საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-22

ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პროკურატურის განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმადაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისთვის ამ სასაცილო ისტორიაში მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, რომ შეესრულებინა გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულება, რაც შეასრულა.

„"არტარეას" უყურებთ? უყურეთ "არტარეას" და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა "არტარეას". ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ, ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რა იყო - მე ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის გამოძიებასთან თანამშრომლობისა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე, ისევე როგორც სხვებმაც უნდა შეასრულონ," - განაცხადა პრემიერმა.

აგრეთვე, დასმული კითხვის პასუხად, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, იცით, რომ იღებს მონაწილეობას და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ამაზე ნუ ღელავთ," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კითხვაზე, რომელიც რუსეთთან ფრენების აღდგენას შეეხებოდა, პრემიერმა ასე უპასუხა:

„საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია, ეს დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციასა და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე საქართველოში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღესვე, მთავრობის მეთაურმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, შესაბამისი კითხვის პასუხად, ყურადღება მღებრიშვილის პატიმრობას დაუთმო.

უაღრესად სამწუხარო ფაქტია, ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას გააჩნია და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე, ყველაფერი იქნება ნორმალურად,"- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური