საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-01-20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ბულგარეთის მთავრობას გლობალური პანდემიის პერიოდში გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო ვაქცინაციის საკითხს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ COVAX-პლატფორმის პარალელურად, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა ქვეყანამ ვაქცინა რაც შეიძლება ადრე მიიღოს და ამ მიმართულებით ბულგარეთის მხარდაჭერას მიესალმება.

განსაკუთრებით გაესვა ხაზი შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას. ასევე, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. აღინიშნა, რომ პოსტპანდემიური გამოწვევების გათვალისწინებით აუცილებელია გაგრძელდეს ერთობლივი ძალისხმევა, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს არსებული პოზიტიური დინამიკა როგორც სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, ისე სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა ბულგარელ დიპლომატს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ბულგარეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური