საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 27 მარტის სხდომა

2007 წლის 27 მარტს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 38 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს მიაწოდა დაზუსტებული ინფორმაცია, რომ გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ ერთი მილიარდ 148 მილიონი დოლარი შეადგინა. ინვესტორი ქვეყნების მიხედვით პირველი სამეული ასე გამოიყურება - დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ყაზახეთი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ნავარაუდევია განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 1,5-1,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 21% იქნება და უზრუნველყოფს ეკონომიკის განვითარების სწრაფ ტემპს. ამდენად, აუცილებელია გვქონდეს საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის კარგად გათვლილი სამოქმედო გეგმა. მან თქვა, რომ ეს დავალება მიღებული აქვს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომელმაც მთავრობის მომდევნო სხდომაზე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი გეგმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ თემაზე. კერძოდ, ეს ეხება სამხრეთ კავკასიის დერეფნით ტვირთების გადაზიდვის გაზრდის საკითხს. მან თქვა, რომ გასულ კვირას აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკება გაიმართა თურქმენეთის მხარესთან, ხოლო მომავალ კვირაში ეს საკითხი განხილულ იქნება აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან. საბოლოო ჯამში ყველა პრობლემა იმგვარად უნდა გადაწყდეს, რომ სამხრეთ კავკასიის დერეფანი იყოს არა მარტო ყველაზე მოკლე, არამედ ყველაზე ეფექტიანი და იაფი სატრანსპორტო გზა ტვირთბრუნვისათვის ევროპიდან ცენტრალური აზიისაკენ და პირიქით, ხოლო პერსპექტივაში - ევროპიდან შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებამდე.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი