საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N240

საქართველოს მთავრობის დადგენილება N240
20 დეკემბერი, 2006

საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-131 მუხლისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 33-ე და 34-ე პუნქტების შესაბამისად დამტკიცდეს ,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ" ინსტრუქცია დანართებთან ერთად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ოქტომბრის N187 დადგენილება ,,ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე".

3. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი


დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2006 წლის 20 დეკემბრის
N240 დადგენილებით

ინსტრუქცია
საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1.
1. ,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ" ინსტრუქცია (შემდგომში - ინსტრუქცია) შემუშავებულია ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების თანახმად.
2. ინსტრუქცია არ ვრცელდება ინსტრუქციით განსაზღვრულ საქმიანობაზე, თუ მას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანო.

მუხლი 2.
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქონელი - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, კერძოდ, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი;
ბ) სატრანსპორტო საშუალება - საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზები, მილსადენი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისათვის ან/და საქონლის გადაზიდვისათვის;
გ) ნებართვა - ამ მუხლის ,,ი", ,,კ", ,,ლ", ,,მ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის თითოეულ სახეობაზე კანონით განსაზღვრული ვადით მოქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას;
დ) სანებართვო მოწმობა - ნებართვის ფლობის დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმა;
ე) ნებართვის მაძიებელი - ნებართვის მიღების მსურველი პირი;
ვ) ნებართვის მფლობელი - პირი, რომელსაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული მოქმედება;
ზ) პირი - საქართველოს საწარმო ან მეწარმე ფიზიკური პირი;
თ) სანებართვო პირობები - საქართველოს საბაჟო კოდექსით, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ან/და ნებართვით განსაზღვრული მოქმედების განხორციელებისას;
ი) დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა - საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შესანახად;
კ) ღია საბაჟო საწყობის საქმიანობა - საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის შესანახად;
ლ) დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა - საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ნებართვის მფლობელის ან მხოლოდ ერთი პირის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრამდე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით დასაწყობებისათვის;
მ) დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობა - საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ნებისმიერი პირის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრამდე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით დასაწყობებისათვის;
ნ) საწყობი - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ინსტრუქციით დადგენილი სანებართვო პირობების შესაბამისად, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნისაგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ან ხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული და უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სახის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) ერთი შესასვლელი ან/და ერთი გასასვლელი;
ო) სათავსი - შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია შენახვის ჩვეულებრივი ან/და სპეციფიკური პირობების შესაბამისად საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესანახად;
პ) შენობა-ნაგებობა - სათავსი, სასაწყობე მეურნეობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, დაცვის დანიშნულების შენობა-ნაგებობა, საწარმო ოპერაციებისათვის, საწარმოო ოპერაციების აღრიცხვისათვის აუცილებელი აღნიშნული მოთხოვნიდან დგინდება შემდეგი სახის გამონაკლისი: დახურული საბაჟო საწყობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის მიზნებისათვის, შენობა-ნაგებობას წარმოადგენს აგრეთვე შენობა-ნაგებობის ერთიანი და იზოლირებული ნაწილი (სართული ან შენობა-ნაგებობის ერთი, დამოუკიდებელი შესასვლელის მქონე ნაწილი), რომელსაც უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი, განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სახის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) ერთი შესასვლელი ან/და ერთი გასასვლელი;
ჟ) ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები - წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ინსტრუქციით განსაზღვრული ნებართვის მფლობელი (მაძიებელი).

მუხლი 3.
1. ნებართა გაიცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში - საბაჟო დეპარტამენტი) მიერ.
2. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებელ ნებისმიერ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. საწყობის ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას.

მუხლი 4.
1. ნებართვა გაიცემა დებულების მე-2 მუხლის ,,ი", ,,კ", ,,ლ", ,,მ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობისათვის, ერთი საწყობისათვის:
ა) ერთსა და იმავე საწყობის ტერიტორიაზე ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს აქვს უფლება განახორციელოს დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობა (ან პირიქით), აგრეთვე დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს აქვს უფლება განახორციელოს დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა (ან პირიქით), იმ შემთხვევაში თუ ნებართვის მფლობელი:
ა.ა) გამოაცალკევებს და შემოსაზღვრავს საწყობის ტერიტორიაზე არსებულ ღია მოედნის ან/და სათავსის ფარგლებში, საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საბაჟო კონტროლით დროებით დასაწყობებისათვის განკუთვნილ ტერიტორიას, ან/და გამოაცალკევებს სათავსს. ამასთან, ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის გამოცალკევება და შემოსაზღვრა არ გულისხმობს კაპიტალური მასალით ტერიტორიის შემოღობვას. შემოსაზღვრა არ არის სავალდებულო, როცა გამოცალკევებული ფართობი წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე სახის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) ერთი შესასვლელის ან/და ერთი გასასვლელის მქონე იზოლირებულ სათავსს;
ა.ბ) საბაჟო დეპარტამენტს წარუდგენს წერილობით განცხადებას, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს და შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილ სიტუაციურ გეგმა-ნახაზს, სადაც აისახება აღნიშნული ტერიტორიის საზღვრები, სათავსი, რომელსაც ნებართვის მფლობელის მიერ მინიჭებული აქვს შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) საბაჟო დეპარტამენტი ამ პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი რეგისტრაციის დღიდან 3 დღეში და ვალდებულია განცხადების (თანდართულ) მასალებში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს განმცხადებელს 2 დღეში, რომელიც აითვლება განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან. განცხადების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან 2 დღეში საბაჟო დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მიხედვით და აცნობებს სათანადო ტერიტორიულ ორგანოს და ნებართვის მფლობელს ნებართვის მფლობელის მიერ მითითებული ტერიტორიის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შესახებ და უგზავნის სიტუაციურ გეგმა-ნახაზს;
გ) საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოში ამ პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო დღეს (მიუხედავად იმისა, უქმე თუ დასვენების დღეა) ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია საწყობის პერიმეტრზე სიტუაციურ გეგმა-ნახაზში მითითებული ტერიტორიის, სათავსის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა;
დ) ნებართვის მოქმედების ვადაში ამ პუნქტის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით საქმიანობის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევაა და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად განსაზღვრული ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შეადგენს 3 წელს.
3. დაუშვებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის.
4. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობისათვის დაშვებულია მხოლოდ დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობა.

თავი II. ნებართვის გაცემის წესი, სანებართვო პირობები, ტექნკიური და უსაფრთხოების მოთხოვნები

მუხლი 5.
1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად საბაჟო დეპარტამენტს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. განცხადებას უნდა ერთვოდეს საქართველოს საწარმოს ან მეწარმე ფიზიკური პირისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები. იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
3. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად განცხადებას ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ასევე დამატებით უნდა ერთვოდეს სანებართვო პირობებისა და ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დამადასტურებელი შემდეგი ინფორმაცია:
ა) საწყობის საქმიანობის საგარანტიო უზრუნველსაყოფად - საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის საბაჟო დეპარტამენტისათვის მისაღები საბაჟო გარანტია; ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის საწყობის ნებართვის მისაღებად, სასაწყობო სიმძლავრის შესაბამისი მთლიანი მოცულობის საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში - გადასახდელი თანხის საბაჟო დეპარტამენტისათვის მისაღები საბაჟო გარანტია;
ბ) შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, ღია მოედნის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხოლოდ ღია მოედნისაგან, ან ღია მოედნისა და შენობა-ნაგებობებისაგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლებიც დაშორებულია ერთმანეთისაგან. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საწყობის შემომსაზღვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლისა და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს მავთულხლართი და გარე განათება. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ფირნიში წარწერით - ,,საბაჟო კონტროლის ზონა" ქართულ და ინგლისურ ენებზე. ნახაზში (პროექტში) ასევე სავალდებულოა აისახოს შესაბამისი განმარტებები;
გ) ინფორმაცია საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ. გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს საწყობის შესასვლელსა და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, გამშვები და ჩამკეტი ხელსაწყოები;
დ) საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების:
დ.ა) საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
დ.ბ) სულ ცოტა 3 წლის ვადით შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძვლის შესახებ დოკუმენტი და შესაბამისი პირის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ე) ინფორმაცია საწყობის მთელი ტერიტორიის სადღეღამისო დაცვისა და, შესაბამისად, საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსების (შენობა-ნაგებობების) დამცავი, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით აღჭურვის შესახებ. დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ დაცვა ხორციელდება სხვა სახის სადღეღამისო დაცვის მომსახურებით;
ვ) ვალდებულება ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში სასაწყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის სასაწყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმი ნიშნავს:
ვ.ა) საწყობში განთავსებული საქონლის შენახვის სათანადო პირობებში, საჭიროების შემთხვევაში განცალკევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად, სპეციალურად აღჭურვილ სათავსში შენახვის უზრუნველყოფას;
ვ.ბ) საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის პირობების ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის განცალკევებულად განთავსებას;
ვ.გ) კვების პროდუქტების ცალკე იზოლირებულ სათავსში განთავსებას;
ვ.დ) საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამის განლაგებას;
ვ.ე) საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობებისა და რემონტის უზრუნველყოფასა და სასაწყობო მეურნეობის შეუფერხებელი მუშაობისათვის აუცილებელი სხვა პირობების შესრულებას;
ზ) ინფორმაცია საწყობის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით აღჭურვის შესახებ და ვალდებულება საწყობში შესული, საწყობში არსებული და საწყობიდან გასული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი შინაარსის ინფორმაციის, საბაჟო ორგანოს საინფორმაციო ბაზაში მონაცემების ინფორმაციის ელექტრონული გადაცემის საშუალების მეშვეობით, დაუყოვნებლივ შეტანის უზრუნველყოფის თაობაზე, საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ინფორმაციის ელექტროუნული დამუშავების მოწყობილობებისა და საინფორმაციო სისტემების საბაჟო ორგანოს ანალოგიურ საშუალებებთან თავსებადობის შესახებ;
თ) ვალდებულება საბაჟო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საბაჟო საწყობში საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები საბაჟო ორგანოსათვის უსასყიდლოდ გამოყოფის შესახებ;
ი) ცნობა საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანების არქონის შესახებ;
კ) ინფორმაცია სათავსის რიგითი ნომრის მითითებით საქონლის სპეციფიკური შენახვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის შესახებ (მაცივარი, ელევატორი და სხვ.);
ლ) ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი - სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი - სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, მუდმივად საცხოვრებელი ადგილის მისამართი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომლის მიერ დადასტურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში ან დროებით შენახვის საწყობში წარდგენა, აგრეთვე საწყობის ბეჭდის ნიმუში, ფიზიკურ პირთა ცვლიანობის გრაფიკი;
მ) ცნობა საწყობის ტერიტორიაზე საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმო კომპლექსის არსებობის შესახებ;
ნ) ცნობა სათავსის დასალუქად გამოსაყენებელი უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქის ნიმუშის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების შესახებ.
5. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს სასაწყობოდ განკუთვნილი სათავსისა და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) შესაბამისი განმარტებებით ან/და ასაშენებელი სათავსებისა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტი შესაბამისი განმარტებებით, აღნიშნული სიტუაციური გეგმის (ნახაზის) ან/და პროექტის საერთაშორისო, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე აუდიტორული ფირმის ტექნიკური აუდიტის დასკვნა.
6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს სათავსში კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და გამზომი საშუალებების (მრიცხველი, არეომეტრი, მეტროჭიკი, ბაფთა (ლოტით) და სხვ.) გაზომვის სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები.
7. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი (მფლობელი) ვალდებულია აღჭურვოს საწყობი სასაწყობო სასწორით, რომლითაც შესაძლებელია განხორციელდეს სულ ცოტა 60 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს ინფორმაცია საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვის შესახებ და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამზომი საშუალებების სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) ვალდებულებას იკისრებს, რომ ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საავიაციო გადაზიდვებს და საწყობში განათავსებს მხოლოდ აღნიშნული სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ საქონელს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
გ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან.
8. 60-ტონიანი სასაწყობო სასწორით საწყობის აღჭურვა არ არის სავალდებულო დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის). აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 5 ტონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა. 5-ტონიანი სასაწყობო სასწორით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ ნებართვის მაძიებელი (მფლობელი):
ა) განათავსებს საწყობში მხოლოდ მილსადენი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელს;
ბ) განათავსებს საწყობში მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან;
გ) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო და მძიმე დისტილატებს.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა-გ" და მე-8 პუნქტის ,,ა-გ" ქვეპუნქტების შესაბამისად სასაწყობო სასწორით აღჭურვის ვალდებულებისაგან გათავისუფლებული ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის მოქმედების ვადაში საწყობში ისეთი საქონლის განთავსება, რომლის განთავსებისათვის აუცილებელია სასაწყო-ბო სასწორის არსებობა, წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
10. დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მოქმედების ვადაში სხვა პირის საქონლის განთავსება საწყობში წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პა-სუხისმგებლობას.
11. ნებართვის მფლობელი (მაძიებელი), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან, ვალდებულია აღჭურვოს საწყობი საქონლის ოდენობის განმსაზღვრელი გამზომი საშუალებებით. აღნიშნული საშუალების სიზუსტის დამოწმება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. ისეთი სახის საქონლის - გვაროვნული ნივთის შენახვისათვის განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში, როცა მისი სათავსში განთავსება, შენახვა და შემდგომი ტრასნპორტირებისათვის მომზადება ხორციელდება სპეციფიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საერთო ტექნოლოგიური ხაზის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს სასაწყობო კომპლექსის არსებით შემადგენელ ნაწილს, ხოლო ამ საერთო ტექნოლოგიური ხაზით ხდება სხვადასხვა სათავსში (მ.შ. საწყობისათვის განკუთვნილ სათავსში) საქონლის განთავსება და ამოღება, ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) დგინდება განსხვავებული სანებართვო მოთხოვნები:
ა) საწყობის სასაწყობო სასწორით აღჭურვა ნიშნავს საწყობის უშუალოდ მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საკუთრებაში, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე მის საკუთრებაში, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მფლო-ბელობაში არსებული სასწორის არსებობას;
ბ) საბაჟო კონტროლის ზონად შესაძლებელია განისაზღვ-როს მხოლოდ გამოცალკევებული, სპეციფიკური საქონლის შესანახი სათავსი და დაიშვება საქონლის სათავსში მოსათავსებლად და საქონლის სათავსიდან ამოსაღებად აუცი-ლებელი ინფრასტრუქტურის მდებარეობა საბაჟო კონტროლის ზონის ფარგლებს მიღმა;
გ) ამ პუნქტში მითითებული ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია საწყობის სტატუსის მქონე სათავსების შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, რომლითაც უნდა ფიქსირდებოდეს გამშვები და ჩამკეტი ხელსაწყოები;
დ) საწყობის ტერიტორიის სადღეღამისო დაცვა ხორციელდება საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსების დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვით. დამცავი სიგნალიზაციით აღჭურვა არ არის სავალდებულო, თუ დაცვა ხორციელდება ამ პუნქტის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებში მითითებულ ტერიტორიაზე სხვა სახის სადღეღამისო დაცვის მომსახურებით.

მუხლი 6.
ნებართვის მაძიებლის მიერ ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას საბაჟო დეპარატმენტი იღებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 7.
1. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით სამ ეგზემპლარად. თითოეულ ეგზემპლარს უნდა ერთვოდეს სანებართვო მოწმობა და დანართი. თითო ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მფლობელსა და საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ზონაშიც განლაგებულია საწყობი. ერთი ეგზემპლარი რჩება საბაჟო დეპარტამენტში.
2. ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართი არის საწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და საწყობის ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სია, ხოლო ნავთობის დისტიტალების შესანახად განკუთვნილი საწყობისათვის, აგრეთვე ტექნიკური აუდიტის დასკვნა.

მუხლი 8.
1. სანებართვო მოწმობის გაცემა, აგრეთვე სანებართვო მოწმობის დაკარგვის, დაზიანების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა ხორციელდება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თავი III. საწყობების საქმიანობის რეგულირება

მუხლი 9.
1. ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საწყობის საქმიანობის შემდეგი წესები და მოთხოვნები:
ა) დაიცვას საწყობის შექმნის პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოების მოთხოვნები;
ბ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, ამ მიზნით უზრუნველყოს საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შენახვის ადგილის, რაოდენობის, წონისა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და სხვა მახასიათებლების კონტროლის განხორციელება; მოახდინოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვა;
გ) გამორიცხოს საწყობში არსებული საქონლის, სატ-რანსპორტო საშუალების ამოღების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა საბაჟო კონტროლისათვის;
დ) აწარმოოს საწყობში საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საქონლის საბაჟო კონტროლით დროებით შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა დადგენილი ფორმით (დანართი N1), მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლით დროებითი შენახვის განაცხადის ასლები და უზრუნველყოს მათი შენახვა;
ე) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი N2), რისთვისაც კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა წარუდგენს ანგარიშს შესაბამის საბაჟო ორგანოს საწყობში შენახული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე;
ვ) გამორიცხოს სხვა სახის ოპერაციების განხორციელება გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული შენახვის, გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის დასაშვები ოპერაციებისა;
ზ) მოაწყოს საწყობი ისე, რომ გამოირიცხებოდეს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საწყობში შენახვის სათანადო პირობები;
თ) საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საწყობის მფლობელის მიერ რეგიონალურ საბაჟოსთან შეთანხმებული ნიმუშის უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქით, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, აგრეთვე განსაზღვრული ოპერაციების განხორციელებისას. ამ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ნებართვის მფლობელზე, რომლის მიმართ საბაჟო ორგანო მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას საწყობის ტვირთბრუნვის ან ოპერაციების სპეციფიკურობიდან გამომდინარე საწყობის მფლობელის მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე;
ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერ საშუალებებზე სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 წლის განმავლობაში შენახვა, საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალდაცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა;
კ) არ დაუშვას ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართში მითითებული სათავსების გარდა სხვა მუდმივი ან დროებითი შენობა-ნაგებობების აშენება;
ლ) ვალდებულია საქონლის დაკარგვისას ან დანაკლისის აღმოჩენისას (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის წარდგენისას ან საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე საწყობიდან საქონლის, სატრანსპორტო საშუალების გატანის შემთხვევაში გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი საბაჟო გადასახდელი თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის გაფორმებისას;
მ) არ დაუშვას საქართველოში შემოსატანი და საქართველოდან გასატანი აკრძალული საქონლის საწყობში მოთავსება;
ნ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ზონაში შემსვლელ და გამსვლელ პირთა (გარდა საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებული პირებისა) აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც უნდა აისახოს შესვლის/გამოსვლის თარიღი და დრო, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი - სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი - სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; საბაჟო დეპარტამენტის ან/და სხვა შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილების მქონე დაწესებულებათა თანამშრომელი - სამსახურებრივი მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი), შესვლის მიზანი. ნებართვის მფლობელს, რომელიც საწყობში განათავსებს საქონელს მხოლოდ გაყიდვის ან/და გამოფენის მიზნით, უფლება აქვს არ ასახოს ჟურნალში მხოლოდ იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსვლის მიზანია საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ან/და ყიდვა. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ეს წინასწარ აცნობოს შესაბამის საბაჟო ორგანოს;
ო) საბაჟო დეპარტამენტს აცნობოს საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სიაში ცვლილებების შეტანა და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში;
პ) საწყობის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, გარდა სათავსის, საწყობის დაცვის, სასაშვო რეჟიმის, სასაწყობო მეურნეობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ამ პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცი-ლებელი იზოლირებული ფართობისა;
ჟ) უზრუნველყოს ავარიის ან დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად უვარგის მდგომარეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების განცალკევებულად განთავსება;
რ) საქონელი, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს სხვა საქონელს ან რომელიც მოითხოვს შენახვის განსა-კუთრებულ პირობებს, უნდა ინახებოდეს საწყობის განცალ-კევებულ, ასეთი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად სპეციალურად აღჭურვილ სათავსში. კვების პროდუქტები უნდა განთავსდეს ცალკე იზოლირებულ სათავსში;
ს) საწყობის ტერიტორიაზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი სავალი გზა და სადგომი ტერიტორია უნდა იყოს მოასფალტებული ან მოპირკეთებული ბეტონის ფილებით;
ტ) განალაგოს საწყობში განთავსებული საქონელი ისეთი სახით, რაც შესაძლებელს გახდის საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელებას;
უ) დაიცვას საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობები და უზრუნველყოს სათავსის მიმდინარე რემონტი;
ფ) შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. ნებართვის მფლობელი, რომელიც ახორციელებს ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვას, ვალდებულია საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე აწარმოოს საწყობში შენახული საქონლის აღრიცხვა დადგენილი ფორმით (დანართი N3) და განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დადგენილი ფორმით (დანართი N4). მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლით დროებითი შენახვის განაცხადის, საქონლის რაოდენობის, წარმოშობის, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და უზრუნველყოს მათი შენახვა. ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია საქონელს ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის შესახებ მონაცემის სიზუსტისათვის.
3. ნებართვის მფლობელსა და საწყობში საქონლის შემნახველ პირებს შორის ურთიერთობა რეგულირდება სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტის მიერ.

თავი IV. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, სანებართვო პირობების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა და ნებართვის გაუქმება

მუხლი 10.
1. საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორ­ციე­ლოს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართვე­ლოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობებისა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი. საბაჟო დეპარტამენტი კონტროლს ახორციელებს შერჩევითი შემოწმების მეთოდით.
2. საბაჟო დეპარტამენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონტროლი ხორციელდება შესაბამისი საბაჟო ორგანოს საშუალებით. აღნიშნული არ ართმევს უფლებას საბაჟო დეპარტამენტს თვითონ შეამოწმოს სანებარ-თვო პირობები, სადაც სავალდებულო წესით მონაწილეობს შესაბამისი საბაჟო ორგანო.
3. შესაბამისი საბაჟო ორგანო სანებართვო პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგენს საბაჟო დეპარტამენტს სათანადო ინფორმაციას სანებართვო პირობების დარღვევისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
4. ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სანებართვო მოწმობა საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

მუხლი 11.
1. ნებართვის გაუქმების შედეგად შესაბამისი საბაჟო ორგანო, საწყობის მფლობელი ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დაასრულოს მასსა და დამსაწყობებელს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ნებართვის მოქმედების ვადამდე ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სათანადო საბაჟო ორგანო ვალდებულია გაუწიოს ორგანიზება შესაბამის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას ან საქონლის გადატანას სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში. სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში გადატანის შემთხვევაში დამსაწყობებელს (საქონლის მესაკუთრეს, მფლობელს ან მათ მიერ უფლებამოსილ პირს) უფლება აქვს საქონლის გადატანის ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვოს საწყობის მფლობელს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების მიზნით საბაჟო წერილობითი ფორმით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს დამსაწყობებელს საქონლის სხვა შესაბამისი სახეობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში ან შესაბამის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების ვალდებულების შესახებ. რეგიონალური საბაჟოს მიერ დადგენილ ვადაში (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს) დამსაწყობებლის მიერ საქონლის გაუტანლობისას დამსაწყობებელს ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საწყობში არსებულ საბაჟო კონტროლზე აყვანილ ტვირთზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ" ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულება ეკისრება საწყობის მფლობელს, ვადის ამოწურვის შემდეგ - დამსაწყობებელს.

თავი V. პასუხისმგებლობა საწყობების საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და ნორმების დარღვევისათვის

მუხლი 12.
ამ ინსტრუქციის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა ნებართვის მფლობელის მიერ გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI. გარდამავალი დებულებები

მუხლი 13.
ღია ან დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის და დროებითი შენახვის ღია ან დახურული საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, რომელსაც ნებართვა მოპოვებული აქვს ამ დადგენილების ამოქმედებამდე, ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები დადგენილების ამოქმედებიდან 3 თვეში.