საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 10 იანვრის სხდომა

2007 წლის 10 იანვარს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 18 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ მიულოცა შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ახალი 2007 წელი და მოკლედ შეაჯამა გასული წლის შედეგები. მან თქვა, რომ 2006 წელი ყველა მიმართულებით წარმატებული იყო და მთავრობის წევრების ყურადღება შეაჩერა ზოგიერთ ეკონომიკურ მაჩვენებელზე. კერძოდ, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ინფლაციის ერთციფრიანი ნიშნულის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის თვეებში 12-თვიანი ინფლაციის მაჩვენებელი 14,5% იყო; ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 10% შეადგინა; დაახლოებით 80-85 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა; საერთაშორისო ინსტიტუტებმა საქართველო აღიარეს, როგორც მსოფლიოში პირველი რეფორმატორული ქვეყანა.

2007 წელს ჩვენ იგივე ამოცანები გვაქვს. კერძოდ, საქართველო კვლავ უნდა იყოს მოწინავე რეფორმატორ ქვეყნებს შორის, უნდა ვიზრუნოთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე, მივაღწიოთ ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ მაჩვენებლებს და, რაც მთავარია, უახლოეს დღეებში უნდა ჩამოყალიბდეს მიმდინარე წელს განსახორციელებელი რეფორმების დღის წესრიგი, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი