საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-03-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითად საკითხებს შეეხო.

პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით თურქეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ ერთობლივი რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტიანი სტრატეგიული პარტნიორობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პანდემიისას შექმნილ გამოწვევებზე და აღინიშნა, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით კვლავაც პრიორიტეტულია, ვინაიდან გლობალური პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური