სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქი მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, აღმოსავლეთით ყაზბეგსა და დუშეთს, სამხრეთით - კასპს, გორს, ქარელსა და ხაშურს, დასავლეთით - საჩხერესა და ონის რაიონებს.

ფართობი 3,8 ათასი კმ² (საქართველოს ტერიტორიის 5,4 ცენტრი). სამხრეთ ოსეთში 4 ადმინისტრაციული რაიონია: ზნაურის, ახალგორის, ცხინვალისა და ჯავის. ერთი საოლქო დაქვემდებარების ქალაქი (ცხინვალი).

საქართველოში მცხოვრებ ოსთა რაოდენობა 1990 წლამდე 164 ათასი იყო. 2002 წლის აღწერით, დარჩა 38 ათასი (სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის მონაცენების გამოკლებით).

ოსური ენა განეკუთვნება ინდოევროპული ენების ჩრდილო ირანულ ჯგუფს. ოსურ სალიტერატურო ენას აქვს ორი დიალექტი: ირონული და დიგორული. ოსები ანთროპოლოგიურად ტიპური კავკასიელები არიან.

ოსები ძირითადად სახლობენ საქართველოში სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე (ასევე საქართველოს სხვადასხვა რაიონებში), რუსეთის ფედერაციაში (ჩრდილოეთ ოსეთი), ასევე სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში.რელიგია. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ოსი ხალხის ნაწილი ქრისტიანობას მოციქულთა ეპოქაში ეზიარა, I-II საუკუნეებში. სკვითთა ქვეყანაში სახარება პირველმა იქადაგა ანდრია მოციქულმა.

ქრისტიანობა ოსეთში ბიზანტიისა და საქართველოს ზეგავლენით გავრცელდა. X საუკუნეში ქრისტიანობა ოსეთში ოფიციალურ რელიგიად იქცა. XVII-XVIII საუკუნეებში დიგორელი ოსების ერთმა ნაწილმა (ყაბარდოს გავლენით) ისლამი მიიღო. დღეს ოსები ძირითადად ქრისტიანები არიან. მცირე ნაწილი სუნიტი მუსლიმია. ოსებში დღემდე ძლიერად არის შემორჩენილი ძველი ხალხური რწმენა-წარმოდგენები.

საქართველოში ოსთა დამკვიდრებას მეცნიერთა ერთი ნაწილი უძველეს დროს, III-IV ან VI-VII საუკუნეებს, უკავშირებს. ზოგიერთი კი მათ ჩამოსახლებას მონღოლთა შემოსევების (XII-XIV სს) ხანას უკავშირებს. ზოგიერთი რუსი და ქართველი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ოსები საქართველოში XVI-XVII საუკუნეებში დასახლდნენ, თუმცა არის ისტორიული ცნობები საქართველოში მათი უფრო უადრეს სახლობისა.

დამწერლობა. ცნობილია, რომ ოსებს უმდიდრესი ზეპირსიტყვიერების საგანძური შეუქმნიათ. ნართების საუცხოო ლეგენდარული სამყარო, ცარციათების თქმულებები, დარეჯანისძეთა ამბები და სხვა ფოლკლორულ ნიმუშები ოსი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ.

უძველესი წერილობითი წყარო მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი. მდინარე ზელენჩუკის ნაპირას (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) 1888 წელს დ. სტრუკოვმა აღმოაჩინა ზელენჩუკის საფლავის ქვის წარწერა (ბერძნული ასოებით), რომელიც 941 წელსაა შესრულებული.

პირველი თარგმანები შეასრულა იღუმენმა გრიგორმა ქართული ანბანის საფუძველზე 1747-1753 წწ. ეს იყო პირველი ხელნაწერი (საეკლესიო) წიგნები ოსურ ენაზე.

მისიონერმა და განმანათლებელმა, მოზდოკის ეპისკოპოსმა გაი თაყაევმა (გაიოზ რექტორი-1746-1819). პავლე გენცაუროვთან (კესაევთან) ერთად საეკლესიო სლავური ანბანის საფუძველზე შეადგინა ოსური ანბანი. გაიოზის მიერ ქართული ენიდან ოსურ ენაზე თარგმნილი °"დაწყებითი სწავლება ღვთისმეტყველებისა" გამოიცა 1798 წელს და ეს არის პირველი ოსური ნაბეჭდი წიგნი. Aთუმცა არის ცნობა, რომ ოსური წიგნი პირველად 1753 წელს გამოსულა.

შემდეგი ეტაპი ოსური დამწერლობის განვითარებისა ასეთია: 1802 წელს იოანე იალღუზიძემ (გაბარაევი - 1770-1830 წწ) ქართული გრაფიკის საფუძველზე შექმნა ოსური ანბანი. ამ ანბანს იყენებდნენ როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ოსეთში. 1844 წელს ა. შეგრენმა შეადგინა ოსური ენის გრამატიკა რუსული შრიფტის საფუძველზე. 1923 წლიდან ოსები გადავიდნენ ლათინურ შრიფტზე. 1938 წლიდან 1954 წლამდე კვლავ ქართული შრიფტის საფუძველზე შედგენილი ანბანი იხმარებოდა, რაც 1954 წლიდან ისევ რუსულის საფუძველზე შედგენილმა ანბანმა შეცვალა, რომელიც დღემდე გამოიყენება.

საქართველოს კონსტიტუციაში რეგიონის აღსანიშნავად იხმარება ტერმინი - "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" (ზოგიერთ ოფიციალურ დოკუმენტში - "ცხინვალის რეგიონი", ან "ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი)".

სეპარატისტულმა ძალებმა 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სახელწოდებით - "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა". საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ ოლქის სტატუსი გაუქმებულ იქნა (1990 წლის 10 დეკემბერი), ხოლო ტერიტორია გადანაწილდა ახალგორის, გორის, ჯავის, ქარელის, ონისა და საჩხერის რაიონებზე.

1991-1992 წლებში რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო. 1992 წლიდან (სოჭის ხელშეკრულება) რეგიონში განთავსდა მშვიდობისმყოფელთა შერეული ძალები.2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რეგიონის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს რუსეთის საოკუპაციო არმია.

2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რომელსაც 31 ოქტომბერს ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, მ. სააკაშვილმა.