საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N888

შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში და ქუთაისში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ


რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული იმ მოსახლეობის, რომელთა განთავსება მიმდინარეობს შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში და ქუთაისში, ინდივიდუალური გამრიცხველიანების უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მისთვის საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს 812 588,67 (რვაას თორმეტი ათას ხუთას ოთხმოცდარვა ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარის გამოყოფა.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთან" ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში და ქუთაისში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების განსახორციელებლად.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების შესაბამისად შექმნილი ქონების განკარგვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერატიულ-ფინანსურ გეგმასა და კვარტალურ განწერაში.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური