სასამართლო ხელისუფლება

საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება მართლმსაჯულების, საკონსტიტუციო კონტროლისა და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით.

მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.

საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.

რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც მის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განიხილავს ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.

სააპელაციო სასამართლო საპროცესო კანონით დადგენილი წესით, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.

აღნიშნულ საკითხებს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი "საერთო სასამართლოების შესახებ", რიმელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 1997 წლის 13 ივნისს.

რაც შეეხება საქართველოს უზენაეს სასამართლოს, იგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა.

უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 63-ე, 64-ე და 88-ე მუხლებითა და კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

უზენაესი სასამართლოს საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ", რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 1999 წლის 12 მაისს.

საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

საგულისხმოა, რომ ყოველ ადამიანს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეუძლია, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 9 მოსამართლისაგან - საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისაგან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებასა და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს 1996 წლის 31 იანვრის საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" და 1996 წლის 21 მარტის საქართველოს კანონი "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ".

საქართველოში, ისევე როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლება დაყოფილია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად. ამ უკანასკნელს კი, თავისი გამორჩეული ფუნქციებისა და მაღალი დანიშნულების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ადგილი უკავია სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში.