2007 წლის 24 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარეობდა. დღის წესრიგი
სხდომის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს მთავრობის წევრებისა და საზოგადოების ინფორმირება საპრეზიდენტო სუბსიდიების პროგრამის შესრულების შესახებ.
მინისტრის ინფორმაციით, საპრეზიდენტო სუბსიდირება დაიწყო 15 ოქტომბრიდან. მან აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ პროგრამის ფარგლებში დახმარებას, რომელიც ინდივიდუალური ხასიათისაა, მიიღებს 2,8 მლნ. კაცი. აქედან, 50-ლარიანი ვაუჩერები გაიცემა ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად, და ასევე, 50-ლარიანი ვაუჩერები - გაზის საფასურის დასაფარად. სოფლად მცხოვრები დაახლოებით 700 ათასი ოჯახი, იმის მიუხედავად, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი, ფქვილის სახით მიიღებს 50 კგ. ოდენობის საოჯახო დახმარებას. თითო ოჯახისათვის საპრეზიდენტო სუბსიდიამ საბოლოოდ უნდა შეადგინოს 100 ლარი.
როცა ვსაუბრობთ ინდივიდუალურ დახმარებაზე, ანუ ვაუჩერებზე, თქვა მინისტრმა, ქვეყნის მასშტაბით მას მიიღებს 1,2 მლნ. კაცი, მათგან 800 ათასი გახლავთ სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერი. ასეთებია: ასაკის გამო პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ინვალიდები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების წევრები, 9 აპრილსა და ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაზარალებულები. ამ 800 ათას პენსიონერს ემატება 330 ათასი სოციალურად შეჭირვებული ოჯახი. ამ დახმარებას ვერ მიიღებენ, მაგალითად, ყოფილი პარლამენტარი პენსიონერები.
თბილისში, ამჟამად, 225 ათასი ვაუჩერიდან დარიგებულია 135 ათასი, ანუ დაახლოებით 60%. პროცესი შეუფერხებლად მიდის, მაგრამ, სამწუხაროდ, გვაქვს ხარვეზი, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზას და ჩვენ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვმუშაობთ, დასძინა მინისტრმა.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ საუბარი უნდა იყოს არა იმდენად მონაცემთა ბაზის სრულყოფაზე, რამდენად პენსიონერთა რეალური რაოდენობის დადგენაზე, რადგან მიწერების გამო პენსიონერთა რიცხოვნობა ხელოვნურად არის გაზრდილი. თბილისში და დანარჩენ საქართველოშიც გაფორმებულია საგრძნობლად მეტი პენსიონერი, რაც საპენსიო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელების, კერძოდ, სოფრომაძის და სხვების "დამსახურებაა". ისინი ამჟამად დაპატიმრებულები არიან და ეს ქურდბაცაცები სამართლიანად აგებენ პასუხს. სამწუხაროდ, განაგრძო საქართველოს პრეზიდენტმა, ჩემი დავალების მიუხედავად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ადრინდელმა მინისტრმა ვერ შეძლო ამ პრობლემის გადაწყვეტა. ეს არის ადმინისტრაციული სამუშაო და მოვითხოვ, დაზუსტდეს საქართველოში პენსიონერების რაოდენობა, ხოლო გამოთავისუფლებული თანხა მოხმარდეს პენსიების ზრდას, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.
ფქვილის დარიგების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა იყოს გამოზომილი და წინასწარ გათვლილი, რათა ფქვილის მკვეთრმა შესყიდვამ ზეგავლენა არ იქონიოს ისედაც პრობლემურ ფქვილის ბაზარზე და ქვეყანაში უკვე გაძვირებულ ხორბლის ფასზე. მან სთხოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს მთავრობის წევრებისა და საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში ფასებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციასა და ფასების ზრდის გამომწვევ მიზეზებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ბევრია ისეთი პროდუქტი, რომელზეც ამ თვის განმავლობაში, ოქტომბერში, შეინიშნება ფასების ზრდა. ყველა შემთხვევაში ეს მოხდა საგარეო ფაქტორების გამო. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვაწარმოებთ ხორბალს, ხორბლის ფქვილს. ჩვენ ეს პროდუქტი შემოგვაქვს უკრაინიდან, ყაზახეთიდან, სადაც, აგრეთვე სხვა ქვეყნებშიც, დაფიქსირებულია ფასების ზრდა. და მაინც, საქართველოში ფასების პროცენტული ზრდა ზუსტად ისეთივეა, როგორც უკრაინაში, ერთსა და იმავე პროდუქციაზე ინფლაცია თანაბარია. ჩვენ არ გვაქვს ზემოქმედების ფაქტორები. ასევე, საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული ფასების ზრდა რძესა და რძის პროდუქტებზე, სხვა პროდუქტებზე. ჩვენ გვაქვს შაქრის ქარხანა და ვაწარმოებთ შაქარს, მაგრამ მხოლოდ 4% იქმნება ადგილობრივი ნედლეულით, დანარჩენი არის უცხოეთიდან შემოტანილი ნედლეულისგან წარმოებული შაქარი.
რაც შეეხება ფქვილს, განაგრძო პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი მივლინებულია ბაქოში. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას უკრაინასთან, ყაზახეთთან ფქვილისა და ხორბლის შესყიდვაზე და, შესაბამისად, ფქვილის დარიგების პროცესი ცოტა ნელა წარიმართება, რათა ადგილობრივი ხორბლის და ფქვილის ბაზარზე არ შეიქმნას ზედმეტი დისბალანსი და არ მოხდეს ფასების დამატებითი ზრდა. ყველაფერი დაემორჩილება ამ მიზანს და როგორც დაგეგმილია, ფქვილი დაურიგდება 700 ათას ოჯახს და ეს პროცესი აუცილებლად იქნება მკაცრად გაკონტროლებული.
იცით ჩვენი უპირატესობა რა არის? - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა - პირველი ის, რომ მთავრობა ფულს არ აკეთებს; მეორე - მაქინაციების მოწყობის საშუალებას არავის ვაძლევთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, და იმის მიუხედავად, ეს ვინმეს ეწყინება თუ არა, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
რასაკვირველია მესმის, რომ ფასების ზრდის პროცესი რუსეთში, უკარაინაში და სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ გარკვეული სფეროების მთლიანად ხელში ჩაგდებისა და გაკონტროლების მცდელობებიც არის. რამდენიმე სფეროში ხალხს ამის სურვილი უკვე დავუკარგეთ. ასე უნდა შევქმნათ ჯანსაღი კონკურენცია. იქ, სადაც არის ჯანსაღი კონკურენცია, ფასების მიხედვითაც შეიმჩნევა. შეინიშნება ტენდენცია იმისა, რომ მომხმარებელს უკეთესი ხარისხი და საფასური შესთავაზონ. ამიტომ, გთხოვთ, რომ ყველა საკითხი რეგულარულად განიხილოთ, რათა ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული, არჩევანი - დიდი, ხოლო მომხმარებელი - დაკმაყოფილებული და ბედნიერი. ეს ჩვენი მუშაობის ხარისხზეა დამოკიდებული.
კონკურენციის სააგენტოს არსებობა ამ ქვეყანაში შეუმჩნეველია. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადგილზე, მე ამ სტრუქტურას გავაუქმებდი. ვფიქრობ, ეს სააგენტო არაფერს აკეთებს. საქართველოში კონკურენციის სააგენტოს მოვალეობას ქვეყნის პრეზიდენტი ასრულებს, რადგან ხორცთან და მარილთან დაკავშირებულ პრობლემებზე თათბირი პირადად მოვიწვიე, ამ სააგენტომ კი, მთავრობას ერთი წერილიც არ მოსწერა. კარგია, რომ მაცნობეთ ამ სააგენტოს არსებობის შესახებ, მაგრამ ამიერიდან ის აღარ იარსებებს. ამით მთელი მთავრობა უნდა დაკავდეს. იოდიზირებულ მარილთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე, მსურს პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარეს "მოკითხვა შევუთვალო" და ელემენტარულად ავუხსნა - კარგია, როდესაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტებს წარადგენენ, მაგრამ ნაჩქარევად მიღებული კანონპროექტების შედეგები კარგად უნდა იყოს გათვლილი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვერ ვხვდები, რას და როგორ ლობირებენ, როგორ ხდება სხვადასხვა მექანიზმების აწყობა, ძალიან მწარედ ცდება. პასუხი ყველას მოეთხოვება", - განაცხადა დასასრულ საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი