საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-27

  ..

მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 200-ლარიან დახმარებას, თუმცა აქ იყო გარკვეული შესაძლო ტექნიკური პრობლემები, რომელიც მოვაგვარეთ; გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყოფილი სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის, ისევე როგორც კანონმდებლობის შესაბამისად არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი და ღონისძიებები ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ატარებს თანმიმდევრულ და ქმედით ღონისძიებებს, როგორც ვირუსთან ბრძოლის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით.

„მოგეხსენებათ, რომ კრიზისული სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და მასთან თანმიმდევრობით სახელმწიფო ატარებს როგორც ვირუსთან ბრძოლის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის კონკრეტულ ქმედით ღონისძიებებსა და ნაბიჯებს, რაც პირდაპირ ჩანს ვირუსის გავრცელების რისკების მართვით და გარდა ამისა, სოციალური დახმარების იმ პაკეტით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში და საერთოდ საუკეთესო პრაქტიკაა," - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღეის მონაცემებით განაცხადი უკვე შემოსულია 810 000 ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 000 ოჯახს.

„მოგეხსენებათ, რომ 15 სექტემბერიდან ჩვენ, ერთობლივი გადაწყვეტილებით და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შესაძლებლობა გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ისე ჩვენი ოჯახებისთვის. ამასთან ერთად, ეს პროგრამა გაგრძელდება 1-ელ დეკემბრამდე და ამ თანხების დარიცხვა ბავშვებისთვის დაიწყება 1-ლი სექტემბრიდან და შესაბამისად გაგრძელდება წლის ბოლომდე. ახალი განაცხადების შემოსვლის შემთხვევაში უკვე - 1-ელ დეკემბრამდე.

მნიშვნელოვანია, რომ დღეის მონაცემებით შემოსულია უკვე 810 000 ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 000 ოჯახს რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტიანი სოციალური დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რაც დასტურდება უამრავი სხვადასხვა სოციალური კვლევით და რაც პირველ რიგში მიმართულია კრიზისის პირობებში მოსალოდნელი სიღარიბის დონის გაზრდის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ოჯახების მხარდასაჭერად,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, მთავრობისა და საბანკო სექტორის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-ლიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პენსიონერებს პენსიები  ყოველი თვის 14 რიცხვში ერიცხებათ და  ეს მუდმივად, ბანკების ფილიალებში და განსაკუთრებით „ლიბერთი" ბანკის ფილიალში საკმაოდ  მაღალი დისკომფორტის, რიგების საბაბი იყო.

„ჩვენი ყურადღების ცენტრი, რა თქმა უნდა, გახლავთ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, ჩვენი პენსიონერები. აქაც, ჩვენ გვქონდა საკმაოდ შედეგიანი მსჯელობა საბანკო სექტორთან და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ, რომ პენსიები ჩვენს პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში, რაც  ბანკების ფილიალებში და განსაკუთრებით „ლიბერთი" ბანკის ფილიალში საკმაოდ  მაღალი დისკომფორტის, რიგების საბაბი იყო. პანდემიის პირობებში, დისკომფორტის გარდა, ეს არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გავრცელებისთვის. მოგეხსენებათ, რომ მოხუცები მაღალი რისკის ჯგუფში არიან. ამიტომ, ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-ლიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი. არანაირი ტექნიკური შეფერხება, ან პრობლემა არ და ვერ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგი უნდა მივიღოთ ის, რომ მობილობა, რიგები უნდა შემცირდეს და ჩვენს პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მთელი საქართველოს მასშტაბით არა ყველამ ერთ დღეს მიიღოს პენსია, არამედ 1-ლი რიცხვიდან, 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად მშვიდად  და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება, განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ნაბიჯი, რითაც უბრალოდ   გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას   და ზრუნვას ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გარდა ამისა, საქართველო 95 ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს პროგრამას - „იმუშავე საქართველოდან".

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს პროგრამა 95 ქვეყნის, დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, მისცემს საშუალებას, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში, საქართველოდან დისტანციურად შეასრულონ სამუშაო ვალდებულებები.

„მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი, როგორც ტრანსნაციონალური კორპორაცია, ასევე, გლობალური კომპანია გადადის დისტანციურ მუშაობაზე და ფაქტობრივად ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ დისტანციურად განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ 95 ქვეყანას პროგრამას - "იმუშავე საქართველოდან", რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს რეგიონში  ერთ-ერთი საუკეთესო  მიღწევები ვირუსის მართვის დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის, დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიებში თანამშრომლებს, ჩვენ, ვეპატიჟებით საქართველოში და მინიმუმ 180 დღის განმავლობაში ვთავაზობთ დისტანციურად საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში საქართველოში მათი ყოფნა იყოს უსაფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა ასევე, კომფორტული. ეს პროგრამა ატვირთულია უკვე stopcov.ge-ზე და  ყველას შეუძლია ამით სარგებლობა", - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ დღეს გამოაცხადა 100 მლნ ლარიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც განკუთვნილია ქვეყანაში დაუსრულებელი მშენებლობის დაზღვევისთვის.

პრემიერის თქმით, 2008-2009 წლის კრიზისების შემდგომ და უფრო ადრეც დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს და სოციალურ პრობლემებს უქმნიან მოქალაქეებს.

„ეს გახლავთ კიდევ ერთი სექტორული დახმარების მხარდაჭერის პროგრამა. ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ 100 მლნ ლარიანი საგარანტიო აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყნაში.  მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე, იმისთვის, რომ სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა და მხარი დაგვეჭირა და შემდგომ, თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დანაზოგები იმისთვის, რომ საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინა არ შეშლოდა ხელი, ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამასთან ერთად აუქციონზე დღეს გამოვიტანთ 100 მლნ-იან გარანტიას, იმისთვის, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არც დარჩეს დაუსრულებელი. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2008-2009 წლის კრიზისების შემდგომ და უფრო ადრეც დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენს ბევრ მოქალაქეს, რომლებმაც პირველი შენატანები უკვე მსგავს სამშენებლო პროექტებში გააკეთეს,"- აღნიშნა პრემიერმა.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური