ქართული დიპლომატიის დღე ამოსაბეჭდი ვერსია

2019-11-03

-


ვულოცავ ქართული დიპლომატიის დღეს ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, თითოეულ დიპლომატს. 


ეს თარიღი სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება და მის მემკვიდრე ქართველ დიპლომატებს დღესაც უდიდესი პასუხისმგებლობა, მისია აკისრიათ - ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ემსახურონ ქვეყანას ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. 


დღეს საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა და ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე, ხოლო ნატოში უფრო მეტად უსვამენ ხაზს საქართველოს მზაობას ალიანსის წევრობისათვის. გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ორმხრივ ურთიერთობებში და თვისებრივად მაღალ დონეზეა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ევროკავშირთან თანამშრომლობა, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. ამ პროგრესში თითოეულ ჩვენს დიპლომატს საკუთარი წვლილი მიუძღვის.


თუმცა, გვაქვს უდიდესი გამოწვევა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, რასაც სწორედ ქართული დიპლომატიის ძალისხმევა სჭირდება. ეს საკითხი კვლავ მუდმივად უნდა იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში და აქ ჩვენს დიპლომატებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ.  


მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავდადებით და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება ქვეყანას და ძალისხმევას არ იშურებს საქართველოს საკეთილდღეოდ.