საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N238

საქართველოს მთავრობის დადგენილება N238
20 დეკემბერი, 2006

საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფისათვის საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდარღვევის სუბიექტის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს ,,საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფისათვის საბაჟო სამართალ­დარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდარღვევის სუბიექტის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის შესახებ" თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი


დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2006 წლის 20 დეკემბრის
N238 დადგენილებით

დებულება
საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფისათვის საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდარღვევის სუბიექტის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფისათვის საბაჟო სამართალ­დარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდარღვევის სუბიექტის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელ უზრუნველყოფის ღონისძიებებს და მათი განხორციელების წესს.
2. ამ დებულებით განსაზღვრული ღონისძიებები ხორციელდება საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და მიზნად ისახავს საბაჟო სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველყოფას.
3. ამ დებულებით განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ:
ა) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისათვის უფლებამოსილი პირები, საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც საბაჟო სამართალდარღვევის სუბიექტს მხოლოდ ოქმის საფუძველზე, ადგილზე შეეფარდება სანქცია);
ბ) საბაჟო სამართალდარღევის საქმის განხილვასა და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილი პირები.
4. უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც თან დაერთვის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს ან საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას (საბაჟო შეტყობინებას).
5. სანქციის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შეწყდება, თუ სამართალდარღვევის სუბიექტი ნებაყოფლობით აღასრულებს საბაჟო სანქციას ან თუ მის მიმართ საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად გამოყენებულ იქნება საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

მუხლი 2. სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღო-ნისძიებები და მათი გამოყენება
1. საბაჟო სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:
ა) სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა;
ბ) უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევა საბაჟო სამართალდამრღვევის კუთვნილ, ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ქონებაზე;
გ) გარანტიის მიღება.
2. სანქციის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გათვალისწინებით შეცვალოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სხვა ღონისძიებით ან დამატებით გამოიყენოს ახალი ღონისძიება, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდარღვევის სუბიექტს.

მუხლი 3. სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა
1. სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სანქციის უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება არის სამართალდარღვევის სუბიექტის ქონება ან/და სამართალდარღვევის ობიექტი.
2. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ახორციელებენ ჩამორთმევის ოქმის შედგენის გზით:
ა) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისათვის უფლებამოსილი პირები;
ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომლებსაც შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს საბაჟო ორგანოს უფროსი ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა აღსასრულებლად.
3. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევისას უფლებამოსილი თანამდებობის პირი მოვალეა წარადგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები (საბაჟო ორგანოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა). საჭირო შემთხვევაში საბაჟო ორგანოს ულებამოსილ თანამდებობის პირს შეუძლია მოითხოვოს პოლიციის დასწრება პროდუქციის ჩამორთმევის პროცედურის მომენტში.
4. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა წარმოებს დამსწრეთა (მოწმეთა) და იმ პირთა თანდასწრებით, ვისგანაც წარმოებს ამოღება. ჩამოსართმევი საგნები წარედგინება დამსწრეებს და სხვა იქ მყოფ პირებს და აღინიშნება ჩამორთმევის ოქმში ან მასზე დართულ განსაკუთრებულ სიაში მათი დასახელების, რაოდენობის, მოცულობისა და განსაკუთრებული ნიშნების აღნიშვნით. ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საჭირო შემთხვევაში შეიძლება დაილუქოს ამოღების ადგილზე ან/და განხორციელდეს მათი ნიშანდება საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებით.
5. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დალუქვა შემდგომში ამოღების მიზნით დაუშვებელია.
6. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმში უნდა აღინიშნოს: ოქმის შედგენის დრო და ადგილი; ოქმის შემდგენი უფლებამოსილი თანამდებობის პირის და აგრეთვე ოქმის შედგენისას დამსწრე პირების დასახელება; ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დასახელება მისი სახეობისა (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) და რაოდენობის ჩვენებით; გამოყენებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები; საბაჟო საწყობის ან იმ პირის დასახელება, ვისაც საქონელი გადაეცა შესანახად, და აგრეთვე ის, რომ საქონლის შემნახველს განემარტა მისი მოვალეობანი საქონლის შენახვისათვის და პასუხისმგებლობა შესანახად გადაცემული ქონების გაფლანგვის, გასხვისებისა და გადამალვისათვის. საქონლის ჩამორთმევის ოქმს ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირები, ქონების შემნახველი და მის შედგენაზე დამსწრე სხვა პირები. ოქმის ერთი ეგზემპლარი ჩაბარდება სამართალდამრღვევ პირს, ვისაც ჩამოერთვა საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ოქმის მეორე ეგზემპლარი თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან საბაჟო შეტყობინებას.
7. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ­დარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად უკვე ჩამორთმეულია საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად, სანქციის უზრუნველყოფა ხორციელდება აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ გადაწყვეტილების გაფორმებით.
8. ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვა ხდება საბაჟო ორგანოს მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობებში, ხოლო დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვვაში დასაშვებია მისი სხვა პირისათვის შესანახად მიბარება. სხვა პირთან შენახვისას იგი იღებს გასამრჯელოს დადგენილი წესის შესაბამისად. გარდა ამისა, შემნახველს აუნაზღაურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯები. ოქმის შემდგენი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია განუმარტოს შემნახველს, რომ შესანახად გადაცემული პროდუქციის გაფლანგვის, გასხვისების ან გადამალვის შემთხვევაში მას დაეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვა ხორციელდება სანამ:
ა) საბაჟო სამართალდარღვევის სუბიექტი ნებაყოფლობით აღასრულებს საბაჟო სანქციას ან,
ბ) მის მიმართ საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად გამოყენებულ იქნება საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ან,
გ) ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ნაცვლად, უზრუნველყოფის ღონიძიების სახით, სამართალდამრღვევის მიერ წარმოდგენილი იქნება გარანტია ან,
დ) საქმის განხილვის შედეგების მიხედვით:
დ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას მოახდენენ ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციას ან დაუბრუნებენ მფლობელს;
დ.ბ) სასყიდლით ჩამორთმევის შემთხვევაში მოახდენენ რეალიზაციას.

მუხლი 4. უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევა საბაჟო სამართალდამრღვევის კუთვნილ სხვა ქონებაზე
1. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო სანქციის უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიების გამოყენება შეუძლებელია და არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სანქციის აღსრულებას, აგრეთვე სხვა ღონისძიებებზე დამატებით, შესაძლებელია განხორციელდეს სამართალდარღვევის სუბიექტის კუთვნილი, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ამოღება და შესანახად გადაცემა.
2. თუ არსებობს სამართალდარღვევის სუბიექტის მიერ სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტზე თანხის შეტანის სახით საბაჟო ორგანოში წარდგენილი გარანტია ან აღნიშნულ პირს საბაჟო ორგანოში ერიცხება ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხა, შესაძლებელია სანქციის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ იქნეს აღნიშნული თანხების უკან დაბრუნების პროცედურების შეჩერება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ამოღება და შესანახად გადაცემა ხორციელდება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის შედგენით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შეჩერება განხორციელდება საქნციის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებითა და საბაჟო ორგანოებისათვის, აგრეთვე საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფულადი დეპოზიტის შენახვის განმახორციელებელი პირებისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით.

მუხლი 5. გარანტიის მიღება
1. საბაჟო სამართალდამრღვევის თხოვნით, საბაჟო სანქციის უზრუნველსაყოფად ამ დებულების მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების ნაცვლად შესაძლებელია სამართალ­დამრღვევის მიერ გარანტიის (საბანკო გარანტიის, ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისის ან სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტის შეტანის თაობაზე ცნობის) წარდგენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენის შემთხვევაში სამართალდარღვევის სუბიექტს ეძლევა შესაბამის საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების უფლება.
4. საბაჟო სანქციის უზრუნველსაყოფად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენა არ იწვევს სამართალდარღვევის სუბიექტის გათავისუფლებას სხვა საბაჟო ვალდებულებებისაგან ან/და შესაბამისი გარანტიების წარდგენის ვალდებულებისაგან.