გრიგოლ მგალობლიშვილი

გრიგოლ მგალობლიშვილი 2008 წლის 2 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მან წარმატებით განვლო დიპლომატიური კარიერის ყველა საფეხური, ატაშედან ელჩის წოდებამდე. პროფესიულ საქმიანობას შეუდგა 1995 წ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების, ლათინური ამერიკის და კანადის, დასავლეთ ევროპული ქვეყნების დეპარტამენტებში. იყო ევროპისა და ევრო-ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. 2004 წელს დაინიშნა საქართველოს ელჩად თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2006-2008 წლებში იყო საქართველოს ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

გრიგოლ მგალობლიშვილი დაიბადა 1973 წლის 7 ოქტომბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1992-93 სწავლობდა სტამბოლის (თურქეთი) უნივერსიტეტში. 1998 წ. მიიღო ნატოს თავდაცვის კოლეჯის დიპლომი (რომი). 2002-03 წლებში გაიარა სპეციალიზირებული დიპლომატიური კურსი ოქსფორდის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტში. 2008 წ. გაიარა უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი კურსები ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში (აშშ).

მისი ელჩობის პერიოდი გამოირჩევა განსაკუთრებული წარმატებებით თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოთაშორის ურთთიერთობებში, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ასპარეზზე. მისი მუშაობის შედეგი გახდა თურქეთიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციების შთამბეჭდავი ზრდა, რამაც ათასობით ახალი სამუშაო ადგილი გააჩინა საქართველოში.

აქვს რიგი საგაზეთო და სპეციალიზირებული პუბლიკაციები საქართველო-თურქეთის ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების თემებზე.

გრიგოლ მგალობლიშვილი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.