პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში მთავრობის მიერ მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად შეაფასეს ამოსაბეჭდი ვერსია

2020-03-20

.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეკავების პროცესში გადადგმული ნაბიჯები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა.

მთავრობის მეთაურმა პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან ისაუბრა გამკაცრებულ ზომებზე, რომელიც ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების ფაზაზე გადასვლისთანავე მიიღო.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, დღემდე მთავრობის მიერ ინფექციის შეკავების მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვანია, აქცენტის შენარჩუნება სოციალურ დისტანცირებაზე, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ვირუსის გავრცელების შეკავების მექანიზმების აღსრულების აუცილებლობაზე, რათა მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მაქსიმალური ეფექტი მოიტანოს.

შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება ქვეყანაში ეპიდემიის შეკავების, ტესტირებისა და  აქტიური იდენტიფიცირების თვალსაზრისით.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა ისაუბრეს თავიანთ ხედვაზე საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპულ გამოცდილებაზე.

მათი შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველოში არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ მთავრობის მიერ მიღებულმა ზომებმა, მათ შორის სოციალური დისტანცირების კუთხით, შედეგები გამოიღო, ახლა მთავარია შემდეგი ეტაპებისთვის ადეკვატური მომზადება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ამ ეტაპზე ჰოსპიტალური სექტორის მზაობას ენიჭება.

შეხვედრაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მონაწილეობდნენ.

 

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge  შექმნა

#StopCoV

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური