პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე მაიკლ პომპეოს ვიზიტს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს და დღგ-ს ავტომატური დაბრუნების რეფორმას გამოეხმაურა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-11-19

  ..

ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა, ფასეულობებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია და საერთო გეოსტრატეგიული ინტერესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს ვიზიტის შეფასებისას მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხის და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური განვითარების და სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

„გუშინ დასრულდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში - უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ასევე ძალზედ მნიშვნელოვან დროს. ძირითადი თემები, რომლებიც განვიხილეთ, პირველ რიგში გახლავთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხი, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონული პროცესების ჭრილში და, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხის და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და რაც მთავარია სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესების შემდგომ გაძლიერებასა და ასევე ინსტიტუტების გაძლიერებას. როგორც შედეგი, ჩვენ საბოლოო ჯამში შევთანხმდით იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის, საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა, ფასეულობებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია და საერთო გეოსტრატეგიული ინტერესები. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის დროსაც, კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს შემდგომი განვითარებისა და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ, რომელიც 17 ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.

პრემიერის შეფასებით, ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში, რაც შეიძლება სწრაფად,  პროცესები დაბრუნდეს ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმებზე.

„საქართველოს მოქალაქეებმა უკვე, მაშინ, როდესაც 31 ოქტომბერს მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პირობებში, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, მათთვის მინიჭებული მანდატების და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში, ერთობლივად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქეს და იმ მოლოდინებს და პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარება, სტაბილური პოლიტიკური პროცესი, იმ გამოწვევების დროს, რომელსაც ქვეყანამ უნდა უპასუხოს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს გახლავთ გლობალური პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, რეგიონული გამოწვევები, უაღრესად მნიშვნელოვანია, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა დღევანდელ სხდომაზე ასევე ისაუბრა დღგ-ს დაბრუნების რეფორმაზე, რომელიც 150 000-მდე კომპანიას აძლევს შესაძლებლობა, ავტომატურად, ფაქტობრივად მომენტალურად დაიბრუნოს დამატებითი ღირებულების გადასახადი.

გიორგი გახარიას შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად, დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე, მომენტალურად დაუბრუნდება ბიზნესს და მსგავსი რეფორმა ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა.

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს სისტემური რეფორმის გატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„კოვიდ-19-თან ბრძოლასთან ერთად ასევე გვაქვს ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა - ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ამ თვალსაზრისით, ჩვენ პირველივე ტალღის დაწყებისთანავე, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ისეთ სერიოზულ რეფორმაზე და ნაბიჯზე, როგორიც არის დღგ-ს ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერც ერთ პერიოდში ვერ განახორციელა. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ, ფაქტობრივად მომენტალურად. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე, მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმა. ეს არის რეფორმა, რომლის მსგავსიც ბოლო წლების განმავლობაში, შეიძლება ითქვას, ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა და რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს როგორც საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. განსაკუთრებით ფასეულია ეს რეფორმა დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალის შენარჩუნების თვალსაზრისით. მინდა, მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმის გატარებისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური