გიორგი გახარიამ 21-24 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-01-24

-

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში 21-24 იანვარს შედგა.

გაიმართა მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, მათ შორის ლიეტუვის, ლატვიის, აზერბაიჯანის, სომხეთის პრეზიდენტებთან, ესტონეთის, ხორვატიის, სლოვენიის, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პირველ ვიცე-პრეზიდენტსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივანთან.

ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებზე განხილული იყო როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები. აღინიშნა, რომ საქართველო უნდა გახდეს და გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, თუმცა ბევრი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. ყურადღება გამახვილდა 2020 წელს ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, საქართველო წარადგენს კონკრეტულ ხედვას, როგორ ხედავს ევროკავშირში ინტეგრირების შემდგომ პროცესს. დასავლელი პარტნიორების მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებული პროგრესი და აღინიშნა, რომ ყურადღებით აკვირდებიან საარჩევნო პროცესს. მაღალი დონის პოლიტიკურ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კონტექსტზე, განსაკუთრებით შავი ზღვის ნაწილში და აღინიშნა საქართველოს როლი ევროპული უსაფრთხოების კონცეფციისა და არქიტექტურის შექმნაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმო შეხვედრებს მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb, Citi Group, ACCIONA , ENEL და სხვა.

ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციების მხრიდან საქართველოს დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა და ქვეყნის ფინანსური მდგრადობის ხარისხი პოზიტიურად შეფასდა. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. ასევე, შეხვედრებზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები საქართველოში კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ. კერძოდ, შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch​-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი  პროდუქტ "რაგუსას" წარმოებაში გამოიყენებს. ამ მიზნით, 
Camille Bloch​-მა უკვე მოიძია 651 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. 

გარდა ამისა, განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს. ამ მიზნით, გაგრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ACCIONA-ის საქართველოში 200 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით.

საქართველოში ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად სპეციალურ ჯგუფს გააგზავნის გლობალური ლიდერი მულტინაციონალური ენერგეტიკული კომპანია ENEL-ი, შესაბამისი გადაწყვეტილება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანჩესკო სტარაჩიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას მიიღო. ასევე, ამერიკული კომპანია "კოკა-კოლა" დაინტერესებულია რეგიონში წარმოების გაფართოებით და განაგრძობს საქართველოში  ინვესტიციების განხორციელებას. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო არის ძირითადი მოტივატორი ქვეყანაში დამატებითი საწარმოო ხაზის შექმნისა და ბიზნესის გაფართოებისთვის. ამასთან, გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია  OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით დაინტერესდა, ,რომლითაც რეგიონს დაფარავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და OneWeb-ის აღმასრულებელი დირექტორის ადრიან სტეკელის შეხვედრისას აღინიშნა.

მთავრობის მეთაურმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - "ახალი ხედვა ევროპისა და აზიისთვის - პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის". 

შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი (EBRD) სუმა ჩაკრაბარტი, მონღოლეთის პრეზიდენტი ხალტმააგინ ბატულგა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და სხვები. 

შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები ევროპისა და აზიის ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებზე.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დისკუსიისას ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ორი კონტინენტის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული დაკავშირების საქმეში, საქართველოში არსებულ ხელსაყრელ გარემოს, გეოსტრატეგიულ ადგილმდებარეობას, რაც მას აძლევს შესაძლებლობას, დააკავშიროს მსხვილი ეკონომიკური მოთამაშეები და მეტი კეთილდღეობა შექმნას საქართველოს და მთლიანად რეგიონის მოსახლეობისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - New Ambitions for Europe, ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან, მათ შორის "ვოლვო ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

გიორგი გახარიამ ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ასევე ქვეყნის წინაშე ტერიტორიების ოკუპაციის სახით არსებულ გამოწვევაზე.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში რეალური და ძალიან ხელშესახები შედეგები გაგვაჩნია: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლა. თუმცა, გამოწვევებიც გვაქვს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში.
უპირველეს ყოვლისა, როდესაც საუბარია ეკონომიკაზე და როდესაც ვფიქრობთ ამ მიღწევების ყველა მოქალაქემდე დაყვანაზე, რათა ქვეყნის რიგითმა მოქალაქეებმა რეალური სარგებელი მიიღონ, დაკავშირებადობის ნაწილში რეალურ პრობლემას ვაწყდებით. ეს არის ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტი. საქართველოს კარიბჭედ მივიჩნევთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის. როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა ტვირთბრუნვისთვის პლატფორმად მოვიაზრებთ საქართველოს.
სრულად ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გულისხმობს. როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა პრობლემებს ვხედავთ შავ ზღვაში.
შავი ზღვა უპირველესი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვისაც. ეს ჩვენთვის ახალი განზომილებაა. ჩვენ საქართველოს როლს დასავლეთის პარტნიორად ვხედავთ.
ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია ევროპასა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში შეგვიძლია უსაფრთხოების ნაწილში.
როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, თანამშრომლობას ვგულისხმობთ შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში. ყირიმის ამბების შემდეგ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხი.
მეორეს მხრივ, როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკაზე, მეტი თანამშრომლობა გვჭირდება ევროკავშირთან და ამისთვის მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ დაკავშირებადობაზე.
როდესაც ქვეყანაში ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, მაგ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, მაგრამ სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს ევროკავშირთან, ეს რეალურ პრობლემებს ქმნის და ეს ის გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას.
ეს არის ჩვენი მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში და მას შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაზრდის საშუალებით მოვახერხებთ.
სრულად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რეალური პოლიტიკური საკითხების განხილვის ისეთი საშუალება არ გვაქვს, რაც ორგანიზაციის წევრობა ან ურთიერთობის გაღრმავებაა, მაგრამ ჩვენის მხრივ მზად ვართ ჩვენი საშინაო დავალება შევასრულოთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის შანსი რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს. ჩვენთვის ევროკავშირში და ნატო-ში წევრობა ერთადერთი გარანტიაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
ასე ვხედავთ საქართველოში ევროპასთან თანამშრომლობის პერსპექტივას. რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები - ევროპის მომავალზე ისაუბრებთ. 
გამოწვევებით სავსე რეგიონში ვართ და როდესაც ამ სამეზობლოს შეხედავთ რუკაზე თავადაც დარწმუნდებით ამაში.
აქტუალურია ოკუპაციის საკითხი. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით კონფლიქტის გადაჭრაზე იკისრა ვალდებულება. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან - შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან - ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციასაც დაესწრო.
ქართულმა სტარტაპმა Vault Wines-მა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების მართვის პროგრამა წარადგინა, რომელიც წამყვანი შვეიცარული ფონდის - CVVC-ის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებულია. 

Vault Wines - ის პროგრამა, რომელიც ღვინის ელექტრონული კომერციის ბიზნესსა და ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების ბლოკჩეინზე დაფუძნებულ მართვას გულისხმობს, 125 000 აშშ დოლარით დაფინანსდა და პროექტს 10 კვირის განმავლობაში 70-ზე მეტ გამოცდილ ექსპერტთან ერთად ამუშავებდა, რამაც ხელი შეუწყო პროექტის დახვეწას და საერთაშორისო კავშირების დამყარებას. ქართულ სტარტაპს უკვე ჰყავს შვეიცარიელი და ავსტრიელი კონტრაქტორები, რომლებიც მას გაუყალბებელი ჰოლოგრამებით და QR კოდებით უზრუნველყოფენ.
პრემიერ-მინისტრმა ქართველ ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ხაზი გაუსვა სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების პროცესში.

მთავრობის მეთაური, ევროპელ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის სახელით გამართულ მიღებაზე.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოგალერეა