საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-12

დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ მესტიაში პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებისას განაცხადა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მთავრობას მოუწია.
 
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს, მაგრამ  მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა.
 
„გამოდის, რომ მესტიაში ვირუსის აფეთქებას ალბათ მივუსწარით, თუმცა სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მე როგორც ვიცი, 1000 ტესტია ჩამოტანილი, რომლის პასუხებიც ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ 1000 ნიმუშის გარეშე ინფიცირების 14 შემთხვევა გვაქვს. დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1000 ტესტის შედეგები და გვექნება საბოლოო სურათი, რა ხდება სვანეთში. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული. პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მოგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ ეს შეზღუდვები როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა. ჩვენ ვამბობდით, რომ ვირუსი არსად წასულა და გვმართებს დიდი ყურადღება და სიფრთხილე, იმისთვის, რომ ის წარმატება, რომელიც აქამდე მოვიტანეთ, უნდა გავაგრძელოთ, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ვირუსის რისკების ეფექტიანი მართვის გარეშე არანაირი ეკონომიკური აღდგენა არ იქნება. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ, სვანეთიდან, საკარანტინო ზონებში გადაყვანილი იყო 919 მოქალაქე. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, საკარანტინო სივრცეების მართვის ეფექტურობა უზრუნველყონ.
 
„გუშინ, სვანეთიდან, საკარანტინო ზონებში გადაყვანილი იყო 919 ჩვენი მოქალაქე. დღეის მდგომარეობით, 7700 ადამიანი გვყავს საკარანტინო სივრცეებში და მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო ყველაფერს აკეთებს, აქ უკვე საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, თუმცა ყველაფერი უნდა  გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეების მართვა იყოს ეფექტური. ეს არის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, შესაბამისმა უწყებებმა ყურადღება მიაქციეთ იმას, როგორ ვმართავთ ამ საკარანტინო სივრცეებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, არის რისკის შემცველი კიდევ რამდენიმე მიმართულება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველომ ნაცვალგების პრინციპიდან გამომდინარე, რამდენიმე ქვეყანას საზღვრები გაუხსნა. დღეის მონაცემებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში უკვე შემოსულია 1520 განაცხადი და ამ დროისთვის ქვეყანაში 751 ტურისტი იმყოფება.
 
პრემიერის თქმით, ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა გაძლიერდეს.
 
„ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაც არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და შტაბმა შესაბამისად ამ მიმართულებას ყურადღება უნდა მიაქციოს. ბიზნესვიზიტორების რაოდენობა 4000 ადამიანს ასცდა ამ პერიოდის განმავლობაში, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეს ადამიანი ახლა საქართველოშია თუმცა, იმისთვის, რომ ეკონომიკა არ გაცივდეს და ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა გავაძლიეროთ ამისთვის ბიზნესვიზიტორების მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ასევე ყაზბეგში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ვრცელდება ჭორები, თითქოს მთავრობა ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, რისი საფუძველიც არ არსებობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება.
 
პრემიერის თქმით, დღეის მონაცემებით, საერთაშორისო გადაზიდვების 54 205 მძღოლს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთაგანაც ვირუსი  788 ადამიანს დაუდასტურდა.
 
„მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ამ საერთაშორისო გადაზიდვების ტრანსპორტის მძღოლების ტესტირება, დღეის მონაცემებით 54 205 მძღოლს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთაგანაც ვირუსი დაუდასტურდა 788 ადამიანს. შეიძლება გვეგონოს ეს არ არის დიდი ციფრი, მაგრამ ქვეყანაში უკონტროლოდ შემოსული ერთი ასეთი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო უდიდესი გამწვავების შედეგი. ეს ის მიმართულებებია, რომელიც დიდი ყურადღებით და დიდი სიფრთხილით უნდა ვაკონტროლოთ.
 
გარდა ამისა მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული , რომლებიც მსახურობდნენ ლარსის გამშვებ პუნქტზე. ახლა რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს.  დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები და არავინ არ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური