საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - პანდემია გადაივლის, ვირუსს დავამარცხებთ, თუმცა, დემოკრატიული არჩევნების დროს გაკეთებული არჩევანი არის მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძველი ამოსაბეჭდი ვერსია

2020-10-28

  ..

ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა; დღეს ამ რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პროცესი სრულად მართვადია და კლინიკური მართვის ახალი მოდელიც ეფექტურად მუშაობს.

„სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება. ჩვენს ქვეყანაშიც, ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად გვეზრდება, თუმცა 1 მლნ მოსახლეზე, სხვებთან შედარებით, ევროპის ფარგლებში, ასე თუ ისე, ნორმალურად გამოვიყურებით. თუმცა, ეს არ არის დამშვიდების საფუძველი. კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროცესი სრულად მართვადია, ეფექტურად მუშაობს კლინიკური მართვის ახალი მოდელი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების პირობებში, მართონ ეს პროცესი შეუფერხებლად", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია და ხაზი გაუსვა პირბადის ტარების კავშირს წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებასთან.

„ყველამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ პირბადეების ტარება და დისტანცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. პირბადე უნდა ვატაროთ უკვე ყველგან, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. პირდაპირი კავშირია პირბადის ეფექტურ ტარებასა და წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებას შორის. რაც უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე ატარებს პირბადეს, წერტილოვანი შეზღუდვების მით უფრო ნაკლები აუცილებლობა იქნება და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე ისაუბრა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და მოქალაქეებს მოუწოდა, 31 ოქტომბერს გააკეთონ არჩევანი, რადგან ეს არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ეპიდემიოლოგების ყველა რეკომენდაცია და უსაფრთხოების შესაბამისი წესები.

„წინ გველის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები. საქართველოს მთავრობამ, ისევე, როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის არჩევანის უფლება სრულად იყოს აღსრულებული და დღეს ჩვენ ყველას შეგვიძლია, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდოთ, მივიდნენ არჩევნებზე. პანდემია გადაივლის, ვირუსს დავამარცხებთ, თუმცა, დემოკრატიული არჩევნების დროს გაკეთებული არჩევანი არის მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძველი. თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ყველა წესი, რომელიც იყო რეკომენდირებული ეპიდემიოლოგების მიერ. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ასე, რომ ჩვენ ყველამ ერთად, 31 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. ეს არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური