საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ-50 ქვეყანაში 45-ე პოზიციაზე გავიდა, მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილზეა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-09-27

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით „კორუფციის კონტროლის" მიმართულებით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45 -ე პოზიციაზე გავიდა, მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილზეა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მეოთხედ მოხვდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ Freedom House-ს შეფასებით, საქართველო, გამოკვლეულ ქვეყნებს შორის, კორუფციისგან თავისუფლებით მე-11 ადგილზე გავიდა.

„მინდა იმ ინფორმაციით დავიწყო, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა, ეს არის მსოფლიო ბანკის კვლევა, რომელიც შეეხება მსოფლიო მმართველობის შეფასებას და ინდიკატორებს, რომელიც ათეულობით კვლევითი ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციების ანალიზს აჯამებს და მე მინდა ამის თაობაზე ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და წინსვლა აქვს. ამ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს „კორუფციის კონტროლის" და ეფექტური მმართველობის მიხედვით, ევროპაში და მთელს მსოფლიოში წამყვანი და სანიმუშოდ კარგი პოზიციები აქვს.

უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, „კორუფციის კონტროლის" მიხედვით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45-ე პოზიციაზე გავიდა. ხოლო მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მეოთხედ მოხვდა.

შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველო 62-ე ადგილზე იყო. ბუნებრივია, ევროპის საუკეთესო ოცეულს მიღმა იყო ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება.

კორუფციის კონტროლით ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრ 10 სახელმწიფოს -ჩეხეთი, იტალია, სლოვაკეთი, კვიპროსი, მალტა, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი.

საქართველოს უსწრებენ ევროპის არაკონტინენტური ნაწილის ქვეყნები, როგორიც არის ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, ისლანდია და ევროპის რამდენიმე მოწინავე სახელმწიფო.

ნატოს წევრი ქვეყნებიდან საქართველო „კორუფციის კონტროლით" უსწრებს 14 სახელმწიფოს. ჩვენი ქვეყანა ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მას მხოლოდ ბალტიის ქვეყნები უსწრებს.

რაც შეეხება კორუფციისგან თავისუფლებას-Freedom House-ს შეფასებით საქართველო გამოკვლეულ ქვეყნებს შორის კორუფციისგან თავისუფლებით მე-11 ადგილზე გავიდა.

The Gallup Organization-ის გლობალური გამოკითხვის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს 122 ეკონომიკას შორის კორუფციისგან თავისუფლებით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-14 პოზიციაზე მოხვდა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ "ხელისუფლების ეფექტურობის" მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38-ე ადგილზე გავიდა, ევროპაში მსოფლიო ბანკის წევრი კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულში კი ჩვენი ქვეყანა მე-19 ადგილზე დასახელდა.

„შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში საქართველო „მთავრობის ეფექტურობით" მიხედვით მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო. ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებითაც.

საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს.

ნატოს წევრი ქვეყნებიდან საქართველო „ხელისუფლების ეფექტურობით" უსწრებს 12 სახელმწიფოს. კავკასიასა და შავიზღვისპირეთში კი ვართ პირველ ადგილზე.

მე მინდა ასევე აღვნიშნო Economist Intelligence Unit-ის კვლევა, რომელიც „გლობალური მმართველობის ინდიკატორების" მეთოდოლოგიით გადამუშავდა. მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ბიუროკრატია შეფასდა ორი მიმართულებით - ეს არის პირველი - ბიუროკრატიის ხარისხი, ინსტიტუციონალური ეფექტურობა და მეორე, ეს არის ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება.

საქართველომ წელს ზედიზედ მეოთხედ შეფასების 100%-იანი შკალიდან 75% აიღო, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მსოფლიოში მე-17, ხოლო ევროპაში მე-12 პოზიციაზე გავიდა.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კანონის უზენაესობით უსწრებს დიდი შვიდეულის 1, ევროკავშირის 2 და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ 2008-2012 წლებში საქართველოს შეფასება ბიუროკრატიის კუთხით რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა იყო და 62.5 %-ს შეადგენდა იმ დროს მათი მაჩვენებელი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა" უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე იტალიაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში. მისივე თქმით, კანონის უზენაესობით საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.

„საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების კორუფციის" მიმართულებით 180 ქვეყანას შორის საქართველომ კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიო მასშტაბით მე-20 შედეგი აჩვენა და ევროპის მასშტაბით მე-12 ადგილი დაიკავა.

საქართველომ აქაც გაასწრო მსოფლიოს ბევრ მოწინავე ქვეყანას. ჩვენი შეფასება ერთ ნახევარჯერ მაღალია, ვიდრე 9 ევროპული ქვეყნის - ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, მალტის, კვიპროსის, ასევე სამხრეთ კორეის, და 2-ჯერ მაღალი, ვიდრე ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის მაჩვენებელი. ამ შედეგებით საქართველო გაუთანაბრდა მსოფლიოს ისეთ წამყვან სახელმწიფოებს, როგორიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრია, ბელგია, ისლანდია, სლოვენია, ხორვატია და ა.შ.

შედარებისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმდინარე შეფასება 3-ჯერ აღემატება 2011-2012 წლის დონეს.

და ბოლოს, რეგულირების ხარისხის მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილზე გავიდა. ასე, რომ კიდევ ერთხელ, მინდა მთავრობის თითოეულ წევრს და საჯარო მოხელეებს მივულოცო აღნიშნული წარმატება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური