საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენი მთავრობის წარმატებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ მართლაც გვქონდა შთამბეჭდავი შედეგები ამოსაბეჭდი ვერსია

2021-08-09

ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენი მთავრობის წარმატებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ მართლაც გვქონდა შთამბეჭდავი შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მიღწეულ პროგრესზე და მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, საამაყო დიპლომატებს, ელჩებს, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს და სახელმწიფოს აძლიერებენ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
„ძალიან მოკლედ მინდა მიმოვიხილო, თქვენთან ერთად, ჩვენს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები და პროგრესი, რომელიც, მართლაც უნდა ითქვას, რომ ხელშესახებია. ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენი მთავრობის წარმატებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ მართლაც გვქონდა შთამბეჭდავი შედეგები და მინდა, რამდენიმე გამოვყო.

პირველი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელიც იყო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილება. მე პატივად მერგო აღნიშნულ ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერა.
ასევე, მინდა, გამოვყო უვიზო რეჟიმის მიღწევა ევროკავშირთან, რომელიც მართლაც არის ხელშესახები და ჩვენს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში.
მე მახსენდება ჯერ კიდევ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის პირველი დღეები, როდესაც, იმდროინდელმა კომისარმა სესილია მალმსტრომმა გადმომცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ, გასაკეთებელი საქმის დაახლოებით 70% ჩვენს სამინისტროზე მოდიოდა. შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრობის რანგში, თქვენთან ერთად, ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ წარმატებით დავხურეთ, ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ და 2015 წლის ბოლოს, 17 დეკემბერს, მივიღეთ საბოლოო დასტური და მწვანე შუქი ევროკავშირისგან იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმოგზაურებდნენ ევროკავშირში, რაც ძალიან მალე უკვე პრაქტიკულად აღსრულდა და ეს არის ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი წარმატება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ნიშნავს ნდობას, რომელიც გამოგვიცხადა ევროკავშირმა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ხელშესახები პროგრესია მიღწეული ნატოსთან მიმართებაში.

„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციაში ავსახეთ ჩვენი მკაფიო საგარეო პოლიტიკის კურსი და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით პროცესი უკვე სამუდამოდ გახდა შეუქცევადი. ნატოსთან მიმართებაში, გვქონდა მართლაც ხელშესახები პროგრესი, თუნდაც JTEC-ის გახსნა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ნატოს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს საქართველოსთან მიმართებაში. ყველა ცალსახად, ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველო მართლაც იმსახურებს ნატოს წევრობას დღეს, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის თაობაზე საჭირო არის ყველა წევრი ქვეყნის საბოლოო გადაწყვეტილება და კონსენსუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივყვებით სტრატეგიული მოთმინების და მზადყოფნის რეჟიმში აღნიშნულ მიმართულებას და გვჯერა, რომ ერთ დღეს მართლაც გახდება ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრი", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად წარმატებული სამეზობლო პოლიტიკა დაასახელა.
„ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს სამ მეზობელთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. ბოლო დროს ჩვენს მიერ გატარებული წარმატებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენ ჩვენი მედიაციით მივაღწიეთ ჩვენს ძმებთან აზერბაიჯანელებთან და ჩვენს ძმებთან, სომხებთან ერთად შეთანხმებას, რომლითაც გახდა შესაძლებელი სომეხი სამხედროების გათავისუფლება, ასევე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის - რუკების გადაცემა, რომელიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. ეს არის წარმატებული პრეცედენტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით - სამმა მეზობელმა ქვეყანამ. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომ საქართველო გახდეს რეალურად ერთ-ერთი ინიციატორი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის და შემდგომში განვითარების მყარი საფუძველი. ის პლატფორმა, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოებს, აუცილებლად უნდა განვითარდეს და უნდა გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა თურქეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და აღნიშნა, რომ ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა თურქეთთან მეგობრობას და თანამშრომლობას.
„ამ მიზნით, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შევქმენით მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი, რომელსაც გავააქტიურებთ. მე მქონდა წარმატებული ვიზიტი და შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, რომლის ინიციატივით, აღნიშნული უმაღლესი დონის სტრატეგიული შეხვედრა წელსვე, წლის ბოლოს გაიმართება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ოკუპაციაზე, როგორც ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე.
"რაც შეეხება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენ ახლა აგვისტოს კვირეულში ვიმყოფებით, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ მძიმე მოვლენებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 13 წლის წინ დატრიალდა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უმთავრესი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და დეოკუპაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადასადგმელი გონივრული, პრაგმატული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, მთლიანობაში, 10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა და ამ მიმართულებით რუსეთთან დიალოგის მომზადება, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ უნდა მოხდეს აუცილებლად ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციაც და ამ კონფლიქტის და ოკუპაციის დასრულება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩებს და ხაზი გაუსვა მათ წვლილს პანდემიის პირობებში ვაქცინების მოძიების საქმეში.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას, ძვირფასო ელჩებო, პატივცემულო თანამშრომლებო, გულწრფელად გადაგიხადოთ მადლობა თქვენი ერთგული სამსახურისთვის. თქვენ მართლაც ემსახურებით სამშობლოს და იმაზე მეტს აკეთებთ, ვიდრე თქვენ გევალებათ. მე რამდენიმე სიტყვით გავიხსენებ კოვიდპანდემიის დროს თქვენს უშუალო ჩართულობას, როგორ ემსახურებოდით ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ, როგორ აქტიურად იყავით ჩართულები, თუნდაც ვაქცინების მოძიების საქმეში და ის წარმატებული კონტრაქტები, რომელიც ჩვენ პირდაპირ გავაფორმეთ მომწოდებლებთან, არის უდავოდ თქვენი დამსახურებაც. ასე, რომ, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. მე მინდა, ბატონ დავით ზალკალიანს და მის გუნდს მადლობა გადავუხადო წარმატებული საქმიანობისთვის და გისურვოთ შემდგომი წარმატებები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაცია ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციას ონლაინფორმატში შეუერთდნენ საქართველოს ელჩები საზღვარგარეთ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური