დანართი N1
ქ. თბილისი 31.01.2014 წელი
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწრების საკითხებზე
მომუშავე დროებითი კომისიის საქმიანობის
საბოლოო ანგარიში

1. შესავალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილი უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების შედეგად მოპოვებული მასალის (სულ: 745 ელექტრონული მატარებელი) შესწავლის, ანალიზისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს №206 დადგენილებით შეიქმნა უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია (შემდგომში - კომისია).
კომისიის შემდგენლობაში შემდეგი პირები შედიოდნენ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შემდეგ ალექსანდრე ჭიკაიძე -კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - კომისიის წევრი;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი - კომისიის წევრი;
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი - კომისიის წევრი;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი - კომისიის წევრი;
გაზეთ „რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში - კომისიის წევრი;
საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი - კომისიის წევრი;
ა(ა)იპ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური - კომისიის წევრი.
კომისიის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციით, სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების შედეგად მოპოვებული მასალის (შემდგომში - მასალა) აღრიცხვა; მათი განადგურების ან/და დაარქივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
კომისიის ამოცანას წარმოადგენდა:
ა) აუდიო, ფოტო და ვიდეომასალის სისტემატიზაცია და ანალიზი;
ბ) სისტემატიზაციის შედეგად გამოვლენილი პირადი ცხოვრების ამსახველი იმ მასალის განადგურების წესის, მეთოდისა და ვადის განსაზღვრა, რომელიც არ შეიცავს ოპერატიულად ღირებულ ინფორმაციას ან არ არის მოპოვებული სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში.
დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის ამავე დადგენილების საფუძველზე, კომისიამ შექმნა სამუშაო ჯგუფი და განსაზღვრა მისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ კომისიის რამდენიმე წევრი, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები. კომისიის 2013 წლის 2 სექტემბრის N1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით, სამუშაო ჯგუფს დაევალა ზემოაღნიშნული მასალის სისტემატიზაცია, ანალიზი და მასალის დახარისხება შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) გასანადგურებელი მასალა, რომელიც არ განეკუთვნება ამ პუნქტით განსაზღვრულ არც ერთ სხვა კატეგორიას;
ბ) სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული/წარმოებული მასალა;
გ) ოპერატიულად ღირებული ინფორმაციის შემცველი მასალა.
კომისიის 2013 წლის 2 სექტემბრის N1 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდა:
ა) კომისიის სამოქმედო გეგმა;
ბ) უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების მასალის განადგურების წესი;
გ) უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების მასალის განადგურების აქტის ფორმა.
კომისიის მუშაობის პროცესში დაისვა სამუშაო ჯგუფის რამდენიმე წევრისთვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობა. ამ შემთხვევაში, კომისიამ იხელმძღვანელა რა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს კომისიის 2013 წლის 2 სექტემბრის N1 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით დაავალა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების საკითხების მოწესრიგება. აღნიშნულის საფუძველზე, მომზადდა და სამუშაო ჯგუფის შესაბამისი წევრების მიერ ხელი მოეწერა სახელმწიფო საიდუმლოების გაუხმაურებლობის და საიდუმლოების დარღვევის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გაფრთხილების დოკუმენტს, რომელსაც იურიდიული ძალა უნარჩუნდება კომისიის საქმიანობის დასრულების შემდეგაც.
კომისიის წევრები ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა აღნიშნული უფლებების დაცვას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრებას. მოცემული პრობლემის მოგვარების და კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიულ სამმართველოსა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს დაევალა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე-159-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციების გამკაცრების მიზნით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი საკანონმდებლო პროექტის მომზადება.

2. არსებული საკანონმდებლო ჩარჩო
საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების, საცხოვრებელი ადგილისა და პირადი საქმიანობის, პირადი ჩანაწერების, მიმოწერის, ტელეფონით და სხვა ტექნიკური საშუალებებით კომუნიკაციის ხელშეუხებლობას. ეს ფუნდამენტური უფლებები აბსოლუტური არაა და შესაძლოა სახელმწიფომ ისინი გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში შეზღუდოს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს დაასაბუთებული უნდა იყოს და ნათლად უნდა ჩანდეს პირადი ცხობრების საიდუმლოების შეზღუდვის აუცილებლობა .
კონსტიტუციით ზემოთხსენებული ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოილოდ სასამართლო გადაწყვეტილებით, ან მის გარეშე, კანონით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობისას. სასამართლო გადაწყვეტილების აუცილებლობა წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები ბოროტად არ გამოიყენებენ მათთვის მინიჭებულ უფლებას. სასამართლო ის უწყებაა, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოამდგენლებმა უნდა დაამტკიცონ პირის პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის აუცილებლობა. სწორედ ეს მექანიზმი იძლევა მოქალაქეთა დაცვის გარანტიებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სასამრთლო ხელისუფლება იყოს დამოუკიდებელი და ყოველ შემთხვევას, რომელიც პირადი ცხოვრების შეზღუდვას გულისხმობს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს.
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ „ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება, რომელიც ზღუდავს კანონით გარანტირებული სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების საიდუმლოებას, დაიშვება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით და პროკურორის დადგენილებით, ან იმ პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც არამართლზომიერ მოქმედებათა მსხვერპლია, ან თუ სახეზეა ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მონაცემები, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წელზე მეტი ვადით.
ბრძანებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე გასცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გამოძიების ადგილის ან განაჩენის გამოტანის ადგილის მიხედვით. შუამდგომლობას მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორის მონაწილეობით (უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით) განიხილავს მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე.
იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან თუ დაყოვნება შეუძლებელს გახდის საქმის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მონაცემების მოპოვებას, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით ოპერატიულ სამძებრო ღონისძიება შესაძლოა მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩატარდეს. ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაწყებიდან 12 საათში მიმართოს შუამდგომლობით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაკანონების მოთხოვნით. სასამართლო ვალდებულია პროკურორის შუამდგომლობა განიხილოს მისი წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში, დახურულ სასამართლო სხდომაზე, რომელშიც პროკურორი მონაწილეობს უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. პროკურორის განმარტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ამოწმებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერებას, ასევე აღნიშნული ღონისძიების ჩატარების გადაუდებელ აუცილებლობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომეტირებელ ცნობებს, არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით ამ პირის წინააღმდეგ. ასეთი ინფორმაცია არ შეიძლება შენახულ იქნეს და უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს მთავარ პროკურორს, აგრეთვე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი უწყების ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს (საჯარო მოსამსახურის) მიერ ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია და გასაცნობად ხელმისაწვდომია კანონით დადგენილი წესით, მხოლოდ ამავე კანონით განსაზღვრული პირებისათვის.

3. საერთაშორისო კონსულტაციები
კომისიამ მუშაობის პერიოდში მოიწვია ბატონი თომას ჰამერბერგი (ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში). ბატონმა ჰამერბერგმა კომისიას გააცნო თავისი მოსაზრებები და წინადადებები, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო კომისიის სამოქმედო გეგმის განსაზღვრას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.

4. I ეტაპზე განხორციელებული სამუშაო
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, სამუშაო ჯგუფის საქმიანობა სტრუქტუირებულ იქნა ორ ეტაპად. პირველი ეტაპისთვის სამუშაო ჯგუფს დაევალა იმ ინფორმაციული მატარებლების იდენტიფიცირება, რომლებიც შეიცავდნენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფის ყველაზე მძიმე შემთხვევებს, კერძოდ ინტიმური სფეროთი დაცულ უფლებაში ჩარევის ფაქტებს. აღნიშნული მიზნით, სამუშაო ჯგუფს დაევალა მასალის განთავსების ადგილზე (შსს) მისვლა, მასალის შერჩევა და იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით მათი ნახვა.
სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ჩატარდა 2013 წლის 3 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (მოდული) - ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N72. სამუშაო ჯგუფის წევრების თანდასწრებით გაიხსნა დალუქული კონტეინერი, რომელშიც განთავსებული იყო უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების მასალა (CD, DVD, Flopy დისკები). კონტეინერში განთავსებული ელექტრონული მატარებლების რაოდენობამ შეადგინა სულ: 108 (ას რვა) ცალი CD დისკი და 2 (ორი) ცალი Flopy დისკი.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა უჩა ნანუაშვილმა, თამარ ქალდანმა და კახაბერ კახიშვილმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპის მიხედვით შეარჩიეს რამდენიმე ერთეული CD დისკი, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრებმა ნახეს იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, სწრაფი გადახვევის რეჟიმში. მასალის გაცნობისას, პიროვნების იდენტიფიკაციის გამორიცხვის მიზნით დამუშავებისათვის მყარ დისკებზე განთავსებული მასალა (მყარი დისკი N1 - Seagate S/N: W2AFCDJA; P/N 1BD142-302; დისკი N2 - Seagate S/N: Z1F1NN-68, P/N: 9YN164-306) განადგურდა CC cleaner კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. ელექტრონული მატარებლების გაცნობის შემდეგ, აღნიშნული მასალა (110 დისკი) მოთავსდა კონტეინერში და დაილუქა: 00273 - წითელი ფერის ლუქით, 23269 და 23272 - ლურჯი ფერის ლუქებით. მოცემული ელექტრონული მატარებლების განადგურება განხორციელდა კომისიის 2013 წლის 2 სექტემბრის N1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის საფუძველზე, 2013 წლის 5 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (მოდული), მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N72, 15:00 საათზე.

5. II ეტაპზე განხორციელებული სამუშაო
სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შემდგომი ეტაპი დაეთმო დარჩენილი 635 ინფორმაციის მატარებლის სისტემატიზაციისა და ანალიზის პროცესს. მასალის შინაარსის შესწავლის, მისი საგამოძიებო თუ ოპერატიული ღირებულების განსაზღვრის და დახარისხების მიზნით, მოწვეულ იქნენ შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს, კონტრტერორისტული ცენტრისა და ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მაღალი კვალიფიკაციისა და სათანადო გამოცდილების მქონე ოპერატიული თანამშრომლები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს მასალის სისტემატიზაციის პროცესში.

6. უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების მასალა
მეორე ეტაპზე დამუშავებული უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების ელექტრონული მატარებლების ტექნიკური საერთო მონაცემები:
- მოცულობა: 258 330 MB;
- ხანგრძლივობა: 94 740 წუთი;
- ფოტომასალის შემცველი ელექტრონული მატარებელი: 120;
- ვიდეომასალის შემცველი ელექტრონული მატარებელი: 261;
- აუდიომასალის შემცველი ელექტრონული მატარებელი: 11;
- დოკუმენტაციის შემცველი ელექტრონული მატარებელი: 11;
- დანარჩენი ელექტრონული მატარებლები შეიცავდნენ როგორც ფოტო, ასევე აუდიო/ვიდეოდოკუმენტაციას;
- აღნიშნული 635 ელექტრონული მატარებლიდან 2 შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას (ინტიმური სცენები);
- დაზიანებული იყო 18 ელექტრონული მატარებელი;
- ფაილების საერთო რაოდენობამ შეადგინა 28 687 ერთეული.

7. უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების განხორციელების მეთოდები
აღმოჩენილი მასალის დახარისხების შედეგად აღმოჩნდა, რომ მასში ასახული მონაცემების მოპოვება ხორციელდებოდა შემდეგი გზით:
აგენტის ჩანერგვა - სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოიყენებოდა ოპერატიული თანამშრომელი, რომელსაც უმაგრებდნენ ჩამწერ აპარატურას. სპეციალური ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი პირი უზურნველყოფდა სამიზნე ჯგუფის თუ პიროვნების უკანონოდ ჩაწერას.
კომპიუტერებში სათანადო ვირუსების ჩანერგვის მზით მასალების მოპოვება- სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიერ სავარაუდოდ ხდებოდა სპეციალური კომპიუტერული ვირუსული პროგრამების შექმნა, რომლებიც ინტერნეტ კავშირის მეშვეობით დისტანციურად ინერგებოდა კონკრეტული პირის ან ორგანიზაციის კომპიუტერულ მოწყობილობებში. შესაბამისად შედგომ მათზე ხორციელდებოდა ვიდეო, მიმოწერისა თუ სხვა სახის თვალთვალი და კონტროლი.
გამოიყენებოდა თვალთვალისა და მიყურადების სხვა ტექნიკური მეთოდები.

8. უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების განხორციელების ადგილი
უკანონო თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდა სხვადასხვა ადგილსა და გარემოებაში, მათ შორის:
• პოლიტიკური პარტიების ოფისებში;
• სახელმწიფო დაწესებულებებში;
• სასტუმრო ოთახებში;
• საპატიმრო დაწესებულებებში;
• ტრანსპორტში;
• საჯარო თავშეყრის ადგილებში;
• საცხოვრებელ სახლებში;
• გასართობ ადგილებში;
• და სხვ.

9. მასალის ანალიზი და შეფასება
სისტემატიზაციის პროცესის შედეგად გამოვლინდა, რომ ელექტრონულ მატარებლებზე განთავსებული აუდიო/ვიდეო და ფოტომასალა შეეხებოდა:
• ყოფილი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ პარტიებს, მათი პარტიული აქტივისა და ხელმძღვანელი თანამდებობის პირებს, აგრეთვე მათი შეხვედრის ადგილებს, ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებს;
• განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს;
• საპატიმრო დაწესებულებებში მოთავსებულ პირებს;
• კულტურის სფეროს წარმომადგენლებს;
• სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლებს/საჯარო მოხელეებს;
• სხვადასხვა სახის გასართობი დაწესებულების მომხმარებლებს;
• ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს;
• და სხვ.
აღნიშნული მასალის ანალიზი ცხადყოფს, რომ მონაცემების მოპოვება არ მიმდინარეობდა რაიმე კონკრეტული კანონიერი მიზნისათვის მოპოვებული იყო დროის სხვადასხვა მონაკვეთში (ძირითადად, 2003-2012 წლებში) და მიზნად ისახავდა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების გეგმების, მიზნების, პოლიტიკური კავშირების იდენტიფიცირებასა და კონტროლს, აგრეთვე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მაკომპრომეტირებელი მასალების შეგროვებას. მასალის ანალიზიდან ასევე დგინდება, რომ მისი მოპოვება სულ უფრო ინტენსიურ და მასშტაბურ ხასიათს იძენდა, საჭიროებდა განუზომლად დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსის მობილიზებას, რაც ცალსახად მიგვანიშნებს კარგად ორგანიზებული და სახელისუფლებო დონეზე ინსტიტუციონალიზებული სისტემური დანაშაულის ნიშნების არსებობაზე.

10. დასკვნა
კომისიამ ვერ მოიძია ვერ ცერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა აღმოჩენილი ვიდეო, აუდიო და ფოტომასალის მოპოვების კანონიერებას. როგორც ჩანს, უმეტეს შემთხვევებში მონაცემების მოპოვება ხორციელდებოდა კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით, რაც ატარებდა ფართომასშტაბიან ხასიათს და წარმოადგენდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევის კლასიკურ მაგალითს. ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად მიგვანიშნებს კარგად ორგანიზებული და სახელისუფლებო დონეზე ინსტიტუციონალიზებული სისტემური დანაშაულის ნიშნების არსებობაზე. შესაბამისად, ჩნდება კანონიერების დაცვისა და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა, რაც საჭიროებს კვალიფიციური და სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას. კომისიას მიაჩნია, რომ პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევის არც ერთი შემთხვევა არ უნდა დარჩეს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე, რადგანაც მომავალში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხარისხის ამაღლება დამოკიდებული იქნება სწორედ აღნიშნული უფლებების დარღვევის რეაგირების შედეგებზე. ამ კუთხით უნდა გადაისინჯოს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის მარეგულირებელი კანონმდებლობა და გამკაცრდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. კომისიის საქმიანობის ფარგლებში მომზადდა საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებთან შეჯერებული კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით განსახილველად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

11. კანონპროექტის მოკლე აღწერილობა
კანონპროექტი მომზადდა საერთაშორისო გამოცდილების, კერძოდ, გერმანიის კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე. კანონპროექტის ერთ-ერთ უმთავრეს ნოვაციას წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის პასუხისმგებლობის გამკაცრება.
მნიშვნელოვანი სიახლეა 157-ე მუხლის დისპოზიციაში „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის" და „პერსონალური მონაცემების" გათვალისწინება. 157-ე მუხლის შემოთავაზებული ფორმულირება ხსენებული მუხლის არეალს აფართოებს და შესაძლებლობას იძლევა, პასუხისმგებლობის მიღმა არ დარჩეს პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფასთან დაკავშირებული სხვა ქმედებებიც, რომლებსაც არ მოიცავს მუხლის მოქმედი რედაქცია.
გარდა ამისა, 158-ე მუხლში სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად განისაზღვრება „კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა მათი უკანონოდ გამოყენების, გავრცელების ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის მიზნით", რასაც მითითებული მუხლის არსებული რედაქცია არ ითვალისწინებს.
159-ე მუხლში, გერმანიის კანონმდებლობის მსგავსად დაკონკრეტებულია, თუ რას შეიძლება ითვალისწინებდეს „პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა" და ჩამოთვლილია შესაბამისი კონკრეტული ქმედებები, როგორიცაა, მაგალითად, „შინაარსის გაცნობა", „გამოყენება", „გავრცელება" და სხვ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გათვალისწინებულ იქნა ასევე გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის მიდგომა, რომელიც ამ კოდექსის 202-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - „მიმოწერის საიდუმლოს ხელყოფის" დისპოზიციაში კონკრეტულად ჩამოთვლის შესაბამის ქმედებებს, როგორიცაა, მაგალითად, „დალუქული წერილის გახსნა", „ასეთი დოკუმენტის შინაარსის გაცნობა".

12. კომისიის გადაწყვეტილებები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღმოჩენილი მასალის ანალიზისა და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე კომისიამ მიიღო შემდეგი სახის გადაწყვეტილებები:
ა) უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების მასალა, რომელიც შეიცავდა ინტიმური ცხოვრების ამსახველ სცენებს, იყო დაზიანებული ან შეეხებოდა არაიდენტიფიცირებად პირებს, სულ: 45 ელექტრონული მატარებელი დაექვემდებარა განადგურებას;
ბ) უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების დარჩენილი მასალა, სულ: 590 ელექტრონული მატარებელი, გამოძიების მიზნით გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში;
გ) მოწონებულ იქნა პირადი ცხოვრების პატივისცემისა და ხელშეუხებლობის დაცვის მიზნით შემუშავებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი.

13. რეკომენდაციები
● მნიშვნელოვანია შესაბამისმა ორგანოებმა შესაძლო უკანონო ქმედებაში ჩართული პირების გამოვლენის მიზნით სათანადოდ და დროულად ჩაატარონ გამოძიება;
● მომავალში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და პირადი ცხოვრების უკანონო შეზუდვის პრევენციის მიზნით აუცილებელია ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება და კანონმდებლობის ნორმათა იმგვარად ფორმულირება, რომელიც შესაძლებელს გახდის ბალანსის შენარჩუნებას, ერთი მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპსა და მეორე მხრივ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ინტერესების დაცვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების, სხვა პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვის ან/და დანაშაულის პრევენციის ლეგიტიმურ მიზანს შორის;
● ნიშვნელოვანია, დაიხვეწოს შიდა და გარე კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას უზრუნველყოფენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცულობის სათანადო ხარისხს საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნებისა და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რათა შეიზღუდოს ხელისუფლების შესაძლებლობა, ბოროტად გამოიყენოს პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის უფლება.