საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ერთობლივი განცხადებები ამოსაბეჭდი ვერსია

2021-08-22

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი:

პატივცემულო პრემიერ-მინისტრო!
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!
პატივცემულო კოლეგებო!
უკრაინას და საქართველოს აერთიანებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები ხალხებს შორის, რომელიც ერთობლივ ფასეულობებს და ინტერესებს ემყარება. მე მინდა მივესალმო და მივულოცო ბატონ პრემიერ-მინისტრს პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში და მადლობა მინდა გადავუხადო მას, იმისთვის, რომ დამთანხმდა, მონაწილეობა მიიღოს ყირიმის საინაუგურაციო სამიტში.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგის, მეგობრის პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენი პრაქტიკული ნაბიჯების განხილვაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით.

დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ასპექტი, უსაფრთხოების, საგარეო, პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის კუთხით.

მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარებისთვის, დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობისთვის, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტიური პოზიციისთვის.

რუსეთის ფედერაციიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული, იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ დააფუძნა წინააღმდეგობის ახალი ფორმატი - ყირიმის პლატფორმა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მონაწილეობა ყირიმის პლატფორმის სამიტზე შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გავამახვილოთ, რომ აუცილებელია იყოს კონსოლიდირებული ძალისხმევები, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის,სამხრეთ ოსეთის - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებს.

ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯების კოორდინაცია, რათა დავაჩქაროთ საქართველოს და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი წევრობის მოპოვება. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების გაღრმავებას და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი ქვეყნების დიალოგში ჩართვას. ევროინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის დამატებითი მექანიზმი გახდა ასოცირებული ტრიოს - უკრაინა-საქართველო - მოლდოვას საქმიანობის ფორმატის დაფუძნება. ეს მოხდა სახელმწიფო მეთაურების დონეზე და ასევე, მნიშვნელოვანია შესაბამისი დეკლარაციის ხელმოწერა, რაც 19 ივლისს, ქალაქ ბათუმში მოხდა.


ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა გავიდა ახალ ნიშნულზე და 2021 წლის 5 თვის განმავლობაში 32%-ით გაიზარდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვახდენთ ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში ქართულ-უკრაინული ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში, საექსპერტო მოლაპარაკებების შემდეგ, რომლის მესამე სხდომა თბილისში, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.

ბატონ პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს მე გამოვთქვი დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარების მიმართულებით. უნდა გამოვიყენოთ შავი ზღვის პორტებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლების, არსებული ინფრასტრუქტურის პოტენციალი. ასევე უნდა გამოვიყენოთ ყველა ძალისხმევა, იმისათვის რომ გავზარდოთ ტვირთების ნაკადი როგორც ორ ქვეყანას შორის, ასევე უზრუნველვყოთ გადაზიდვები მესამე ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით.

შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ევროპულ კომისიასთან, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის და სხვა ქვეყნებს შორის საზღვაო პორტებში საკონტეინერო-საფიდერო მიმოსვლის განვითარების ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით.


საქართველოს და უკრაინას აქვს ყველა წინაპირობა საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებისთვის. ჩვენ განვიხილეთ ბიზნესის მონაწილეობის შესაძლებლობა პრივატიზაციის პროცესში ერთობლივი მაღალტექნოლოგიური საწარმოების განვითარებაში და ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მე ძალიან ვაფასებ დღევანდელი შეხვედრის შედეგებს და დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის ინტენსიფიკაციაში, ასევე საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთქმედების გამიზნულ სფეროებში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის წარმატებაში.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

დიდი მადლობა ძვირფასო კოლეგავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო! დიდი პატივია ჩემთვის, ოფიციალურად ვიმყოფებოდე ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის გამორჩეულ მეგობარ სახელმწიფოში, უკრაინაში. მე მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ძალიან თბილი მასპინძლობისთვის. ბატონმა პრემიერმა გუშინ გვიმასპინძლა თავის მშობლიურ ქალაქში, ლვოვში. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი პატივი და მინდა ასევე დავაფიქსირო, თუ რაოდენ მადლიერი ვართ ჩვენ ასეთი მასპინძლობისთვის. უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. უკრაინა არა მხოლოდ მეგობარი სახელმწიფოა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც აკავშირებს ორ მეგობარ სახელმწიფოს. ფართო სპექტრი საკითხების, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების საკითხებს, ვაჭრობას და ეკონომიკას, ზოგადად, ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს საერთო მისწრაფებები და როგორც უკრაინა, ასევე საქართველო, მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა და მეორეს მხრივ, გვაქვს ანალოგიური, იდენტური პრობლემები და გამოწვევები.

მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე მინდა გამოვხატო მადლიერება და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, მათ მიერ, ყოველთვის საჯაროდ გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ხვალ მე მივიღებ მონაწილეობას პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივაში, რომელიც უკავშირდება ყირიმის პლატფორმის შექმნას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევაფასებთ აღნიშნულ ვითარებას, ყირიმის დროებით ოკუპაციას. ასევე ჩვენ განვიხილეთ მძიმე მდგომარეობა, რომელიც ახლა, ამჟამად არის დროებით სეპარატისტულ რეგიონებში. ასევე, მიმოვიხილეთ ჩვენი საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს. მოგეხსენებათ, რომ უკვე 13 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე. ცხინვალში და აფხაზეთში ბორდერიზაცია გრძელდება და ეს რა თქმა უნდა, საერთო შეშფოთებას იწვევს.


ბატონ პრემიერთან ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ, დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მისწრაფება ევროინტეგრაციის მიმართულებით, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო „ტრიოს" ფორმატის დაფუძნება. მაისში გაფორმდა მემორანდუმი ამის თაობაზე, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ახლა უკვე პრეზიდენტების დონეზე, ბათუმში, პირველი პრეცედენტი შეიქმნა „ტრიოს" ფორმატის მონაწილეობის ფარგლებში. ჩვენ, სამ ქვეყანას - უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შეგვიძლია მართლაც ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და სწორედ „ტრიოს" ფორმატში დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და მართლაც ვიმსახურებთ ევროკავშირის და ნატოს წევრობას.

ევროკავშირთან ჩვენ ინტენსიური უნდა გავხადოთ პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები, საკითხები, რომელიც უკავშირდება ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ციფრულ ბაზარს, დაკავშირებადობას. ვფიქრობ, ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ უნდა წამოვჭრათ და ერთობლივად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით.

ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ ჩვენს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთობების საკითხები თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა. ჩემთან ერთად იმყოფება თავდაცვის მინისტრი და ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამ სფეროშიც. ქართველი სამხედროები მონაწილეობას იღებენ ერთობლივ წვრთნებში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინელებთან ერთად. ასევე, უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ საქართველოში, არაერთ წვრთნაში, რაც ძალიან სასიხარულოა.

რაც შეეხება ეკონომიკას და ვაჭრობას, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა უკვე, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 32% -ით არის გაზრდილი. ასევე, ორი სიტყვით მინდა აღვნიშნო ტურიზმის თაობაზე, წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი. ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ ერთობლივად იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ მილიარდ დოლარამდე.

მინდა აღვნიშნო, რომ COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს უკრაინაში, ასევე უკრაინელების ვიზიტს საქართველოში. მე მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩემს ძვირფას კოლეგას მასპინძლობისთვის. ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები კიევში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში და მჯერა, რომ ბევრჯერ გვექნება წარმატებული ვიზიტები როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური