საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 12 სექტემბრის სხდომა

2007 წლის 12 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 39 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მიესალმა საქართველოს მთავრობის ახალ წევრებს: ეკა ტყეშელაშვილს, ალექსანდრე ხეთაგურს და დავით ჩანტლაძეს. მან წარმატება უსურვა მინისტრებს მათ საქმიანობაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ აცნობა, რომ კახეთში, კერძოდ დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში დაიწყო რთველი. მიმდინარე წელს, თქვა მან, ყურძნის არნახული მოსავალია - დაახლოებით 200-210 ათასი ტონა. ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ მოსავლის უდანაკარგოდ აღება, გადამუშავება და დაბი­ნავება. საამისოდ ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რისთვისაც მთავრობის მომ­დევნო სხდომაზე განხილული იქნება "რთველი-2007"-ის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა. პრემიერ-მინისტრმა სთხოვა საქარ­თველოს სოფლის მეურნეობის მი­ნისტრს პეტრე ცისკარიშვილს დამსწრეთ ინფორმირება რთველის დაწყებასთან და­კავშირებით განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა დამსწრეთ აცნობა, რომ ხუთი დღის წინ გურჯაანში გაიხსნა შტაბი - "რთველი-2007", რომელიც კოორდინაციას გაუწევს რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ მთელ საქმიანობას. შტაბი სრულად იქნება ინფორმირებული რთველის განმავლობა­ში არსებული ვითარების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის ყველა კერძო თუ იურიდიულ პირს სათანადო ინფორმაციას ყურძნის შეძენის თაობაზე. ამ­ჟამად, თქვა მინისტრმა, მოსავლს იღებენ დედოფლიწყაროს რაიონის სოფლებში სამთაწყაროსა და ფიროსმანში. ყურძენი იკრიფება ბაზარში საცალო-სარეალიზაციოდ და იგი უკვე იყიდება თბილისში. რაც შეეხება გადასამუშავებელ ყურძენს, მან ჯერ კიდევ ვერ მიაღწია კონდიციის სათანადო მაჩვენებლებს. დაახლოებით ხუთი დღის შემდეგ რთველი დაიწყება სიღნაღისა და გურჯაანის რაიონების სოფლებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მოწოდებუ­ლი ინფორმაციისათვის და დაავალა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინის­ტროს მაქსიმალური მობილიზებით მუშაობა "რთველი-2007"-ის წარმატებით წარმარ­თვისათვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ აცნობა, რომ მომდევნო კვირაში საქართველოს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყანაში წყალდიდობების საწინააღმდეგოდ, კერძოდ, ცხენისწყლის, რიონის, არაგვის და სხვა მდინარეთა ხეო­ბებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ. დადგა დრო, რომ წყალდიდობის შედე­გების ლიკვიდაციიდან გადავიდეთ მის საპრევენციო ღონისძიებებზე, რათა გაზაფხულის მომავალ წყალდიდობებს ქვეყანა ბევრად უფრო მომზადებულად შეხ­ვდეს, დასძინა მან.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი