საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - მე ავიცერი „ფაიზერის“ ვაქცინით; მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველამ ჩავიტაროთ აცრა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-08-08

  ..

დღეს მე ჩავიტარე აცრა, ავიცერი „ფაიზერის" ვაქცინით. მოგეხსენებათ, რომ 4 თვის წინ მე გადავიტანე კოვიდი, საკმაოდ იოლ ფორმებში, მაგრამ ამის მიუხედავად, მე სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა, რათა კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც"ფაიზერის" პირველი დოზით აიცრა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას თხოვნით, რომ ყველამ ჩაიტაროს აცრა.

„ძალიან ბევრი შემთხვევა არის იმის, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი. ძალიან ბევრი, სამწუხაროდ, ტრაგიკული ისტორიები ვიცით ჩვენ უკვე, ვინაიდან, მათ შემდეგ დაუინფიცირებიათ მშობლები, ახლობლები, მეგობრები, რომელთა სიკვდილიანობა დამდგარა. ამის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გამოსავალი, რაც მთავრობას შეუძლია და ზოგადად, მეცნიერებს მთელ მსოფლიოში, შესთავაზოს მოსახლეობას, არის აცრა. ერთადერთი გამოსავალი, ამ სიტუაციაში, პანდემიის დასამარცხებლად, არის ვაქცინაცია. ჩვენ და მსოფლიომ გამოცადა ყველაფერი, მათ შორის, „ლოკდაუნები", მკაცრი „ლოკდაუნები", სრული ჩაკეტვები და ა.შ. რამაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას, ათასობით, ასიათასობით, მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში დარჩა უმუშევარი და რეალურად, დაინგრა ეკონომიკები. ჩვენ, ახლა, ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში. ჩამოვიტანეთ 3 მლნ-ზე მეტი ვაქცინა, ყველანაირი ვაქცინები გვაქვს, გვაქვს ჩინურიც, ტრადიციული ვაქცინა, გვაქვს „ფაიზერი", თითქმის მილიონი დოზა უკვე შემოსული არის და ჯამში გვაქვს 3 მლნ. ვაქცინა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე.

„კიდევ ერთხელ, მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩაკეტვებით ჩვენ ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ, ჩვენ შეიძლება დროებით პროცესი გავწელოთ, მაგრამ ჩვენ პანდემიის დამარცხება შეგვიძლია, მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინით და აცრებით.

ხვალ ჩვენ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება, მითუმეტეს, შევდივართ საარჩევნო აქტიურ ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები. მე ასევე გამოვედი ინიციატივით, რომ მაგალითად ცესკოს შევთავაზეთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, ეფექტიანად ჩავატარებთ ვაქცინაციას, აცრებს ჩავუტარებთ კომისიის ყველა წევრს, ასევე გვსურს, რომ კანდიდატებს შევთავაზოთ ვაქცინაცია და ყველას ზოგადად, ვინც არის ჩართული ამ არჩევნებში, იმისთვის, რომ მართლაც მაღალი სტანდარტით ჩავატაროთ კოვიდისგან დაცული, უსაფრთხო არჩევნები", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რატომ შეაჩერა "ფაიზერის" ვაქცინაზე არჩევანი.

"რატომ "ფაიზერი "- ჩემი მეუღლე აიცრა "სინოფარმის"ვაქცინით, ახლა გვინდა, ერთგვარი შეჯიბრი გავაკეთოთ, რომელს უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება.
ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს. ჩემი მეუღლე მანამდე აიცრა. ასე, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვეუბნები - აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ყოველგვარი ჭორები და ის ტყუილები, რაც ვრცელდება სხვადასხვა საშუალებით, არის უსაფუძვლო სიცრუე და ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს. მთელი მსოფლიოს ლიდერები იცრებიან აღნიშნული ვაქცინებით. ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უკავშირდება ვაქცინაციას და ამ არგუმენტს ვერანაირი კონტრარგუმენტი ვერ უპირისპირდება - ეს არის ის, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. ამიტომ, დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ოჯახები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ- მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ფაიზერის"​ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მთავრობის მეთაურს ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური