საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - 6 თვის განმავლობაში 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა საშუალება, 1,2 მლრდ ლარით გაგვეზარდა ბიუჯეტი, ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას ამოსაბეჭდი ვერსია

2021-08-05

ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს - აპრილში ჩვენ გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში ეს მაჩვენებელი 25,8% იყო, ივნისში - 18,7% გვქონდა ეკონომიკური ზრდა და ჯამში, 6 თვის განმავლობაში, 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა; ამან მოგვცა საშუალება, ბიუჯეტის კორექტირება მოგვეხდინა და 1,2 მლრდ ლარით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი; შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაც და წელსვე დაიწყება საგარეო ვალის შემცირების პროცესიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საგარეო ვალის ნიშნული საკმაოდ მაღალია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომდევნო წლების განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებასთან ერთად. 

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაციებს. დღეს წარმოგიდგენთ ფინანსთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების ხედვას, მაგრამ დეტალურ პრეზენტაციამდე მინდა, მოკლე შესავალი გავაკეთო. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, ვგულისხმობ პანდემიას და პოსტპანდემიური პერიოდი იყო და ჯერ კიდევ არის ჩვენი გამოწვევა, ვინაიდან ვაკვირდებით, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში მძიმდება. მინდა, შევახსენო მოსახლეობას, სად ვიყავით რამდენიმე თვის წინ, წლის დასაწყისში, როდესაც ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა და ვაქცინების შემოტანა საქართველოში. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანა იყო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე, ჩვენ ძალიან დიდი დანაკლისი მივიღეთ, მთავრობას მოუწია საკმაოდ დიდი, სერიოზული ვალის აღება, კონკრეტულად პანდემიის სამართავად ჯამში 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი და ჯამურად 3 მილიარდ დოლარზე მეტი ვალის აღება მოუწია ქვეყანას გასულ წელს, რაც ბუნებრივია, იყო და არის ძალიან მძიმე ტვირთი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის და მთლიანობაში, ჩვენი მთავრობის სამართავია ეს გამოწვევა. ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს - აპრილში ჩვენ გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში ეს მაჩვენებელი 25,8% იყო, ივნისში - 18,7% გვქონდა ეკონომიკური ზრდა და ჯამში, 6 თვის განმავლობაში, 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა. ამან მოგვცა საშუალება, ბიუჯეტის კორექტირება მოგვეხდინა და 1,2 მლრდ ლარით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი. შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაც და წელსვე დაიწყება საგარეო ვალის შემცირების პროცესიც. საგარეო ვალის ნიშნული საკმაოდ მაღალია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომდევნო წლების განმავლობაში და ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და ბიუჯეტის დეფიციტის მართვა და შემცირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ეკონომიკის ზრდის პროცესის შენარჩუნებაში და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია და მაღალი ეკონომიკური ზრდა პირდაპირ კავშირშია.
„აქვე მინდა, შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ გადავწყვიტეთ მყარად და ვთქვით, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა. ჩვენ ეკონომიკას არ შევაჩერებთ, ეს არის მცდარი გზა. ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს ტემპის მატება ვაქცინაციის მიმართულებით. გუშინ გვქონდა 20 000 აცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი აცრა ყოველდღიურად, იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ. ჩვენი ამოცანა მომდევნო  2-3 თვის განმავლობაში სამი მილონი აცრის ჩატარებაა, რაც მოგვცემს საშუალებას,  მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ქვეყანაში, არ გავაჩეროთ, არ დავკეტოთ ქვეყანა ხელმეორედ და ის მძიმე შედეგები არ გამოვიწვიოთ ხელახლა, რაც ჩვენ ყველამ ერთად გამოვცადეთ გასულ წელს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში ვირუსს ვაქცინაცია ამარცხებს და მოსახლეობას აცრის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 
„ჩაკეტვით ვირუსს ვერ დავამარცხებთ, შეიძლება დროებით მოხდეს შეყოვნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ვირუსს ამარცხებს ვაქცინაცია. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით ჩვენს მოსახლეობას, ყველანი აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა საშუალებით, როგორიცაა სოციალური მედია, ტელევიზია თუ სხვა. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას, რომელმაც შექმნა ეს უნიკალური საშუალება და გამოსავალი, როგორიც არის ვაქცინა. მთლიანობაში, ქვეყანაში ძალიან პოზიტიური დინამიკაა. ბიზნესსექტორის წარმომადგენლები გვესწრებიან და ვიცი, რომ მათი განწყობაც არის ასეთივე პოზიტიური. შემთხვევითი არ არის ის დინამიკა, რაც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს. ამას სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. მთავრობა ყველაფერს აკეთებს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. მთავარი გამოწვევა იქნება საგარეო ვალის შემცირება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და ზოგადად, ამ პროცესის მართვა, რასაც ჩვენ ძალიან ეფექტიანად მოვახერხებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაცია ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გამართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე სხვადასხვა უწყებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური