2006 წლის 29 ნოემბრის სხდომა

2006 წლის 29 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 36 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ გრძელდება მოლაპარაკების პროცესი საქართველოში გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით. გასულ კვირას თურქეთში მისი კიდევ ერთი, წარმატებული რაუნდი გაიმართა. უახლოეს პერიოდში თურქებთან დამთავრდება მოლაპარაკება საქართველოსათვის შაჰდენიზის გაზის რეკონტრაქტირების შესახებ, ცნობილი გახდება საბოლოო დეტალები და დაიწყება მუშაობა კონტრაქტის გასაფორმებლად. 30 ნოემბერს აზერბაიჯანში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ვიზიტი. იმსჯელებენ შაჰდენიზის საბადოდან საქართველოსათვის გაზის მოწოდების საკითხზე. გარდა ამისა, რადგან გარკვეული მიზეზების გამო მოსკოვში მოლაპარაკებათა გამართვა ვერ მოხერხდა, დღეს ერევანში გაზის მომხმარებელი საქართველოს ყველა კომპანიის წარმომადგენლები ერთობლივად ხვდებიან კოლეგებს გაზექსპორტიდან. და ბოლოს, დეკემბრის მეორე ნახევარში გაიმართება საქართველო-ირანის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რომლის მუშაობის დამთავრების შემდეგ ცნობილი გახდება, თუ რა მოცულობით და რომელი წყაროებიდან მიიღებს საქართველო გაზს 2007 წლის განმავლობაში.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ აცნობა, რომ 2006 წლის 29 ნოემბერი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს ეკონომიკის სფეროსათვის. დღეს, პირველად, ქართული კომპანია "საქართველოს ბანკი" განათავსებს აქციებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე. პრეზენტაციას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა საქართველოს ბანკს ეს დიდი წარმატება და აღნიშნა, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან დღემდე, ყოფილ საბჭოთა სივრცეში ასეთი რამ მხოლოდ ყაზახურმა "ყაზკომერცბანკმა" შეძლო.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი