პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგი გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-10-15

თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება და ისინი 22:00 საათამდე იმუშავებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ ეპიდემიოლოგები და დედაქალაქის მერი.

„დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. გუშინ იყო მაგალითად 381 000. დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი - 919 ინფიცირებული პირი, რაც, რა თქმა უნდა, უკვე სერიოზული ციფრია და როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში, ჩვენ 1000-ს გადავაბიჯებთ. მსოფლიოში ჯერ არ არსებობს ეპიდემიის სწრაფი შეჩერების გზა, გარდა მკაცრი შეზღუდვების და „ლოქდაუნებისა", თუმცა ყველას გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის და ადაპტაციის თანმიმდევრული და გაცხადებული გეგმა და ამას აქვს თავისი ახსნა და მიზეზი. ამ ახსნის ძირითადი კომპონენტი გახლავთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, ეკონომიკური კონკურენცია პოსტკრიზისულ ეკონომიკაში იქნება აბსოლუტურად სხვა და ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ, ჩვენი ძირითადი სტრატეგია ამ მიმართულებით გახლავთ სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვები, რაც არის აუცილებელი და რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი. ინფიცირების 919 ახალი შემთხვევიდან 366 გახლავთ თბილისი, 286 აჭარა და 104-იმერეთი, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება და ისინი 22:00 საათამდე იმუშავებენ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საკმარისი. აქ ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია პირველ რიგში რა თქმა უნდა - მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, როგორც კერძო ისე სახელმწიფო ორგანიზაციებზე და ჩვენს მოქალაქეებზეც,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 8 თვის შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ვერავინ მოიგონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ეფექტური მეთოდი, ვიდრე პირბადე, დისტანცია და ხელის დაბანაა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა, თუმცა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ.

„ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალებები, რითაც შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი თავი და ახლობლები. მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება ქვეყანაში არის სავალდებულო დახურულ შენობებში და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც. ეს არ არის რთული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მინიმუმ ერთი წელი პირბადე იქნება ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს და ორგანიზაციებს, განსაკუთრებით სავაჭრო დაწესებულებებს, წესების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა.

პრემიერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსი სიკვდილიანობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და სტატისტიკურად, საქართველო, ბევრ სხვა  ევროპულ ქვეყანასთან შედარებით უკეთესად გამოიყურება, საუბარია კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეზე და ეს მხოლოდ და მხოლოდ ციფრები არ არის.
„პირველ რიგში,  ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი მოხუცების, ხანდაზმულების ჯანმრთელობას. ეს არის ყველაზე რისკის შემცველი სოციალური ჯგუფი. ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ცოტა სხვანაირია და ჩვენ, ხშირად, 3 და 4 თაობა ვცხოვრობთ ერთად, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეს უნდა გავითვალისწინოთ და ყველამ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი, ვატაროთ პირბადე, რათა დავიცვათ ჩვენი ახლობლები და ჩვენი ხანდაზმულები", -  აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობას და მიმართა, მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე გადავიდეს ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა იზრუნონ თავიანთ თანამშრომლებზე და აღჭურვონ ისინი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებებით.

„ეს არის რეკომენდაცია. ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ყოველთვის ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ. ის, რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როდესაც ერთ ორგანიზაციაში 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, პრობლემაა. რა თქმა უნდა, უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყროთ ჩვენს თანამშრომლებს, ვიზრუნოთ მათზე და უნდა აღვჭურვოთ იმ აუცილებელი საშუალებით, რათა ამ ხალხმა თავი დაიცვას ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, აჭარაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვირუსის გავრცლების მეტ-ნაკლები სტაბილიზაციის გათვალისწინებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 19 ოქტომბრიდან, აჭარაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის საქალქათაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აჭარაში, შეზღუდვები დარჩება სასწავლო პროცესზე, ისევე, როგორც რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობაზე.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ძალაში რჩება გადაწყვეტილება 19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის აუდიტორიებში განახლების შესახებ.

უმაღლეს სასწავლებლებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლა, ეს რეჟიმი შენარჩუნდეს, მაგრამ იქ, სადაც ეს შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდეს აუდიტორიებში.

„როდესაც ვამბობთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს, ისეთი, როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მიმართულებები, განსაკუთრებით განათლების მიმართულება მაქსიმალურად იყოს დაცული. განათლების სამინისტროს მიღებული აქვს შესაბამისი დავალებები, რომ უმაღლეს დონეზე იყოს დაცული უსაფრთხოების სტანდარტი  სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლების მიზანია, მინიმალური ზიანი მიიღოს ეკონომიკამ.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა. მინიმალური ზიანი უნდა მიიღოს ეკონომიკამ. გარკვეული შედეგები მეორე ტალღის დაწყებამდე ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გვქონდა. მოგეხსენებათ, ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა შემცირდა 16-დან 5,5%-მდე. გარდა ამისა, მცირედი, მაგრამ გაუმჯობესება გვაქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში და ასევე სერიოზული გაუმჯობესება გვაქვს ექსპორტში - 8%-ზე მეტი წინა წლის სექტემბერთან შედარებით. ეს ყველაფერია საფუძველი იმისთვის, რომ სწრაფად აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, გარდა ამისა, ქვეყანამ პოზიტიური რეიტინგები შეინარჩუნოს იმისთვის, რომ პოსტკრიზისულ ეკონომიკური აღდგენის პერიოდში გვქონდეს ის კონკურენტული უპირატესობა, რაც მოგვცემს საშუალებას, სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ, ეს ყველაფერი სწორად დაინახეს და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებმა საქართველოს შეუნარჩუნეს რეიტინგები. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია იმ ტურბულენტობაში, რაც განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ასევე ევროპაში ხდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება, ხოლო 2021-2025 წლების განმავლობაში რეგიონში იქნება პირველ ადგილზე, ეკონომიკური ზრდის 5,5%-ით.

„ეს არის საპროგნოზო ციფრები და თუ ჩვენ სწორად ვმართავთ ვირუსს და ეკონომიკურ პროცესებს, გვექნება შესაძლებლობა, ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლების პროცესში ხაზი გაუსვა მოქალაქეების მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და დადგენილი წესების მაქსიმალურად დაცვის მნიშვნელობას.

„ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლება არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება იმისთვის, რომ პირველ რიგში, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, აღვადგინოთ სამუშაო ადგილები იქ, სადაც ეს შესაძლებელია და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები, მაგრამ  ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად წესების დაცვით, იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების სისწრაფე და რისკები. დღეს, ვირუსის შეჩერების 2 გზა არსებობს - სრული „ლოქდაუნი", ქვეყნის მაქსიმალურად და სრულად ჩაკეტვა და მაშინ შესაძლებელია სწრაფ დროში შედეგის მიღება, ვირუსის გავრცელების თითქმის სრულად გაჩერება; ან ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა, მაგრამ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა საჭიროებს ყველა მხარის მაღალ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის, ისევე საჯარო და კერძო ორგანიზაციების და ჩვენი მოქალაქეების.  ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ქვეყანაში, წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება, არის პატრიოტიზმი. ეს არის ის პატრიოტიზმი, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, დაიცვას თავისი ჯანმრთელობა  და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველანაირი სპეკულირება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე, ან შემდგომ სამედიცინო სექტორის მზადყოფნაზე, ან საწოლფონდის საკმარისობაზე, უკიდურესად მიუღებელი და ამორალურია.

„ამ თვეების განმავლობაში მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც სხვა სამინისტროები სწორედ ემზადებოდნენ იმისთვის, რომ იქნებოდა მეორე ტალღა, ინფიცირების რაოდენობის ზრდა, მაგრამ მთავარია, ჩვენ ეს პროცესი ვმართოთ, რასაც დღეს ვაკეთებთ. ღიად გეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვაქვს 919 შემთხვევა, უახლოეს დღეებში, დიდი ალბათობით, ჩვენ გადავაბიჯებთ 1000-ს და ეს ზრდა გაგრძელდება, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა, იმ ახალი მიდგომით, რომელიც ჩვენ უკვე გეგმაში გვაქვს შეტანილი და ავამუშავეთ, ამ დარტყმას გაუძლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ კლინიკური მართვა უკვე გადალაგებულია და სეგმენტირებულია ისე, რომ მოხდეს ადამიანების გადანაწილება სხვადასხვა მიმართულებებით და რაც მთავარია, მძიმე შემთხვევები მოხვდნენ სარეანიმაციო განყოფილებებში, რომლის დეფიციტი დღეს ქვეყანაში არ არის. ამისთვის დღეს ჯანდაცვის სისტემა სრულად მზად არის,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ოქტომბრის ბოლოდან, პარიზისა და მიუნხენის მიმართულებით უკვე არსებულ ავიარეისებზე ფრენების სიხშირე გაიზრდება, ხოლო ნოემბრიდან, ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად პირდაპირი რეისები ასევე გაიხსნება ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით.

„პირველი ნაბიჯი იქნება პარიზისა და მიუნხენის მიმართულებებით დამატებითი რეისების დაწესება, რაც გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მისცემს ევროპაში გადაადგილების შესაძლებლობას და ეკონომიკას მისცემს ცოტა უფრო მეტ ჟანგბადს, ასევე დაგვეხმარება ქვეყანაში დამკვირვებლების მარტივად შემოყვანაში. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შემდგომ უკვე, ნოემბერში ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად პირდაპირი რეისები გაიხსნება როგორც თბილისის მიმართულებით, ევროპის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით. ამას ჩვენ ვაკეთებთ სწორედ იმიტომ, რომ მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეკონომიკური აქტივობით სულ უფრო მარტივად დასაქმდნენ,"- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების  პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საკარანტინო სივრცეებმა, რომელიც მთავრობამ ძალიან ეფექტურად გამოიყენა და დღეს, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბრუნდებიან, სავალდებულო 8-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ. აღნიშნული რეგულაცია იცვლება და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში PCR-ტესტით დაბრუნდება, საკარანტინო სივრცეში განთავსების ნაცვლად, 12-დღიან თვითიზოლაციაში გადასვლის საშუალება ექნება.

იმ მოქალაქეებს, რომელთაც თან არ ექნებათ PCR ტესტი, ისევ შეეძლებათ საკარანტინო სივრცეების გამოყენება.  

„ამით ჩვენ ვცდილობთ, უფრო მეტი დინამიკა შემოვიტანოთ ჩვენს ეკონომიკაში. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საკარანტინო სივრცე არის ძირითადი ბუფერი იმისთვის, რომ შევაჩეროთ ვირუსის ქვეყანაში შემოსვლა და შემდგომ სწრაფი გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს ასეა და ამან უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეპიდემიის გავრცელების  პირველ ეტაპზე. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მას შემდგომ, რაც დაემატება და  გაიხსნება დამატებითი ფრენები, ქვეყანაში შემოსული ჩვენი მოქალაქეების კარანტინში გადაყვანის სქემა შეიცვლება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემია არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვერ გაუმკლავდება და რომელიც გლობალურ პასუხს მოითხოვს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომლებიც იყო დაკავშირებული ვაქცინასთან, სამწუხაროდ არ გამართლდა და შესაბამისად, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ქვეყანას და გლობალურადაც მსოფლიოს პანდემიის პირობებში ცხოვრება მოუწევს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ჩვენი ყველას ერთობლივი პასუხისმგებლობა, როგორც გავიმარჯვეთ პირველ ეტაპზე, მაგრამ მაშინ ჩვენი გამარჯვების ფასი იყო მძიმე „ლოქდაუნები" და ჩაკეტვები, დღეს ჩვენი ეკონომიკა ამას უკვე ვერ გადაიტანს. ამიტომ, უნდა ვისწავლოთ ყველამ - მთავრობამ - მართვა, მოქალაქეებმა - პირბადის ტარება, ჰიგიენის ელემენტარული მოთხოვნებისა და დისტანციის დაცვა. ამასაც გავივლით, ამასაც დავამარცხებთ ოღონდ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთად გვესმოდეს და ყველას გვქონდეს ჩვენი პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო - სამოქალაქო პასუხისმგებლობა, დისციპლინა, კანონების და ელემენტარული წესების დაცვა არის დღეს პატრიოტიზმი.  მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად ამ გამოწვევასაც დავძლევთ, ამ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ ისე, რომ გადავარჩენთ ჩვენს ეკონომიკას. გავუფრთხილდეთ ჩვენს მოხუცებს, ისინი არიან დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. ამიტომ ყველამ, როდესაც ვიცავთ ჩვენს თავს, ჩათვალეთ, რომ ვიცავთ ჩვენს მოხუცებს. იქ, სადაც ეს შესაძლებელი, ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეებისთვის მოწოდება - დარჩით სახლში, ჯერ კიდევ ძალაშია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური