საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

ზურაბ ნოღაიდელი და სერჟ სარქისიანი15 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომაში. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ლიბერალურ რეჟიმზე გადავა მას შემდეგ, რაც სომხეთი გარკვეულ პირობებს შეასრულებს, კერძოდ: გაამარტივებს საბაჟო პროცედურებს, დააჩქარებს სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მოდერნიზაციას. ამის შედეგად, შეზღუდვები მოიხსნება სატრანსპორტო მიმოსვლაზე და ტრანზიტულ გადაზიდვებზე, დაწესდება შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი და ამოქმედდება ,,ღია ცის" პოლიტიკა. ლაპარაკია ერევან-თბილის-ბათუმის რეისის აღდგენაზე. სხდომის შემდეგ ხელი მოეწერა ეკონომიკის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტებს.

- ,,პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ჩვენს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც ინტენსიურად ვითარდება. მნიშვნელოვანია სომხეთის ბაზარი, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საექსპორტო მიმართულებაა. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში სომეხი ტურისტების სტუმრობა. განვავითარებთ ქვეყნებს შორის უკვე არსებულ და ახალ სატრანსპორტო კომუნიკაციებს. ამ თვალსაზრისით, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია უკვე არსებული, მაგრამ აღსადგენი სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარება.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოში სომხეთის საინვესტიციო კაპიტალის დაბანდების შესახებ. ეს ინვესტიციები შესაძლოა იყოს არა მხოლოდ სომხეთიდან, არამედ სომხური დიასპორიდანაც. ასევე უნდა გაიზარდოს საქართველოს ინვესტიცია სომხეთის ეკონომიკაში და უნდა წარმოებდეს მოშაობა ინვესტორებისათვის ხელშესაწყობად სომხეთსა და საქართველოში, როგორც ერთიან საინვესტიციო და სავაჭრო სივრცეში", - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს სერჟ სარქისიანს.

ზურაბ ნოღაიდელმა მოინახულა გენოციდის მემორიალი და გვირგვინით შეამკო იგი.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი