საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა „ალიანს ცენტროპოლისის“ კომპლექსის მშენებლობა გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-03-25

  .

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმში „ალიანს ცენტროპოლისის" კომპლექსის მშენებლობა გახსნა, რომლის საძირკველშიც სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

„ალიანს ჯგუფის" პროექტი „ალიანს ცენტროპოლისი" უნიკალური რეგიონალური ჰაბია, რომელიც გლობალურ ბრენდებს აერთიანებს. რეგიონში პირველი, უმსხვილესი ღონისძიებების ორგანიზატორი ქსელის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის გარდა, პროექტი ასევე მოიცავს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ჰაიატ ცენტრიკს".

ალიანს ჯგუფის პროექტში გაერთიანებული იქნება 10 000 კვ.მ სარეკრეაციო ზონა, 1000 ავტომობილზე გათვლილი 3-დონიანი მიწისქვეშა პარკინგი, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების უმაღლესი კლასის რესტორნები და კვების ობიექტები, გასართობი ცენტრი, ბოულინგი, კინოთეატრი, სპა- და გამაჯანსაღებელი სივრცეები, ფიტნესცენტრები, საცურაო აუზები და გასართობი ტურისტული სივრცეები.

„ალიანს ცენტროპოლისში" ასევე წარმოდგენილი იქნება აჭარაში პირველი A კლასის სავაჭრო, ბიზნეს- და საგამოფენო ცენტრები და საინვესტიციო აპარტამენტები.

„ალიანს ცენტროპოლისი" ალიანს ჯგუფის მეხუთე მასშტაბური პროექტია. კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, პანდემიის პერიოდში, მსოფლიო სასტუმრო ბრენდი - „ჰაიატ ცენტრიკი" შემოვიდა.

„ალიანს ცენტროპოლისის" საინვესტიციო ღირებულება 380 მლნ დოლარია, მშენებლობის პროცესში კი 2 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო პროექტის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, კომპანია 3 ათასამდე ადგილობრივს დაასაქმებს.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური