საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-08-09

.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა. 
სხდომის დაწყებამდე მთავრობის მეთაურმა განცხადებები გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტო „Fitch"-ის რეიტინგს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით საქართველოს შეუნარჩუნდა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე და რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" გაუუმჯობესდა. პრემიერის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით, საქართველო პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს.

„რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას. 
ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს,  ბოლო 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12.7%, რაც მართლაც დამაიმედებელია. 
ამას გარდა, „Fitch"-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეიცვალა და გახდა 7.8%, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე. ჩვენი მიზანია 2025 წლისთვის, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რომლამდეც  დარჩენილია 2 საფეხური. 
„Fitch"-ის გადაწყვეტილება ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღდგენის პროცესი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციის წარმატებით ჩატარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც არ არსებობს, არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან. 
 „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის წარმატებით ჩატარება. მე მინდა, ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ კარგად გავითავისოთ და გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც უბრალოდ არ არსებობს, არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან. რამდენიმე მაგალითი არსებობს იმისა, რომ აცრილი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამ გარდაცვალება არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მაგალითს მსოფლიოში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცესკოსა და საარჩევნო კომისიების წევრთა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ამოცანაა გამჭვირვალე, თავისუფალი  და კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება.
 „ვუახლოვდებით არჩევნებს, შევდივართ აქტიურ ფაზაში. გუშინ მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხება ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენ ამის შეთავაზებას გავაკეთებთ ოფიციალურად, უახლოეს დღეებში ექნებათ მინისტრს და ჩვენს კოლეგებს შეხვედრა ცესკოს ხელმძღვანელობასთან. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ - ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორეს მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკოს და საარჩევნო კომისიების ყველა წევრი შეიძლება იყოს ვაქცინირებული, აცრილი, ჩვენი კანდიდატებიდან, სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა მოვუწოდო, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატებს და ამომრჩევლებს რეკომენდაციით მიმართა, რომ საარჩევნო შეხვედრებზე ყველამ ატაროს პირბადე. 

„ვინაიდან იწყება შეხვედრები მოსახლეობასთან, მე მინდა ერთის მხრივ ჩვენს კანდიდატებს მივმართო თხოვნით, რეკომენდაციით, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე, მაშინ, როცა შეხვედრები ექნებათ მოსახლეობასთან და მეორეს მხრივ, ჩვენს ამომრჩეველს მინდა ვთხოვო, რომ აღნიშნულ შეხვედრებზე მათაც ანალოგიურად ატარონ პირბადე",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლის იანვრიდან, ეტაპობრივად დაიწყება საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა.
„ერთ-ერთი პრობლემა ჩვენს რეალობაში, ვუახლოვდებით რა არჩევნებს, არის მერების ხელფასები, რომელიც, მაგალითისთვის, შეადგენს დაახლოებით 1800-2000 ლარს, რაც აბსოლუტურად ამოვარდნილი და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. საჯარო მოხელეების ხელფასები წლების განმავლობაში არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით სამინისტროების დონეზე ცალკეულ ლოკალურ გადაწყვეტილებებს, ამ საკითხზე მთავრობას ერთიანი ხედვა არ წარუდგენია. ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე დღის წინ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში, 2022 წლის იანვრიდან, ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას. ეს აუცილებელია, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კერძო სექტორთან კონკურენციას. ამიტომ, აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ 2022 წლის იანვრიდან, ისევე, როგორც გავზრდით მერების ხელფასებს. გადაწყვეტილი გვაქვს გაორმაგება. წარმოუდგენელია, მერმა იმუშაოს 2000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს, უზარმაზარ ქალაქს, ბათუმს და ხელფასი ჰქონდეს 2000 ლარი. წარმოუდგენელია, ამიტომ ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას და ამას ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ, ისევე, როგორც ზოგადად, სხვა საჯარო მოხელეების ხელფასებს", - განაცხადა პრემი
ერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური