საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - უკრაინაში ვიზიტის მთავარი შედეგი საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნაა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-12-13

ჩვენ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად უფრო ეფექტურად შეგვიძლია გამოწვევებს ვებრძოლოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს უკრაინაში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინასთან პარტნიორობის მთავარი მიმართულებებია ეკონომიკა, უსაფრთხოება, და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომლის მთავარი შედეგიც მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნაა.

„მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო არის კონკრეტულად სტრუქტურირებული ფორმატი, რომლის ფარგლებშიც საქართველო და უკრაინა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ, განავითარებენ და ერთად მიაღწევენ მიზანს. ამ ფორმატს აქვს რამდენიმე განზომილება - ეკონომიკა, უსაფრთხოება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ვადასტურებთ იმას, რომ ერთად უფრო ეფექტურად შეგვიძლია ვებრძოლოთ გამოწვევებს. ჩვენ მსგავსი გამოწვევები გვაქვს უსაფრთხოების ნაწილში და ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღვუთქვით, რომ საქართველო თავის მხრივ უპირობოდ, ყოველთვის, ყველა ფორმატში, ყველა დონეზე მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტთან, მთავრობის ხელმძღვანელთან და რადას თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრებზე, სადაც აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა უახლოესი წლების განმავლობაში ბევრად ეფექტური და  ინტენსიური უნდა გახდეს.

„ორივე მხარე ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა - სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოს შორის. ჩვენ ერთად შეგვიძლია, უფრო სწრაფად განვვითარდეთ ევროინტეგრაციის მიმართულებით  და უფრო ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეს მხარდაჭერა გახლავთ ის, რასაც დაეფუძნება ჩვენი თანამშრომლობა. ასევე რა თქმა უნდა, ეკონომიკა, სატრანსპორტო დერეფნები, ვაჭრობა. უკრაინის პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც იგეგმება უკრაინაში და გვთხოვა მხარდაჭერა რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ მას აღვუთქვით, რომ გამოცდილებას, რომელიც საქართველოს აქვს ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროში რეფორმების გატარების მიმართულებით, გავუზიარებთ უკრაინას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ზუსტად ისე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს შეეფერებათ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, სუამ-ის სამიტის დასრულების შემდეგ, ლიდერების მიერ პოლიტიკური განცხადებების რუსულ ენაზე გაკეთებასთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სუამ-ი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრავს პროტოკოლი და გარდა ამისა, ეს იყო მასპინძელი მხარის თხოვნა, რის შედეგადაც ყველა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური განცხადება რუსულ ენაზე გააკეთა.

„ვფიქრობ, ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი ცდილობს, შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორიცაა საქართველოს და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა, ერთობლივი მიზნები და ამ მიზნების მიღწევა, აქცენტები გადაიტანოს რაღაც გაურკვეველ ფორმებზე, რაც ღიმილისმომგვრელია. მასპინძელი მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია დღეს რუსეთთან, ასევე რუსულ ენაზე გამოვიდა და ეს იყო მათი თხოვნა. ჩვენი მხრიდან დემარშის მოწყობა ამ ნაწილში არათუ უადგილო, არამედ კონტრპროდუქტიულიც იქნებოდა და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელსაც ჩვენ დღეს უკრაინულ მხარესთან მივაღწიეთ ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური