სხდომის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ბაქრაძეს დამსწრეთ ინფორმირება აფხაზეთთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გამო საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციის შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ დამსწრეთ აცნობა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ქართული მხარე იყენებს არსებულ ყველა დიპლომატიურ საშუალებას შესაბამისი საერთაშორისო რეაქციის უზრუნველსაყოფად. ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროში გაიმართა მსჯელობა და გაკეთდა საჯარო განცხადებები საქართველოს ტრიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და რუსეთის გადაწყვეტილების დასაგმობად. გარდა ამისა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომის გამართვა, რაზეც პარტნიორების მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა. დღეს ეუთოში გაიმართა ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც შესაბამისი განცხადებებით გამოვიდნენ ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. ჩვენ ასევე მოვითხოვეთ ეუთოში სპეციალური მუდმივი საბჭოს სხდომის გამართვა და ბერლინის სპეციალური დიპლომატიური მექანიზმის ამოქმედება, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში ეუთოს შიგნით. ძალზე მკაფიო განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რაც არ იყო მისი პიროვნული განცხადება. ეს არის მისი უფლებამოსილება გაახმოვანოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ნატოს სტრუქტურების პოზიცია. ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვეთ, რომ ამ საკითხის განსახილველად გაიმართოს სპეციალური შეხვედრები ნატო პლუს საქართველოს, 26 პლუს ერთის ფორმატით და ასევე მოვითხოვეთ საკითხი განხილულ იქნეს ნატო-რუსეთის საბჭოზე, რომელიც აპრილის ბოლოს გაიმართება. დღეს, დღის მეორე ნახევარში ველით ევროკავშირის შესაბამის განცხადებას, აგრეთვე მომდევნო დღეებში - ევროკავშირის ოფიციალურ პირთა განცხადებებს. უკვე გავრცელდა ბატონი სოლანას განცხადება. ამჟამად ვმუშაობთ, რათა საკითხი განხილულ იქნეს ყველა იმ სტრუქტურაში, რომელიც დაკავებულია საგარეო პოლიტიკის, უშიშროების და ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობის საკითხებით. ამჟამად ევროსაბჭოში, დეპუტატებს შორის გროვდება ხელმოწერები და სულ მალე ველით ევროსაბჭოს ძალიან კარგ განცხადებას. დღის მეორე ნახევარში ასევე იქნება გენერალური მდივნისა და სხვათა განცხადებები. გარდა ამისა, ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე ვმუშაობთ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, რათა მათი მხრივ იყოს ძალიან ღია შეფასება იმ ნაბიჯისა, რომელიც გუშინ გადაიდგა რუსეთის მხრიდან.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მოწოდებული ინფორმაციისათვის და აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, ძალზე მნიშვნელოვანია ნატოს გენერალური მდივნის განცხადება. მასში მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ ეს იყო პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, სუვერენიტეტის დარღვევა, რომ ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობა მოითხოვენ არა უბრალოდ ამ ნაბიჯის შერბილებას, არამედ გადახედვას და შეცვლას. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო გეგმის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის შესახებ.
მინდა ყველას კარგად ესმოდეს, თქვა მან, რომ ვერანაირი მექანიზმი ვერ შეაჩერებს საქართველოს მიზანსწრაფვას, რომ გახდეს დემოკრატიული, წარმატებული სახელმწიფო, ერთიანი ქვეყანა. ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების პროცესს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა პარტნიორთან. ჩვენ ველით რუსეთის ფედერაციიდან, და მოვითხოვთ ყველა იმ გადაწყვეტილების გადახედვას, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანებისაკენ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაციისაკენ. ამასთან, ჩვენ გვინდა არა მხოლოდ განცხადებები, არამედ გვინდა სერიოზული დიპლომატიური მოქმედება ყველა პარტნიორის თუ მეგობრის მხრიდან, რის განხორციელებასაც ვიმედოვნებთ უახლოეს დღეებსა და კვირებში.
საქართველოს პრეზიდენტმა დაავალა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დ.ბაქრაძეს, რომ სპეციალური ვიზიტით ჩავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს - გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში სათანადო კონსულტაციების გასამართავად.
ჩვენ მზად ვართ, განაგრძო საქართველოს პრეზიდენტმა, რომ კონსულტაციები გავმართოთ რუსეთის ფედერაციასთან და ყველა მხარესთან გავაგრძელოთ მუშაობა სამშვიდობო გეგმებთან დაკავშირებით. მე განცვიფრებული და აღშფოთებული ვარ რუსეთის ამ ნაბიჯის პროვოკაციულობით, მაგრამ ძალზე კმაყოფილი ვარ პირველად ისტორიაში ევროკავშირის, ნატოს, ჩვენი ტრადიციული პარტნიორების ასეთი მკვეთრი რეაქციით, რომელიც საკმაოდ მოულოდნელი იყო რუსეთისთვისაც. იგი შეეჩვია, რომ, რაც არ უნდა განახორციელოს, საერთაშორისო თანამეგობრობაში ბევრი ამაზე დუმს. ვფიქრობ, გუშინ დაიწყო ამ პოლიტიკის სერიოზული გადახედვა და შემობრუნება. ამიტომ, ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით, გამძლეობით, მაგრამ ამავე დროს ვიყოთ ძალიან გამბედავები.
შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სთხოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ გურგენიძეს ინფორმაციის წარმოდგენა პენსიების გაცემის მდგომარეობისა და სხვა სოციალური პრობლემების შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაგეგმილი იყო 70-ლარიანი პენსიის შემოღება, მაგრამ გამოინახა საშუალებები საიმისოდ, რომ ეს მოხდეს ამ თვიდან. გარდა ამისა, თქვა მან, მთელ საქართველოში დაიწყო უმწეოებისათვის სადაზღვეო ვაუჩერების დარიგება. კერძოდ, თბილისსა და იმერეთში ვაუჩერები უკვე გაცემულია. დაიწყო მათი გაცემა რაჭასა და კახეთში. ამ პროცესში სხვა რეგიონებიც ნელ-ნელა ჩაერთვებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს დაევალათ ორ კვირაში წარმოადგინონ წინადადებები უმწეოთა დახმარების უფრო მეტ ადამიანზე გავრცელების შესახებ. ბუნებრივია, უნდა იყოს რაღაც გრადაცია, მაგრამ ვთვლით, რომ ძალზე ხელოვნურია 70 ათას ქულაზე ან ნებისმიერ სხვა ქულაზე მორგება. საჭიროა საფეხურებრივი გრადაციის შემოღება, რომელიც ამ პროგრამებით მოიცავს ბევრად მეტ ადამიანს. საკითხი განხილულ იქნება მთავრობის სხდომაზე, რის შემდეგ ჩვენ წარმოგიდგენთ ამ გეგმას.
შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებსაც გაეცნო სვანეთში ვიზიტისას და აღნიშნა, რომ ამ პრობლემებს შორის ერთ-ერთი მთავარი თემაა გზების რეაბილიტაციის საკითხი. რთული რელიეფის პირობებში კომუნიკაციების გარეშე ძალზე ჭირს რეგიონში ტურიზმის განვითარება, სხვა სახის მიმოსვლა. ლენტეხის რაიონში, რამდენიმე პრობლემურ ადგილზე ჯებირების გასამაგრებლად მოგვიწეს დამატებით საშუალებათა გამონახვა, რადგან საამისოდ გამოყოფილი თანხები არ იქნება საკმარისი. რაიონს ესაჭიროება 2-3 ავტობუსი. აღნიშნულის თაობაზე, თქვა მან, თხოვნით მივმართეთ თბილისის მერიას შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად, თუნდაც, დროებითი ღონისძიების სახით. ბევრი სირთულეა სკოლების წინაშე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპეციალურ პროგრამებში გათვალისწინებულია კონკრეტული თანხები და მათ მიეცათ მითითება, რომ ადგილზე შეუძლიათ ამ თანხების გადანაწილება სკოლებისათვის საკუთარი მოსაზრებების მიხედვით, რადგან ადგილობრივ საჭიროებას ისინი ჩვენზე უკეთესად ხედავენ და ვფიქრობ, ასეც აპირებენ. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ ფინანსთა მინისტრთან მიმდინარე წელს რამდენიმე სკოლის გასარემონტებლად თანხის დამატებით გამოყოფის შესაძლებლობაზე. რაც შეეხება სკოლების აღჭურვას სპორტინვენტარით, ეს პროგრამა ხორციელდება და სრულად მოიცავს საქართველოს ყველა სკოლას.
სამწუხაროდ, განაგრძო მან, არის პრობლემები და შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია ორი მიზეზით. პირველი, ეს არის გაუგებრობა ვაუჩერების დარიგება-განაღდების შესახებ, რის გამოსასწორებლად უკვე მუშაობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მეორე საკითხი, უფრო მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი, ეხება კერძო ოპერატორი კომპანიის მიერ რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზების ყველა ძირითადი მზიდი ბოძის გამოცვლას, რაც ზაფხულის განმავლობაში უნდა დამთავრდეს. საუბარია 1000-მდე ბოძის გამოცვლაზე, რათა რეაბილიტირებულ იქნეს ეს ხაზები. ეს მტკივნეული პროცესია და არც თუ ისე იაფი კომპანიისთვის, მაგრამ მათი ინფორმაციით კომპანია ამ სამუშაოებს ასრულებს, თქვა დასარულ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი