საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილის, ჟოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომის შემდეგ

ჟოზეფ ბორელი - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი:

მოგესალმებით,

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ასოცირების საბჭოს ფარგლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია თავისთავად და ამავდროულად, ის ტარდება ძალიან მნიშვნელოვან დროს თქვენი ქვეყნისთვის, ბატონო პრემიერო, იმდენად, რამდენადაც, გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როდესაც ქვეყანა ებრძვის კორონავირუსს და სამომავლოდ ძალიან ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი აქვს განსახორციელებელი. ესენია - საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა და მთავრობისთვის, ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას. ბატონ პრემიერ-მინისტრს მე ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმებას მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში და პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჯანსაღი ფუნქციონირებად დემოკრატიაში, თუ არ იარსებებს დიალოგი. ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ პლურალიზმის დამკვიდრებას ქვეყანაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში, უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება დადგეს. ყველას ვთხოვთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და კომპრომისზე წავიდნენ.

თქვენ კარგად იცით, რომ ევროკავშირი, დიდი ხანია, ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს ჩვენ ფასილიტაციიდან გადავედით დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას. საქართველოში მარტის დასაწყისში იმყოფებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. დღეს, ჩვენი საუბრის ფორმალური ნაწილი ამ მედიაციის პროცესზე იყო კონცენტრირებული. ჩვენ პირადად ბატონი პრეზიდენტისგან გვაქვს მიღებული ინფორმაცია და შემდეგ ინფორმაცია გვაქვს მიღებული ბატონი კრისტიან დანიელსონისგან და გვინდა, რომ სრულად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ოპოზიციური და მმართველი ძალის წარმომადგენლები ამ პროცესში. შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ, როგორც პრემიერ-მინისტრი ბრძანებს, ვალდებულება აღებულია კონსტრუქციულ დიალოგსა და პროგრესზე და იგივე უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიებისგანაც. ბატონი დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რომელზეც საუბარი გვქონდა. ეს მოხდება მომდევნო დღეებში და ვნახავთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა.

თუმცა, ეს არ იყო ერთადერთი საკითხი, რაზეც საუბარი გვქონდა ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. ეს შეხვედრა იყო შანსი, შეგვეფასებინა საერთო თანამშრომლობის ასპექტები, ჩვენი სრულმასშტაბიანი და ფართომასშტაბიანი ასოცირების შეთანხმება. საუბარი გვქონდა ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე.

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ კოვაქსიდან მიიღო დახმარება, უფრო მეტი იქნება ევროკავშირიდან დახმარების სახით. ჩვენ გვინდა, რომ ხავერდოვნად გაიაროს ქვეყანამ ეს სიტუაცია და მდგრად მდგომარეობას მიაღწიოს, ქვეყანაში აღდგეს პანდემიამდე არსებული ეკონომიკური მდგომარეობა.

ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, საუბარი იყო საარჩევნო, სასამართლო სისტემების რეფორმებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის. მე ხაზი გავუსვი, რომ საქართველომ სასამართლო სისტემის რეფორმის დანაპირები უნდა შეასრულოს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ნდობა გაიზარდოს მოსახლეობის მხრიდან, უნდა შეიქმნას ამის საფუძვლები.

ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობაზე სხვადასხვა სფეროში. ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შენგენის ზონაში 1,2 მილიონი უვიზო ვიზიტი განხორციელდა და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა ჩვენთან ვიზიტით. იყო გარკვეული განაცხადები, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. აუცილებელია, რომ გამომგზავრებამდე მოქალაქეების შემოწმება განხორციელდეს, რათა ლეგიტიმური იყოს მათი მოგზაურობის მიზნები.

ვისაუბრეთ რეგიონულ ვითარებაზეც, რა მდგომარეობაა კავკასიაში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირში, ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ. ჩვენ უნდა ვახსენოთ ევროკავშირის მონიტორინგის მისია და მისი როლი, ასევე რუსეთის ჩართულობა და როლი. ეს ასპექტები განვიხილეთ.

დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ თავისი მოსაზრებები გაგვაცნო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და დრო გადამწყვეტია. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენლები ხელისუფლებაში, რომლებიც წარმოადგენენ მის ინტერესებს ევროკავშირში, ჩვენთან ურთიერთობაში და ჩვენც, საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად.


ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი:
უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისარს. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ასოცირების საბჭოს წევრებს ჩართულობისთვის. დღევანდელი საბჭო არის განსაკუთრებული მოვლენა ჩვენს ურთიერთობებში, კოვიდის გლობალური პანდემიის დაწყების დღიდან.

ნება მიბოძეთ, საქართველოს, როგორც ძლიერი და საიმედო დემოკრატიული პარტნიორის მკაფიო მზადყოფნა გამოვთქვა დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, ამ გეოპოლიტიკურად დაძაბულ რეგიონში. ჩვენ მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ და გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ ეს რთული და მნიშვნელოვანი გზა გავიაროთ. ძალიან ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას ჩვენი მისწრაფებების განვითარების და წინსვლის საქმეში. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი იყო იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად მიიჩნევს. ჩვენი განაცხადი და ამბიცია არის ის, რომ 2024 წლისთვის გავაკეთოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის განაცხადი.

ევროკავშირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უმსხვილესი დონორია საქართველოს განვითარების სფეროში. ჩვენ ვაფასებთ იმ დახმარებას, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს, განსაკუთრებით, პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ტექნიკური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, პანდემიის შედეგებისგან თავის დაღწევის და რეფორმების განხორციელების კუთხით. ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ მიღებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, ენერგოეფექტურობის, ადამიანის უფლებების, ანტიდისკრიმინაციული ბაზრის მიმართულებით და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს, იყო ისტორიული გადასვლა საპარლამენტო დემოკრატიის ეტაპზე და როგორც იქნა ნახსენები, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება იყო დაცული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახლა, კიდევ უფრო დინამიური გახდეს და მომავალზე იყოს ორიენტირებული ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, რომ ფიზიკური დისტანცია, განსხვავებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემცირდეს. საქართველოს მეტი შესაძლებლობები სჭირდება ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის. ჩვენთვის, ეტაპობრივი და ინტენსიური ინტეგრაცია იქნება შემდეგი საეტაპო მოვლენა. საქართველო არის ევროკავშირის კარიბჭე და ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული სატრანსპორტო ჰაბი. ჩვენ უზრუნველვყოფთ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირებს ევროპას და აზიას შორის. ეს მიზნები ყველასთვის საერთოა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შავი ზღვის პოტენციალი სრულად უნდა იყოს ათვისებული.

ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე. მადლობას ვუხდით ევროკავშირს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების საკითხი. რუსეთი ახდენს ოკუპაციას და ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირის მნიშვნელოვანი ძალისხმევა გულისხმობს მონიტორინგის მისიის ჩართულობას და მხარდაჭერას არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში და კონტექსტში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის, საერთო უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, მათ შორის - ბატონი ზაზა გახელაძის დაკავებაზე.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ბატონებო და იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, საქართველოში გიხილავთ.

ოლივერ ვარჰეი - ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში:
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია ეს შეხვედრა. ჩვენ საუბარი გვქონდა სიღრმისეულად და საკმაოდ დეტალურად ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაზე და ხელშესახები სარგებლის მოტანაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვისაუბრეთ გამოწვევების შესახებ, რომელიც ორივე მხარის წინაშე არის, როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის - რეფორმების განხორციელებაზე.

ძალიან ოპერატიულად და დროულად მოვახდინეთ რეაგირება, საქართველოსადმი სოლიდარობა, მნიშვნელოვანი სამედიცინო მარაგების უზრუნველყოფა, 130 მლნ ევროზე მეტი გამოიყო გასულ წელს კოვიდის დაძლევის მიზნით, 50 მლნ ევრო იყო მაკროფინანსური დახმარება მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც და აქცენტი ახლა ვაქცინაციის კამპანიაზე კეთდება. ძალიან მახარებს, რომ შაბათს დილით საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია ჩავიდა, კოვაქს-პლატფორმის ინიციატივის ფარგლებში. ჩვენ უმსხვილესი დონორი ვართ ამ პლატფორმაზე და ამ ინიციატივის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარდამჭერი. ვაქცინის ჩამოტანის პარალელურად, რაც მომავალშიც გაგრძელდება, საქართველოს დავეხმარებით ვაქცინაციის კამპანიის წარმოებაშიც, რომელიც წარმატებით დაიწყო გუშინ.

საქართველოს მოქალაქეები დახმარებას მომავალშიც მიიღებენ. უკეთესი, მწვანე ეკონომიკა იარსებებს კრიზისის დაძლევის შემდეგ და როგორც მოგახსენეთ, ბატონო პრემიერო, ჩვენი მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირებზე და ა.შ.

ევროკავშირი საქართველოსთვის უმსხვილესი პარტნიორია, ჩვენ ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ექსპორტზე, ექსპორტის პოტენციალის განვითარებაზე, დივერსიფიკაციაზე, ევროკავშირში საქართველოს პროდუქციის შემოტანაზე.

ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა და დასაქმება სწრაფად, რადგან ეს არის ნებისმიერი ეკონომიკური აღმასვლისა და მდგომარეობის დაძლევის საწინდარი. მეტად ხელმისაწვდომი ხიდები უნდა არსებობდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც, ასოცირების შეთანხმებასთან ჰარმონიზაციის კუთხითაც. პოზიტიურად იყო მიჩნეული საჯარო შესყიდვებისა და სხვა მიმართულებით საკანონმდებლო რეფორმები. სასამართლო სისტემის რეფორმა და სამართლის უზენაესობა აღინიშნა, როგორც მნიშვნელოვანი ასპექტები.

გასული წლის შემოდგომაზე გამართული არჩევნების შესახებ მინდა ერთი წინადადებით ვთქვა - გვჯერა, დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, ორივე მხარე უნდა იყოს კონსტრუქციულ დიალოგში ჩართული, რომელიც მიგვიყვანს გადაწყვეტამდე და ეს კონსტიტუციის და დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე გაკეთდება.

აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომელიც არის ჩვენი წლევანდელი წლის აქცენტი, ეფუძნება პოლიტიკის გზავნილებს, ამბიციურ გეგმას, რომელიც საქართველოს გააჩნია საინვესტიციო და ასოცირების ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები არის ის ასპექტი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იქნება ჩვენი ყურადღების ცენტში. ამაში ჩართული იქნება საქართველოს ხელისუფლება და მომავალშიც ვიმედოვნებთ, რომ ამაზე საუბარი სამიტზე გაგრძელდება.

სალომე აბულაშვილი - „ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი: კითხვა მაქვს ბატონ ბორელთან. როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არის არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა. პოლიტიკური სიტუაცია უარესდება დროთა განმავლობაში და ეს გამოსავალი, რამდენად იქნება ეფექტური, რამდენად იქნება ის გარანტია ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად?

ჟოზეფ ბორელი: ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები. ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი.

რიკარდ ჯოზვიაკი - თავისუფალი ევროპის ჟურნალისტი: მზად ხართ განიხილოთ თავისუფალი არჩევნები? მზად ხართ თუ არა, გამოუშვათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სასამართლო სისტემის რეფორმა განახორციელოთ? ბატონ ბორელთანაც მაქვს კითხვა - რატომ არის ჩართული ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თავისი მედიატორით ამ პროცესში და რატომ არ არის ჩართული ევროკავშირის უმაღლესი კომისარი?

ირაკლი ღარიბაშვილი:
სასამართლო რეფორმას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვისაც. სასამართლო სისტემის რეფორმაზე აბსოლუტური ვალდებულება გვაქვს ნაკისრი. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ამ კუთხით მიღწეული. როდესაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვედით, არ ვაჭარბებ - კატასტროფული სიტუაცია იყო. ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა, სამ ეტაპად, სასამართლო სისტემაში და მზად ვართ, ასევე გავაგრძელოთ.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება, როგორც თქვენ ბრძანეთ, პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას - პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ ვინმე გამოვუშვათ. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, როდის, ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ეს არის სამართლის უზენაესობა, სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინმე გაუშვას პატიმრობაში, თუ გაუშვას საპატიმროდან.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს - ჩემი პრეროგატივა არ არის, გადავწყვიტო, როდის ჩატარდება არჩევნები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ეუთომ, ოდირმა, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.

ჟოზეფ ბორელი:
მინდა აღვნიშნო, რომ ეს ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელზეც შევიკრიბეთ, მარტივ დროს არ ტარდება. ჩვენ შიდა პოლიტიკური პრობლემების მომსწრენი ვართ საქართველოში. ასოცირების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ შიდა პოლიტიკური ბრძოლა იყოს დაძლეული იმ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენთან ასოცირების სურვილი აქვს. მინდა გაგახსენოთ, რომ ევროსაბჭოს საერთაშორისო კონვენციით, ჩვენ გვყავს უმაღლესი წარმომადგენელი, ვიმეორებ - უმაღლესი წარმომადგენელი და ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩათვალა საჭიროდ, რომ შიდა საკითხებში ჩართულიყო. ასეც მოხდა და შემდეგ, ამ ძალისხმევის გაგრძელების მიზნით, ასევე ჩათვალა საჭიროდ, რომ სპეციალური წარმომადგენელი, მედიატორი დაენიშნა, რომელიც ქვეყნის შიდა საკითხებზე იმუშავებდა. ამავდროულად, როგორც უმაღლესი წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში კურირებს გარე საკითხებს, ის არ ერევა შიდა საკითხებში. იმედი მაქვს, ეს განმარტავს ყველა ამ პირის როლსა და ფუნქციას. ამას გარდა, ჩვენ გვყავს დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, ადგილზე, რომელიც ეხმარება ბატონ დანიელსონს. ისინი ერთად მუშაობენ და ყველა დეტალზე აქვთ მუშაობის მანდატი. ის არის ჩვენი დელეგატი საქართველოში და უმაღლესი კომისარიც საქმის კურსშია, ფლობს სიტუაციას და ეს აშკარა და ნათელი გზავნილია ჩვენი მხრიდან.

რამაზ ხატიაშვილი - „მთავარი არხის" ჟურნალისტი: კითხვა მაქვს ბატონ პრემიერ-მინისტრთან. გუშინ თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, იპოვოს გამოსავალი, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. რა მიგაჩნიათ სახელმწიფო ინტერესებად? რაიმე შემოთავაზება თუ იყო ოპოზიციის მხრიდან, რომელიც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიდიოდა? ასევე, რა დათმობაზე ხართ მზად, რომ წახვიდეთ, ამ პოლიტიკური კრიზისის რაც შეიძლება სწრაფად გადასაჭრელად?

ირაკლი ღარიბაშვილი:
ჩვენ თავიდანვე ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვით, რომ ვიყავით და ვართ მზად, გავაგრძელოთ დიალოგი ოპოზიციასთან. ჩვენ რამდენიმე კონსტრუქციული ძალისხმევა განვახორციელეთ, რათა მომხდარიყო ამ წნეხის დეესკალაცია და გარკვეული იდეები, შემოთავაზება გვქონოდა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულნი ამ პროცესში. არ მინდა, დეტალებში შევიდე, ვინაიდან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და გრძელდება. ბატონი დანიელსონი ამჟამად საქართველოშია, იგი შეხვედრებს ატარებს ოპოზიციასთანაც და "ქართულ ოცნებასთანაც", ამიტომ დაველოდებოდი ამ კონსულტაციების საბოლოო შედეგს.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა ვიგულისხმე იმაში, რომ არაფერს გავაკეთებდით სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, უნდა ვთქვა - რაც ყველა ქართველის ინტერესებშია. მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მოსაზრებებისა, ან პოლიტიკური მიკერძოებისა, ყველამ უნდა დავიცვათ სამართლის უზენაესობა, ესაა ჩვენი საერთო მიდგომა, ესაა დამოკიდებულება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. გადაწყვეტილება, რომელიც ძირს გამოუთხრის სასამართლო სისტემას, სამართლის უზენაესობას, არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, აი, ეს ვიგულისხმე სწორედ გუშინ, როდესაც გავაკეთე განაცხადი, რომ გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის საერთო დამოკიდებულება.


ქეთევან ქარდავა ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტი: დიდი მადლობა, რომ კითხვის დასმის შესაძლებლობას მაძლევთ. კითხვა მაქვს, როგორც ევროკომისართან, ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, რადგან ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისთვის. საქართველო წევრობაზე განაცხადს გააკეთებს 2024 წლისთვის. ევროკავშირი თუ არის მზად ამ მიმართულებით და ამ კონტექსტში?

მეორე კითხვა - ვიცი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია უყურებს ამ პრესკონფერენციას. უმაღლესო წარმომადგენელო, კიდევ ერთხელ, თუ შეიძლება, უთხარით, როგორია თქვენი რეკომენდაცია, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ამ შეხვედრის შემდეგ?

ოლივერ ვარჰეი:
რაც შეეხება ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ მიღებული გვაქვს ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოდან. საქართველოს სურს, გაფართოვდეს ჩვენი თანამშრომლობის არეალი და მზად ვართ ამისთვის. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან აღმოსავლეთ სამეზობლოში, რომელსაც უფრო მეტის გაკეთება სურს ჩვენთან ერთად. მეორეს მხრივ, ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე იძლევა მეტ შესაძლებლობას ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისთვის. ჩვენი რჩევა იქნება, რომ, უპირველეს ყოვლისა, გამოვიყენოთ ყველა არსებული ინსტრუმენტი და შესაძლებლობა, რაც არსებობს ამ ჩარჩო-შეთანხმების ფარგლებში, რაც ხელმოწერილია საქართველოსთან. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანამ მიიღო, რომ განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს. ჩვენი, წევრი სახელმწიფოების კოლექტიური გადაწყვეტილება იქნება ამ განაცხადის გათვალისწინება და შემდგომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება. ამ ეტაპზე, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების ასპექტებზე.


ჟოზეფ ბორელი:
მე მხოლოდ ის შემიძლია გავიმეორო, რაც უკვე ვთქვი. შარლ მიშელი საქართველოში იმყოფებოდა და ჩართული იყო არსებული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვაში. ნათელია, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა უწყება, ყველა მოთამაშე საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს უნდა აყენებდეს პირველ ადგილზე. ყველა პოლიტიკური პარტია საერთო საფუძველზე უნდა მუშაობდეს მომავლისთვის და მთავრობამ უნდა გამოიჩინოს კლასიკური ლიდერობა და პასუხისმგებლობა განსაკუთრებით უნდა იგრძნოს, როგორც მმართველმა პარტიამ, რომ სამომავლო გზები ვიპოვოთ. პარლამენტის გვერდის ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი. ყველამ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისაგან და ვიპოვოთ კომპრომისები.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური