საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N239

საქართველოს მთავრობის დადგენილება N239
20 დეკემბერი, 2006

გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ".

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი


დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2006 წლის 20 დეკემბრის
239 დადგენილებით

ინსტრუქცია
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
,,გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ" ინსტრუქცია ადგენს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავებისას გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში - დეკლარაცია) წარდგენის შემთხვევებსა და მისი შევსების წესებს.

მუხლი 2. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:
ა) დეკლარანტი - პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით, ან პირი, რომლის სახელი­თაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება;
ბ) სასაქონლო პარტია - ერთი ან რამდენიმე დასახე­ლების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ, ერთი მიმღების მისამართით, ერთი ხელშეკრულების თანახმად, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო დამუ­შავების ოპერაციებისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუა­ლებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუ­მენტების რაოდენობისა;
გ) საბაჟო პროცედურების გამარტივება - საბაჟო კონ­ტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საბაჟო პრო­ცედურის დიფერენცირებულად განხორციელება ამ ინსტრუქ­ციით მითითებულ შემთხვევებში, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების გზით;
დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია - საბაჟო პრო­ცე­­დურების გამარტივების მიზნით განსაზღვრული საქონ­ლის დეკლარირების დროს გამოყენებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, რომელიც გამოიყენება ამ ინსტრუქციით დადგე­ნილ შემთხვევებში და მისი სახეები განისაზღვრება ამ ინსტრუქციით განსაზღვრული შემთხვევების გათვალისწი­ნებით;
ე) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგა­ნოში წარდგენის შემთხვევები - ამ ინსტრუქციით დადგე­ნილი გარემოებები, რომელთა დროსაც წარმოიშობა გამარტი­ვებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება.

მუხლი 3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების მიზანი
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენების მიზანია საქონელბრუნვის ზრდა, საბაჟო დამუშავების ოპერა­ციების განხორციელებისათვის დახარჯული დროის შემცი­რება, წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობის შემცი­რება და ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგებზე სწრაფი რეაგირება.

მუხლი 4. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში წარდგენის შემთხვევები:
1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია საბაჟო ორგა­ნოში შეიძლება წარდგენილ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ავარიისა და დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, ხანძარი და სხვ.) შედეგების ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული ჰუმანიტარული ხასიათის მქონე საქონ­ლის შემოტანის დროს;
ბ) საგანგებო სიტუაციებში, ავარიებისა და წვრთნისას შესაბამისი ტექნიკის დროებითი შემოტანის დროს.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის თითოეული შემთხვევის არსებობისას დეკლარაციის წარდგენა ხდება მხოლოდ საბაჟო ორგანოს თანხმობით.
3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება აქციზურ საქონელზე.

მუხლი 5. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე თანხმობის მიღების შესახებ წერილობითი განცხადება
1. დეკლარანტს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში დადგენილი ერთ-ერთი შემთხვევის დროს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე თანხმობის მიღების შესახებ წერილობითი განცხადება შეაქვს საბაჟო ორგანოში. წერილობითი განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებელი საქონლისა და ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული შემთხვევის შესახებ.
2. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

მუხლი 6. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენაზე საბაჟო ორგანოს მიერ თანხმობის გაცემა
ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო დეკლარანტის წერილობით განცხადებას განიხილავს და წერილობით თანხმობას იძლევა განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.

მუხლი 7. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენის წესები
გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ფორმა და წარდგენის წესები იგივეა, რაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შემთხვევაში.

მუხლი 8. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები
1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეები განი­საზღვრება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტების შესაბამისად.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ერთიანი ფორმა გამოიყენება ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებულ ყველა შემთხვევაში, საქონლის სახეობისა და საქონლის გადა­მაადგილებელი პირის მიუხედავად.

მუხლი 9. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების წესი
1. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი.
2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით.
3. ერთი გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ივსება მხოლოდ ერთ სასაქონლო პარტიაზე.

მუხლი 10. დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. დეკლარანტი გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსებისას ავსებს: A, 1, 2, 8, 14, 15, 15-ა, 17, 17-ა, 18, 19, 21, 29, 31, 44, 47, 49, 54 გრაფებს.
2. გრაფა A - აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის" (შემდგომში - კლასიფიკატორი) შესაბამი­სად, რომელიც იღებს დეკლარაციას.
3. გრაფა 1. ,,დეკლარაცია" - პირველ განყოფილებაში ჩაიწერება საბაჟო რეჟიმის დასახელება, მეორეში აღინიშნება მისი კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
4. გრაფა 2. ,,ექსპორტიორი" - აღინიშნება საქონლის გამომგზავნის რეკვიზიტები - იურიდიული პირის ან მისი სტრუქ­ტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვვაში - სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.
5. გრაფა 8. ,,იმპორტიორი" - აღინიშნება საქონლის მიმღების რეკვიზიტები. თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი; თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, ხოლო ფიზიკური პირი-არარეზიდენტის შემთხვევაში, აგრეთვე გრაფის ზედა ნაწილში ,,N" ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღები ფიზიკური პირი-არარეზიდენტის ცხრანიშნა საიდენტი­ფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექ­ციის მიერ. გრაფის ზედა ნაწილში ,,N" ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღების ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექ­ციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირისათვის საგადასახადო ინსპექციის მიერ არ არის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მაშინ ,,N" ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი შემდეგი სქემით - XXYYYYYYY - სადაც XX არის მოქალაქის პირადობის მოწმობის სერიის შესაბამისი რიგითი ნომერი ქართულ ანბანში, ხოლო YYYYYYY - პირადობის მოწმობის შვიდნიშნა ნომერი. მაგალითად, თუ პირადობის მოწმობაში არის Nგ0251194, მაშინ ,,N" ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი - 030251194.
6. გრაფა 14. ,,დეკლარანტი/წარმომადგენელი" - აღინიშ­ნება დეკლარანტის სრული დასახელება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში ,,N" ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს ,,იხ. გრაფა 8".
7. გრაფა 15. ,,გამომგზავნი ქვეყანა" - აღინიშნება საქონ­ლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფი­კატორის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძ­ველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო რეჟიმის შეცვლის დროს საქონლის დეკლარირებისას გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრები დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა.
8. გრაფა 15-ა. ,,გამომგზავნი ქვეყნის კოდი" - აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფი­კატორის შესაბამისად.
9. გრაფა 16. ,,წარმოშობის ქვეყანა" - აღინიშნება საქონ­ლის წარმოშობის ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფი­კატორის შესაბამისად. თუ შეუძლებელია საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა, გრაფაში ჩაიწერება - ,,უცნობია".
10. გრაფა 17. ,,დანიშნულების ქვეყანა" - აღინიშნება დანიშ­ნულების ქვეყნის მოკლე დახასიათება კლასიფიკატორის შესაბამისად.
11. გრაფა 17-ა. ,,დანიშნულების ქვეყნის კოდი" - აღინიშ­ნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფი­კატორის შესაბამისად.
12. გრაფა 18. ,,სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე" - მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრან­სპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი, სარკინიგზო ვაგონის ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად. გრაფის სრულ­ყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში კეთდება მითითება ,,იხილეთ უკანა გვერდზე", სადაც აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.
13. გრაფა 19. ,,კონტეინერი" - გრაფაში აღინიშნება:
ა) თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით - 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება დეკლარაციის 31-ე გრაფაში;
ბ) თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით - 0.
14. გრაფა 21. ,,სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე" - მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუა­ლებათა მონაცემები, რომლებითაც საქონელი მიწოდე­ბულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო-სატრან­სპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის შესაბამისად.
15. გრაფა 29. ,,საბაჟო გამშვები პუნქტი" - აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს კოდი და დასახელება, საიდანაც შემოვიდა საქონელი საქართველოში კლასიფიკატორის შესაბამისად.
16. გრაფა 31. ,,საქონლის აღწერა და რაოდენობა" - აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები მათ შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. თითო­ეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგილების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ერთი სატვირთო ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოების, მარკირების შესახებ მონაცემები; კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდე­ნობა და წილადის ხაზის შემდეგ - მათი ნომრები. თუ საქო­ნელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება - ,,ნაწილი". აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებლები.
17. გრაფა 44. ,,დამატებითი ინფორმაცია" - აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტაციის დასახელება და ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კლასიფიკატორის შესაბამისად.
18. გრაფა 47. ,,გადასახდელების გამოთვლა" - საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს საბაჟო გადასახ­დელების სახეობების მიხედვით დეკლარაციის ძირითად და დამატებით ფურცლებზე გაცხადებულ საქონელზე ცალ-ცალკე:
ა) გრაფის პირველ სვეტში - ,,სახე" - ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 4-ის შესა­ბამისად;
ბ) გრაფის მეორე სვეტში - ,,დასაბეგრი ბაზა" - ჩაიწე­რება საბაჟო გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) გრაფის მესამე სვეტში - ,,განაკვეთი" - აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი;
დ) გრაფის მეოთხე სვეტში - ,,თანხა" - აღინიშნება გამო­ან­გარიშებული გადასახდელების თანხა;
ე) გრაფის ქვედა ნაწილში ,,ჯამის" გასწვრივ აღინიშნება მეოთხე სვეტში - ,,თანხა" - გამოანგარიშებული გადასახ­დელების თანხების ჯამი.
19. გრაფა 49. ,,საწყობის დასახელება" - ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დამუშავების ოპერაციებამდე საქონელი იყო საბაჟო საწყობის რეჟიმში ან დრო­ებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის საბაჟო-საიდენტიფიკაციო კოდი.
20. გრაფა 54. ,,ადგილი და თარიღი, დეკლარანტი" - გრაფაში მიეთითება გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი. დეკლარაციის მე-14 გრაფაში აღნიშნული პირი ბეჭდის დასმით (არსებობის შემთხვევაში) ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.

მუხლი 11. საბაჟო ორგანოს მიერ გრაფების შევსების წესი
1. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ავსებს B და A გრაფების მეორე აბზაცს (სადაც უნდა მიეთითოს გამარ­ტივებული საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი), B გრაფის პუნქტებს შეფასების ნომრისა და გარანტიის პუნქტების გარდა და D გრაფას.
2. A გრაფის მეორე აბზაცში საბაჟო ორგანო აღნიშნავს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს. ნომერი მოწმდება საბაჟო სტატისტიკის სამსახურის მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.
3. B გრაფა. ,,გადახდის სახე" - აღინიშნება შეფასების ნომერი და გადახდის ქვითრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და მათი მინიჭების თარიღები.
4. D გრაფა. - ისმება საბაჟო კონტროლის განხორ­ციელების დამადასტურებელი საბაჟო ორგანოს დამღა ,,გაშვება ნებადართულია", ან ,,გაშვება აკრძალულია". დამ­ღაში მითითებულ ადგილზე საბაჟო ორგანოს პასუხის­მგებელი მოხელე ხელს აწერს და მიუთითებს საბაჟო დამუშავების თარიღს. დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე ან არგაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულე­ბული უნდა იყოს გარ­კვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.