საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 16 აგვისტოს სხდომა

2007 წლის 16 აგვისტოს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 44 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავ­რობის წევრებს აცნობა, რომ საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა დაამთავრა მუ­შაობა 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და სოფელ წი­თელუბანთან რაკეტის ჩამოგდების ინციდენტის გამოძიებასთან დაკავში­რებით და სთხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს მთავრობის წევრების ინფორმირება ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიშის თაობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა დამსწრეთ აცნობა, რომ გუშინ, 6 აგვისტოს ინციდენტის გარემოებათა შემსწავლელმა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, შვედეთის, ლიტვის და ლატვიის ექსპერტები შვედი ექსპერტის ხელმძღვა­ნელობით, წარმოადგინა ანგარიში, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ ინციდენტ­თან დაკავშირებული ყველა ის მტკიცებულება, რომლებიც ქართულმა მხარემ მოიპოვა გა­მოძიების პირველსავე დღეს. მან მადლობა გადაუხადა ამ ქვეყნების ექსპერტებს გაწეული მუშაობისათვის და აღნიშნა, რომ დღეს ასევე ველოდებით ექსპერტებს დი­დი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან. ძალზე მნიშვნელო­ვანია, რომ ეუთოს თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ინ­ციდენტის გამოსაძიებლად დანიშნა საკუთარი წარმომადგენელი, რომელიც ამ კვი­რის ბოლოს ჩამოვა საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები გამოთქვეს ევროკავშირმა და სხვა საერთაშო­რისო ორგანიზაციებმა. დღეს, გაეროში, სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი უშიშროების საბჭოს სხდომას მოახსენებს ამ ფაქტის დეტალებს, რომლებიც ეყრდნობა დამოუკიდებელ ექსპერტთა ანგარიშს და ეუთოს ექსპერტების შუალედურ ანგარიშს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, თქვა მინისტრმა, რათა ნათელი მოვფინოთ ყოველივეს, რაც 6 აგვისტოს მოხდა. ამ ფაქტს ჩვენ განვიხილავთ როგორც წინა ინციდენტების გაგრძელებას, რაც საჭიროებს საერთაშორისო თანამეგობრობის სე­რიოზულ ყურადღებას. ეს არის გზავნილი ჩვენი პარტნიორებისათვის.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს, ჩვენი მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა საკმაოდ დიდი წარმომადგენლობითი ჯგუფი რუ­სეთის ფე­დერაციიდან, რომელსაც ხელმძღვანელობს საჰაერო ძალების შტაბის უფ­როსი. ეს სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც ინციდენტის დღეს უარყო იმ დღეებში რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო-საჰაერო ძალების წვრთნების გამართვის ფაქტი, რაც ტყუილი აღმოჩნდა, რადგან 15 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ასეთი წვრთნები გაიმართა და რა ტი­პის თვითმფრინავები, როგორი აღჭურვილობით იღებდნენ მასში მონაწილეობას. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისათვის, თქვა მინისტრმა და იმედი გამოხატა, რომ რუ­სეთის ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ მრავალ კითხვას გაეცემა პასუხი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა მადლობა გადაუხა­და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სხვა უწყებებს აღნიშნული ინციდენტის გარემოებათა გამოძიების დროს კოორდინირებუ­ლი, შეთანხმებული და ეფექტიანი საქმიანობისათვის, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი სიტუაციის მართვის პროცედურები დასახვეწია, რაც წარმოჩინდა ამ დღეების განმავლობაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მი­ნისტრმა ივანე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროში შექმნილმა კომისიამ ასევე დაამთავრა მუშაობა 6 აგვისტოს ინციდენტის გარემოებათა გამოძიებაზე და მოამზადა დასკვნა, რომელიც გამოქვეყნ­დება მას შემდეგ, რაც ყველა ექსპერტი დაასრულებს მუშაობას. მინისტრმა თქვა, რომ კომისიამ მოიპოვა 600-მდე მტკიცებულება, შეგროვებულია ჩამოგდებული რაკე­ტის 8000-ზე მეტი დეტალი, დაფიქსირებულია რადარების ჩვენებები, სატელეფონო საუბრები დისპეტჩერებს შორის, ჩამორთმეულია თვითმხილველთა ჩვენებები. ჩვენი დასკვნით, თქვა მინისტრმა, ეს იყო რადარის საწინააღმდეგო რუსული რაკეტა. თვითმფრინავი ჩვენი რადარის უშუალო სიახლოვეს მივიდა და მოხდა რაკეტის ავა­რიული ჩამოგდება, ავარიული მოცილება თვითმფრინავიდან. ამ დასკვნას ეთანხმება ყველა ექსპერტი, რომლებიც ამ ეტაპამდე მუშაობდნენ კომისიაში. მინისტრმა ხაზ­გასმით აღნიშნა, რომ დადასტურებულია იმ დღეებში რეგიონში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების წვრთნების გამართვის ფაქტი, მათ შორის სუ-24 ტიპის თვითმფრი­ნავებით ზუსტად იმ ამოცანების შესასრულებლად, რა "ამოცანაც" ჰქონდა დასახუ­ლი ამ თვითმფრინავს, ისინი მუშაობდნენ სარადარო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების წინააღმდეგ მანევრებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მადლობა გადაუხადა საქარ­თველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს მოწოდებული ინფორმაციისათვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კოორდინირებული, შეთან­ხმებული და ეფექტიანი მუშაობისათვის.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი