საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინშსი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2021-03-28

ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინშსი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშვნას ულოცავს. მისალოც წერილში ყურადღება გამახვილებულია ლატვიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ხანგრძლივ პარტნიორობაზე. კრიშიანის კარინშსი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები მომავალში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

„ლატვიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მსურს გულითადად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ჩვენმა ქვეყნებმა წლების განმავლობაში ჩვენი ერების სასიკეთოდ შესანიშნავი თანამშრომლობა და ხანგრძლივი პარტნიორობა დაამყარეს სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კავშირები მომავალში მხოლოდ გაძლიერდება,"- აღნიშნულია წერილში.

კრიშიანის კარინშსი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ლატვია მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასე გააგრძელებს მომავალშიც.

„მსურს ჩემი გულწრფელი სურვილები გამოვხატო საქართველოში რეფორმების ურყევი და წარმატებული განხორციელების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსთან ურთიერთობების გაღრმავებას.

თქვენო აღმატებულებავ, უამრავ წარმატებას გისურვებთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნებასთან ერთად,"- აღნიშნულია მისალოც წერილში.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური