ზურაბ ჟვანია

ზურაბ ჟვანია დაიბადა 9 დეკემბერს,  1963 წელს ქ. თბილისში.

1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, ცნობილი მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა „საქართველოს მწვანეები“ (1988 წელი),  „საქართველოს მწვანეთა“ ხელმძღვანელად აირჩიეს ზურაბ ჟვანია.

1992 წელს გახდა  ევროპელ ,,მწვანეთა” პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

1993 წელს  აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად და საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარედ 1995  და 1999 წელს.

ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.

მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი, ძლიერი და გავლენიანი სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მასმედიის ჩამოყალიბებაში.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო 2001 წლის ნოემბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან.

2002 წლის ივლისში ზურაბ ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“.

2003 წლის ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ, პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ზურაბ ჟვანია იყო ქარიზმატული პიროვნება და ნამდვილი ლიდერი, რომელმაც სრულიად ახალი თაობის პოლიტიკოსების გუნდი მოიყვანა სამოღვაწეო ასპარეზზე და არაერთი გამოკვეთილი ფიგურა შექმნა, ქართულ პოლიტიკაში. მან გააჩინა და დაამკვიდრა გუნდურობის განცდა.

ზურაბ ჟვანია იყო  დემოკრატი ბუნებით და შეეძლო თავისი მენტალიტეტი მწყობრ ღირებულებათა სისტემად ჩამოეყალიბებინა  და პოლიტიკურ სტრატეგიად ექცია.

ის იყო ორატორი, რომელსაც ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენაზე ერთნაირი შთაგონებითა და დამაჯერებლობით შეეძლო მოეხვია აუდიტორიისათვის საკუთარი აზრი, პოზიცია, განწყობილება, რწმენა.

მას შეეძლო ცივი გონებით შეეფასებინა შექმნილი სიტუაცია და ცხელი გულით გადაედგა ისეთი ნაბიჯი, რომ დაეძლია ინერცია, დაენგრია სტერეოტიპები, ეშენებინა სისტემა, სტრუქტურები, რომელთა კონტურებსაც გუმანით ზედმიწევნით კარგად ხედავდა. ის იყო ფართო ჰორიზონტის პიროვნება, მაგრამ, ამასთანავე, უაღრესად უშუალო და გულითადი ადამიანი, განუმეორებელი იუმორის გრძნობით, კოლორიტულობით.

ნიშანდობლივია უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მიერ ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული სიტყვები: ,,ბატონი ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დიდი ინტელექტით მაგრამ, ამავე დროს, დიდი რწმენით. ის იყო მუდამ პირველი, პირველი აზროვნებაში, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში და აი, დღესაც ბატონი ზურაბ ჟვანია არის პირველი ამ ახლად აშენებულ ტაძარში, ის პირველი დაესვენა აქ, ამ წმინდა ტაძარში, ალბათ ესეც არის ნიშანი ღვთისა, რომ იგი ახლოსაა უფალთან.”

ზურაბ ჟვანიას დარჩა მეუღლე ნინო ქადაგიძე და სამი შვილი: ლიზა, ბუსა და ანა.


ზურაბ ჟვანიას სახელის უკვდავსაყოფად

2006 წლის 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის ფლიგელში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი შე-სრულებულია ბრინჯაოში, მისი ავტორია მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე. სიმბოლურია, რომ ბიუსტმა სწორედ პარლამენტში დაიდო ბინა. იქ, სადაც ახალგაზრდა პოლიტიკოსი ახალი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიას უყრიდა საფუძველს. ბიუსტის გახსნას დაესწრნენ: მიხეილ სააკაშვილი,  ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები და მეგობრები, ასევე პარლამენტის წევრები და მინისტრები.


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ზურაბ ჟვანიას ბიუსტის გახსნაზე

მინდა მოგესალმოთ ყველას!

ვფიქრობ ამ დღეს აქ შეკრება უკვე სახელმწიფოებრივი ტრადიციაა.

ჩვენ მართლაც ვყალიბდებით სახელმწიფოდ და თუ ვინმემ პირველმა ჩაუყარა საფუძველი სახელმწიფოებრივ ტრადიციას ამ კედლებში, ისე როგორც მთელ ქვეყანაში, ეს ზურაბ ჟვანია იყო.

ზურაბის იდეა იყო აქ, საქართველოს პარლამენტში, პირველი რესპუბლიკისა და ნოე ჟორდანიას სახელობის დარბაზების გახსნა, კონსტიტუციების გამოფენა და ერთი სიტყვით, ყოველივე იმის გაკეთება, რაც სახელმწიფოს ქმნის, რადგან მანამდე ჩვენ, როგორც ქვეყანა, ამას მნიშვნელობას არ ვანიჭებდით.

მეორეა ის, რომ ჩვენ დღეს ვხსნით იმ ადამიანის ბიუსტს და აღვნიშნავთ იმ კაცის დაბადების დღეს, რომელმაც რეალურად შექმნა ქართული სახელმწიფოებრივი საპარლამენტო ტრადიცია.

კარგად მახსოვს, როგორ შემოვედით მე და ნინო ბურჯანაძე ამ დარბაზში – ჩვენ ზურაბ ჟვანიამ მოგვიყვანა.

მან მოგვიყვანა იმ ხალხთან, რომელთანაც, პირდაპირ ვიტყვი, ჩვენით არასოდეს მოვიდოდით, რადგან ქვეყანას მართავდა პრეზიდენტი, რომელიც ყველაფერს ძველს და ჩვენთვის მიუღებელს წარმოადგენდა.

თუმცა ზურაბმა დაგვარწმუნა, რომ ახალგაზრდა გუნდის მოყვანით ყველაფრის გამოსწორება და შემოტრიალება იყო შესაძლებელი.

ჩვენი მოსვლისთანავე პირველი იურიდიული კომიტეტის სხდომა გაიმართა.

ამ დარბაზში მინუს სამი გრადუსი იყო, რადგან ოთახს არც ერთი ფანჯარა არ ჰქონდა და პრაქტიკულად ცარიელ კედლებში მოგვიწია შესვლა.

ისიც კი მახსოვს იმ დღეს რა მეცვა...

თუმცა, მოსვლის პირველივე დღიდან, რა თქმა უნდა, ზურაბ ჟვანიასთან ერთად, ენთუზიაზმით დავიწყეთ ყველაფრის კეთება, რადგან აქ სწორედ ამ სულისკვეთებით მოვდიოდით.

ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა დსთ-სა და ყოფილ საბჭოთა სივრცეში (მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩათვლით), სადაც ხელისუფლებაში მთლიანად პოსტკომუნისტური, პოსტსაბჭოთა თაობა მოვიდა.

ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომლის ხელისუფლებაში ძველი კომუნისტური ნომენკლატურის არც ერთი წარმომადგენელი არ არის.

თუ მე მკითხავენ ვინ გააკეთა ეს, ცალსახად ვუპასუხებ, რომ ეს ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა. საქართველო დსთ-ს სივრცეში პირველი ქვეყანაა, რომელიც მთლიანად გაიწმინდა იმ ხალხისგან, რომელიც ამ ქვეყანას ვერც მართავდა და ვერც გამართავდა.

ამიტომ, როდესაც ზურაბ ჟვანიას ისტორიულ დამსახურებასა და მის დატოვებულ კვალზე ვლაპარაკობთ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კვალი დღევანდელი დღეა, თქვენ და ჩვენ ვართ.

გავა დრო და ამას ყველა უკეთ გავაცნობიერებთ.

მაშინ, როდესაც ზურაბ ჟვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ მოვიდა, ჩვენს ქვეყანაში ოცნების მაქსიმუმი იყო ის, რომ სახელმწიფო ყოფილ რაიკომის მდივნებს ემართათ; ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც ნულოვანი საპარლამენტო ტრადიცია ჰქონდა, რადგან ის, რაც იმელის შენობაში იყო, ძნელად შეიძლებოდა თანამედროვე პარლამენტად წოდებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრი ღირსეული ადამანი მუშაობდა; ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც მომავლის პერსპექტივა და განცდა არ ჰქონდა.

ისიც ვიცი, რომ თუ არა ზურაბის კომპრომისის ხელოვნება და მოქნილობა, ყოველივე ამას ვერ მივაღწევდით.

ჩვენ ვერ დავარწმუნებდით ხალხს, ვერ შევძლებდით მათი აზროვნების შეცვლას, ვისთან ერთადაც ჩვენ მოგვიწია მოსვლა. მეორე მხრივ საჭირო იყო ვიღაც, ვინც ოპონენტების განეიტრალებასა და ჩვენთვის გზის გახსნას შეძლებდა.

ამიტომ, მიმაჩნია, რომ ზურაბ ჟვანია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მართლაც, გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწე იყო. ამას ყოველგვარი დითირამბებისა და პათეტიკის გარეშე ვამბობ.

ეპოქალური ფიგურები არიან ისინი, ვინც თავის შემდეგ ეპოქალურ კვალს ტოვებს, ვინც თამაშის წესებს ცვლის, ვინც თავის შემდეგ ინსტიტუტებს ტოვებს და არა უბრალოდ კარგ მოგონებებს.

რა თქმა უნდა, ზურაბ ჟვანია იყო ძალიან კარგი ადამიანი, კარგი მეგობარი, ძალზე ნაკითხი და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული კაცი, მას ჰქონდა ყველა ის თვისება, რომელიც ჯერ კიდევ იშვიათია ყველა დონის მმართველ წრეებში; მაგრამ მთავარი, რაც ადამიანის წასვლის შემდეგ რჩება, თუკი ის მართლაც მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, არის თამაშის ახალი წესები, ახალი ინსტიტუტები და ახალი პერსპეტივა, რომელიც უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე.

ყოველივე ეს ზურაბ ჟვანიამ შექმნა. იმას გარდა, რომ მან საკუთარი პოლიტიკური სკოლა და გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც დღემდე ერთიანია და ეს ყოველთვის ასე დარჩება, რადგან ამ ერთიანობის საფუძველი სწორედ ზურაბის მიერ შემოღებული თამაშის წესებია.

პირადად მე, ზურაბ ჟვანიას შესახებ უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო.

ჩემთვის ეს ძალზე მტკივნეული თემაა, მაგრამ, ამავდროულად, არის თემა, რომელიც, ალბათ, უნდა დაიწეროს კიდეც. სხვათა შორის, ჩემს წიგნში ზურაბ ჟვანიას საგანგებოდ მივუძღვენი მთელი თავი, მაშინ ზურა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ მისთვის მესიამოვნებინა, ამას არავინ მთხოვდა.

იქ ლაპარაკია, რომ ზურაბზე განხორციელებული თავდასხმები (პოლიტიკური) მიმართული იყო არა მისი პიროვნების, არამედ მისი ახლებური აზროვნებისა და საქართველოს მომავლის შანსის წინააღმდეგ.

სხვათა შორის, ძალიან მიკვირს, რომ ხალხი, რომელიც მას ყველაზე მეტად ესხმოდა თავს და საჯაროდ ლანძღავდა, ეხლა თავზე ნაცარს იყრის და მის დაკარგვას განიცდის.

ეს ქართული საზოგადოების ძალზე უცნაური თვისებაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ კარგი მეხსიერება გვაქვს და საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს.

გაისად ზურაბ ჟვანიას სახელობის სტიპენდიის შემოღებას ვაპირებთ და ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში მისი როლი გაშუქდეს სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობით – ისე, როგორც ეს რეალობაში იყო, რათა თანამედროვე გმირების დაფასება ვისწავლოთ და მათი ცხოვრების ანალიზი შევძლოთ.

მსურს მივესალმო ზურაბის აქ მყოფ მეგობრებს, რომლებიც ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს წარმოადგენე