საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - მისასალმებელია სახელმწიფოს მიდგომა მცირეკონტინგენტიანი სკოლებისადმი, რომელიც არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაა, არამედ სოფლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებს წარმოადგენს ამოსაბეჭდი ვერსია

2021-08-26

...

მისასალმებელია სახელწიფოს მიდგომა მცირეკონტინგენტიანი სკოლებისადმი, რომელიც არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაა, არამედ სოფლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებს წარმოადგენს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეს ახალ სკოლაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სკოლა დაათვალიერა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

პრემიერი სკოლაში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ხაბუმეს თემის საჯარო სკოლა 2021 წლის სექტემბერში სასწავლო წლის დაწყებას ახლადაშენებულ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ შენობაში შეხვდება.

ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის ახალი კორპუსი 60 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში ფუნქციონირებს 8 საკლასო ოთახი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სასადილო ოთახი, სამედიცინო ოთახი, სამასწავლებლო, საპირფარეშოები. სკოლა სრულად აღჭურვილია ახალი ინვენტარით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სკოლაში მოწყობილია თანამედროვე სტანდარტის ღია სტადიონი. გარე ტერიტორიის ნაწილი მოპირკეთებულია ასფალტბეტონის საფარით. გარე ტერიტორია შემოსაზღვრულია ბეტონის საძირკველზე მოწყობილი ლითონის ღობით. პროექტის ღირებულება 1 214 000 ლარია.

სკოლაში სწავლა დაწყებით და საბაზო საფეხურზე ხორციელდება. ამ ეტაპზე სკოლაში სწავლობს 45 მოსწავლე და კონტინგენტის ზრდა 80-მდე იგეგმება.

ხაბუმეს N3 საჯარო სკოლა აშენდა 1916 წელს აგებული ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობის ბაზაზე. აღნიშნული სკოლა ზუგდიდის მაზრაში პირველი ქართულენოვანი სასწავლებელი იყო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური