2007 წლის 18 ივლისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. დღის წესრიგში შეტანილი იყო 16 საკითხი. დღის წესრიგი
სხდომის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პატივი მიაგო ტექსელის აჯანყების ბოლო გადარჩენილი ქართველი მონაწილის პოკრო გახარიას ხსოვნას, რომელიც 17 ივლისს სამხედრო პატივით დაკრძალეს ქალაქ ზუგდიდში. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო ისტორიული აჯანყება. რამდენიმე ასეული ქართველი მებრძოლი, რომლებმაც მოახერხეს მრავალრიცხოვანი გერმანული გარნიზონის განიარაღება, ადგილობრივ ჰოლანდიელ მოსახლეობასთან ერთად თვეების განმავლობაში გმირულ წინააღმდეგობას უწევდა ფაშისტური გერმანიის ჯარებს. ეს იყო დასავლეთ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ბოლო ბრძოლა, რომელშიც გმირულად იბრძოლეს ქართველებმა. ეს იყო ჩვენი ქვეყნის შვილების განსაკუთრებული მისია ევროპისათვის ამ ძალზე მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ თავის დროზე აჯანყების მონაწილეთა გმირობა ღირსეულად არ დაფასდა, მრავალი მათგანი დაიჭირეს, გადაასახლეს, მრავალი შევიწროებული იყო და რომ არა ბატონი რეზო თაბუკაშვილის განსაკუთრებული მცდელობა მათი რეაბილიტაციისათვის, ეს იქნებოდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მივიწყებული თემა.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა რწმენა, რომ პოკრო გახარიას მსგავსი გმირები სამეგრელოში, და მთლიანად საქართველოში, კიდევ მრავალი გაიზრდება.
საქართველოს მთავრობის წევრებმა და დამსწრეთ ფეხზე ადგომით და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პოკრო გახარიასა და ტექსელის აჯანყების მონაწილე სხვა ქართველი გმირების ხსოვნას.
საქართველოს საკრედიტო სუვერენული რეიტინგის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ალექსი ალექსიშვილის ინფორმაციასთან დაკავშირებით (ლაპარაკია საქართველოსთვის "BB-" რეიტინგის მინიჭებაზე) საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან წინსვლაზე მიუთითებს. საქართველოს მოუწყვეს არა მხოლოდ ფაქტობრივი ბლოკადა (ჩვენ დავკარგეთ ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი), არამედ ვირტუალური ბლოკადაც. მუდმივად ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ აქ დღე-დღეზე ომი დაიწყება, რომ ამ ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს, რომ ქვეყანაში ქაოსი და არეულობაა. ასეთ სიტუაციაში ჩვენ მოვახერხეთ ისეთი ბიზნესკლიმატის შექმნა, რომლის მსგავსი არ აქვს რეგიონის არც ერთ ქვეყანას. ჩვენ ვებრძვით და კვლავაც შევებრძოლებით კორუფციას, იმის მიუხედავად ვინც რა უნდა თქვას და ვის როგორ აღიზიანებს ეს, რადგან კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი მთავარი რესურსი ქვეყნის შიგნით. ყოველივე ამით ჩვენ ავმაღლდით მსოფლიო საინვესტიციო რეიტინგებში, რაც იმას ნიშნავს, რომ გაჩნდა საბანკო კრედიტის პროცენტის შემცირების შანსი, ე.ი. უნდა გაფართოვდეს სესხების რაოდენობა. ამის შედეგად ხალხი შეიძენს ბინებს, ტრაქტორებს, განავითარებს სოფლის მეურნეობის წარმოებას, შექმნის გადამმუშავებელ საწარმოებს, მეტი ფული ჩაიდება ინფრასტრუქტურაში. ყოველივე ამას გაუჩნდა ეკონომიკური აზრი და მნიშვნელობა. მთავარია, რომ ყველა ამ ღონისძიებათა შედეგად გაიზარდოს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ სწორი ხარჯვითი პოლიტიკის შედეგად გარკვეულ ჩარჩოებში მოვაქციოთ ინფლაციის პროცენტი. თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ამით მისთვის რაღაც დადებითად შეიცვალა.
ვფიქრობ, ეს არის მთავრობისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის წარმატება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მინუსი ნამდვილად დიდ პლუსად გვეთვლება, თუმცა მომავალ წელს მინუსი რომ გაქრეს, კიდევ უფრო უკეთესად გვექნება საქმე, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ 17 ივლისს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა პეტრე მამრაძემ გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, რომ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან დაიწყო მოლაპარაკების პროცესი სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს იქნება სერიოზული მოლაპარაკება. ეს არ იქნება ფორმალობა, რადგან ჩვენი პარტნიორები სერიოზული ხალხია, ისინი სერიოზული ლიდერები არიან და წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილს, ეთნიკური ოსების დიდ ნაწილს. ჩვენ, განაგრძნო საქართველოს პრეზიდენტმა, გვმართებს მათთან სერიოზული საუბარი და საკითხების სერიოზულად განხილვა. ამ საკითხს უნდა მივუდგეთ გარკვეული სიფრთხილით და ამავე დროს ძალიან თამამად. მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა აღვადგინოთ კავშირი ყველა სოფელს, თემს, ადამიანსა და საქართველოს სახელმწიფოს, მისი საზოგადოების მნიშვნელოვან, ძალიან ძვირფას ნაწილს შორის. გუშინ ჩემი დავალებით რეგიონში ჩაიყვანეს ტრაქტორები, რომლებიც, ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა, გადაეცა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი სოფლების მოსახლეობას, და არა ქართულ და ოსურ სოფლებს. არ არსებობს არანაირი ოსური მხარე და ქართული მხარე. ყველამ ამოშალეთ ეს გამოთქმა ლექსიკონიდან, რომელიც არა მარტო ჟურნალისტებს, არამედ მთავრობის ზოგიერთ წევრსაც სჩვევია - ოსური სოფელი, ქართული სოფელი. მინდა გითხრათ, რომ იმ სოფლებში, სადაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ასევე ეთნიკურად შერეული. ეს არაფერს ნიშნავს, ჩვენთვის ყველანი ერთნი არიან, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ პროგრამები. ჩვენ იქ ვაშენებთ რამდენიმე კულტურულ ობიექტს, ყველა სკოლა კარგად ეწყობა და, საერთოდ, კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ადგილზე განათლების სფეროს განვითარებას, აგრეთვე იმ პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ითვალისწინებენ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენას, კონფლიქტის დარეგულირებას, კრიზისების დაძლევას.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მუშაობს დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებისა და ურთიერთობის საკითხებზე. ეს ჯგუფი საჭიროა ჩენი მუშაობის ყოველდღიური კოორდინაციისათვის. ჩვენ გვჭირდება საკითხების ყოველდღიურად გადაწყვეტა. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ის პროგრამები, რომელთა დაფინანსების თაობაზე სათანადო გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია.
მან მოუწოდა საქართველოს მთავრობის წევრებს, რომ ჩაერთონ ამ მუშაობაში და ყველამ გაითვალისწინოს, რომ არსებობს დროის გარკვეული ჩარჩო. უნდა ვიმუშაოთ დღე და ღამე, ისე, რომ თითოეულმა ადამიანმა დაინახოს განსხვავება. ახლა მიმდინარეობს ბრძოლა ადამიანთა განწყობისათვის, მათი გულების მოსაგებად, ბრძოლა ბევრად უფრო მდიდარ, მაგრამ არცთუ ისე მოქნილ მექანიზმებსა, რომელთაც მართლაც არ ესმით ადგილობრივი ფუნდამენტური პრობლემები, და საქართველოს შორის, რომელიც არის ქართველების, ოსების, სომხების, აზერბაიჯანელების და ყველა სხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანის სახელმწიფო. ეს ის ხალხია, რომლებიც ჩვენთვის ყველა სახელმწიფოებრივად ქართველები და ჩვენი ყველაზე ძვირფასი მოქალაქეები არიან.
ვფიქრობ, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ მუშაობა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე ბევრად უფრო ინტენსიური და ქმედითი უნდა გახდეს, უფრო მეტად უნდა ჩაერთოს მასში საერთაშორისო თანამეგობრობა, ვიდრე ეს დღეს არის, და ბევრად უფრო აქტიური უნდა იყოს საქართველოს მთავრობა. ჩვენ გვაქვს წარმატებები ადგილზე, ცხინვალის რეგიონში მთლიანად, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა კონფლიქტთან და სიტუაციასთან მიმართებაში. აქ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო და ხარვეზია, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში მრავალი პროფესიონალია დასაქმებული. ჩვენ არ უნდა ვიყოთ რეაგირების მდგომარეობაში, პირიქით, უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და ქმედითი.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება ღონისძიებას, რომელიც ითვალისწინებს ახალქალაქიდან და ქვემო ქართლის რაიონებიდან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი 100-100 ახალგაზრდის ჩამოყვანას და ქართული ენის დასაუფლებლად სპეციალურ ფაკულტეტებზე მათ მომზადებას. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში დაეუფლონ უმაღლეს განათლებას და ამისათვის არ წავიდნენ სხვა ქვეყნებში. ამ ეტაპზე ქართული ენის ცოდნის დაბალმა დონემ მათ ხელი არ უნდა შეუშალოს, ეს არ უნდა გახდეს მათთვის გადაულახავი დაბრკოლება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გზაზე. ის, რომ მათ კარგად არ იციან ქართული ენა, მათი ბრალი არ არის. პირიქით, ისინი დიდ სურვილს გამოთქვამენ ენის შესასწავლად და თუ ეს საქმე ჯერჯერობით მოუგვარებელია, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიყავით საამისოდ კარგად ორგანიზებული. მოსამზადებელი ფაკულტეტები, სხვადასხვა ტექნოლოგიები, უამრავი სხვა საშუალება არსებობს ამ ხალხის ინტეგრაციისათვის.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი