საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - აშშ-ს სენატში გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში ამოსაბეჭდი ვერსია

2021-03-25

მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების სენატს და ასევე სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად, ბატონ ჯორჯ კენტს გაკეთებული სამართლიანი შეფასებისთვის და ობიექტურობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში.

„აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა აღნიშნული განცხადებებით და, რაც მთავარია, დასრულდა ის ერთგვარი აბსურდული ბრალდებები, ცილისწამება და სპეკულაციები, რომლებიც გვესმოდა ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მზად ვართ, ძალიან მოკლე დროში განვახორციელოთ საარჩევნო რეფორმა, ასევე მოვემზადოთ და განვახორციელოთ მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა და ყველა ის რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რომლებიც იყო აღნიშნული ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მხრიდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური