საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია ამოსაბეჭდი ვერსია

2021-08-08

დღევანდელი დღე ჩვენი, ყველას ტკივილია, 13 წელი გავიდა აგვისტოს ომის ტრაგიკული დღეებიდან; ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ეს არის სწორედ ჩვენი ხალხი, ყველაზე მძიმედ ეს ყველაფერი თავის თავზე ჩვენმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით გორის მოსახლეობამ გადაიტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში განაცხადა, სადაც, რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მთელი საზოგადოების გაერთიანების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ქვეყნის დეოკუპაცია.

„მე მთელი ბავშვობა აქ გავატარე, სოფელ დიცში და მახსოვს, როგორი მძიმე იყო სოფლის მოსახლეობის ყოფა, მათი განცდები, ემოციები. შემდეგ ერთ-ერთი სოფელი ერედვი, რომელიც, სამწუხაროდ ამ ოკუპაციის შედეგად, ასევე გავიდა ჩვენი კონტროლის ზონიდან, ძალიან კარგად მესმის ეს, ვინაიდან, ბავშვობა ამ სოფელში მაქვს გატარებული. დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ერთიანობით, მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ჩვენ რა გზავნილს ვუგზავნით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ხედავენ, რომ ჩვენ ჯერ შიგნით არ ვართ მტკიცედ ჩამოყალიბებული, არ ვდგავართ მტკიცედ და არ ვართ გაერთიანებული, ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი. ამ დღეს მაინც, მინდა ვისურვო, ჩვენ ყველანი გავერთიანდეთ, ქედი მოვიხაროთ ჩვენი დაღუპული გმირების, მათი ოჯახების, მათი ხსოვნის წინაშე", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამხედროებმა, პოლიციელებმა, სამოქალაქო პირებმა სამშობლოს და მოსახლეობის დასაცავად უდიდესი გმირობა ჩაიდინეს.

„კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით მათი გმირობის, მათი ხსოვნის წინაშე. ეს დღე გვახსენებს იმას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებიც მოდიან ხელისუფლებაში, რომლებსაც ეძლევათ ხალხისგან ნდობა და მანდატი, გამოიყენონ ის კეთილგონივრულად, არ გამოიყენონ ეს ნდობა და მანდატი ბოროტად. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ხშირად, პოლიტიკოსებს გვავიწყდება ჩვენი მთავარი ვალდებულება. ხელისუფლების მთავარი ვალდებულებაა ჩვენი ქვეყნის და ხალხის დაცვა ნებისმიერი კრიზისისგან, ომისგან, პირველ რიგში, რაც მთავარია და ასევე, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ამას თუ ვერ ახერხებს ხელისუფლება, ის ხელისუფლება ვეღარ იქნება ხალხის რჩეული და ასეც მოხდა, სამწუხაროდ. ეს გაკვეთილებია, ეს ჩვენი ტკივილია, ჩვენი ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა. ჩვენ მშვიდად, გონივრულად, პრაგმატული პოლიტიკით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მივაღწიოთ, ერთის მხრივ, ქვეყნის დეოკუპაციას, ქვეყნის შიგნით გაძლიერებას, ხალხის გაერთიანებას და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას. ღმერთმა ინებოს, ეს დღე მალე დადგეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გადაიხადა. პანაშვიდის შემდეგ, მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ოქონის საწინამძღვრო ხატით დალოცა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური