საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - გილოცავთ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს! ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლოა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-04-29

.

..  ...

ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო თავდაცვის მინისტრო, თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, ბატონო სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარევ, პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დღევანდელი დღე მიულოცა ყველა სამხედროს, ვეტერანებს, მოქალაქეებს და პატივი მიაგო ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობისთვის დაცემულ გმირებს.

„მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ყველა სამხედროს, რომლებიც ღირსეულად, უმაღლესი პროფესიონალიზმითა და თავდადებით ემსახურებით ჩვენს სამშობლოს და მზად ხართ, დაიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. მინდა, მივულოცო ჩვენს საამაყო ვეტერანებს, რომლებიც ამაყად და შეუდრეკლად იცავდით ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს. მინდა, მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ქართული ჯარი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლო. მინდა, პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობისთვის დაცემულ ჩვენს გმირებს, ჩვენს სასახელო მებრძოლებს, რომელთაც თავი გასწირეს საქართველოსთვის. მათ ყველას აჩვენეს ქართველი კაცის მებრძოლი სული და სამშობლოსთვის თავდადება. ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე. ვულოცავ და მადლიერებას გამოვხატავ ჩვენი დაჭრილი, დაშავებული მებრძოლებისადმი, რომლებიც თავიანთი გაუტეხელი და დაუმარცხებელი სულისკვეთებით სიამაყით გვავსებენ. დღევანდელი დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის პატრიოტიზმს და მუდმივ მზაობას, დაიცვას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი ხალხის თავისუფლება, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საკუთარი ღირსეული წვლილი შევიტანოთ მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცებაში,"- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება ძალისხმევა თავდაცვის ძალების განმტკიცების, თანამედროვე, ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების დანერგვის, შეიარაღების მოდერნიზების და სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად.
„30 წელია, ჩვენი სამხედროები საქმითა და თავდადების პირადი მაგალითებით ამტკიცებთ, რომ ქართველებს სამშობლოს დაცვა სისხლში გვაქვს გამჯდარი. განვლილი 30 წლის განმავლობაში, ოკუპაციისა და გამოწვევების მიუხედავად, მიღებული გამოცდილებით, შრომითა და თავდადებით, წვრთნებით და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობით, თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა, როგორც თანამედროვე, მოტივირებული, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი ძალა. ის დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ნდობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუტია. ჩემთვის დიდი პატივი იყო და მეამაყება, რომ ამ პროცესში, მინისტრის რანგში ქმედითი ნაბიჯები გადავდგით თავდაცვის ძალების გაძლიერების, აღმშენებლობისა და განვითარების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის რანგში კი გპირდებით, გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ძალისხმევა თავდაცვის ძალების განმტკიცების, თანამედროვე, ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების დანერგვის, შეიარაღების მოდერნიზების და სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თავდაცვის ძალების წარმატებული განვითარება წარმოუდგენელია მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

„დღეს, საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა, ასევე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა და არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. ეს პარტნიორობა ეფუძნება საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, თავდაცვის ძალების ინსტიტუციური აღმშენებლობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას. მინდა, მივესალმო ბატონ მარშალს, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ჩვენთან ერთად ესწრება თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს და მადლობა გადავუხადო მას მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ავღანეთის მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ მათ აჩვენეს ქართული მხედრული სული და საქართველოს მთელ მსოფლიოში დაუმკვიდრეს სანდო და საიმედო პარტნიორის სახელი.

„მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენი ჯარის როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და თქვენი ღირსეული მონაწილეობა ნატოს მისიაში ავღანეთში, რომელიც სექტემბრისთვის სრულდება. ამ მისიაში ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართული მხედრული სული და საქართველოს, საქვეყნოდ, მთელ მსოფლიოში დაუმკვიდრეს სანდო და საიმედო პარტნიორის სახელი. ჩვენ ამაყად და თავაწეულები დავტოვებთ ავღანეთის მისიას და მომავალშიც, არსებულ ფორმატებში განვაგრძობთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას გიხდით სამშობლოს მსახურებისთვის, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე.

ცერემონიალის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა, გვირგვინით შეამკეს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური