამომწვევი მიზეზები, პრევენციის მექანიზმები და გამოწვევები. ოჯახში ძალადობის კუთხით ყურადღება არის გამახვილებული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებით და გრძელვადიან ღონისძიებებზე. ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მართვის კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მსხვერპლთა დაცვა, აგრეთვე მოძალადეთა რეაბილიტაციაც.

ოჯახში ძალადობის პრევენციის ეფექტიანობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების დოკუმენტში აღნიშნულია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; მოსახლეობაში სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობისადმი ნდობის გაღრმავება; გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე მიდგომის შეცვლის მიზნით პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლება; პოლიციელის რისკის შეფასების საჭირო უნარების განვითარება; სამართალდამცველთათვის სავალდებულო სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შემუშავება; შემაკავებელი ორდერის სასამართლო წესით დამტკიცების პროცედურების გამარტივება; სხვადასხვა უწყების თანამშრომელთა (პედაგოგების, მანდატურების, ექიმების, სოციალური მუშაკებისა და მართლმსაჯულების სისტემის მოხელეთა) გადამზადება.

სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის, ფართო დისკუსიების გამართვისა და განხილვების მოწყობის გზით, შეიქმნება ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. ასევე განისაზღვრება სტრატეგიის მიზნების განხორციელებისათვის საჭირო გრძელვადიანი და მოკლევადიანი ღონისძიებები, მათი შესრულების ვადები, ინდიკატორები და შესრულებისთვის პასუხისმგებელი ინსტიტუტები.

ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია ერთდროულად მიმართულია როგორც ძალადობის გამომწვევი სოციალური მიზეზების აღმოფხვრაზე, ასევე ძალადობის ჩადენის შესაძლებლობების შემცირებაზე. მისი მიზანია როგორც პიროვნების სოციალური იზოლაციის თავიდან აცილება, ისე საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის მიზანია ძალადობის პრევენციის კუთხით მთავრობის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება, ფართო საზოგადოების აქტიური ჩართულობითა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.