საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - სოფლის მეურნეობა და ტურიზმი არის ის, რასაც შეუძლია დღეს სამეგრელოს და ზემო სვანეთს შემოსავალი მოუტანოს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-10-26

--

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში, სოფელ ზედა ეწერში ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდა.

მთავრობის მეთაური ადგილობრივ მეწარმეებს რეგიონში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე ესაუბრა და მათგან წინადადებებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

გიორგი გახარიას თქმით, ტურიზმის განვითარებისთვის, გარდა ტრადიციული კულტურებისა, მნიშვნელოვანია კიდევ უფრო განვითარდეს ადგილობრივი მევენახეობა.

„პატარა მარნებიც კი ტურიზმისთვის იქნება მნიშვნელოვანი. უცხოელისთვის საქართველო უკვე ღვინითაა ცნობილი. ტურისტი მესამედ და მეოთხედ რომ ჩამოვა,სადაც ფეხს დადგამს საქართველოში, კარგი ღვინო უნდა დახვდეს. ისტორიულად სამეგრელოში იყო ყურძნის ჯიშები და მისი აღდგენა აუცილებელია.

სოფლის მეურნეობა და ტურიზმი არის ის, რასაც შეუძლია დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს კარგი შემოსავალი მოუტანოს. დათვლადია ყველაფერი. თქვენ მეურნეობას რომ ეწევით, ხომ თვლით რა შედეგს მოგიტანთ. აი, მაგალითად, თხილის პოტენციალი არის მაღალი, კარგი მუშაობის შედეგად შესაძლებელია რეგიონს 100 მილიონი მოუტანოს წელიწადში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი რეგიონში ახალი ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად.

„ივლისში რეისების გაუქმების გამო ეკონომიკას დაახლოებით 350 მილიონი ლარი დააკლდა. დღეს საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები ასცდა 2 მილიარდ დოლარს. ეს რეალური ფულია. სამეგრელოში აქედან მოდის ალბათ, 3 პროცენტზე ნაკლები, რადგან აქ სამუშაოა ტურისტულ პროდუქტებზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ძალიან კარგად იცის და წელს გეგმა უნდა გავაკეთოთ, რომ უკვე მომავალ წელს ამ გეგმის მიხედვით ვიმუშაოთ. ზუგდიდში სასტუმროებია ასაშენებელი, ნოქალაქევია დროულად აღსადგენი, ბევრი ისტორიული ძეგლია, გასაკეთებელია მარტვილიდან ჩხოროწყუ-წალენჯიხა, წალენჯიხა-ზუგდიდის მარშრუტი. ძალიან ბევრი ხალხი დადის დაცულ ტერიტორიებზე. ბევრი შესაძლებლობაა სამეგრელოში, სადაც ტურისტი შეიძლება 5-6 დღე დავაკავოთ. გვჭირდება სასტუმროების ინფრასტრუქტურა ზუგდიდში და ფოთში. შემდეგ უკვე მესტია, მარტვილი. ჩხოროწყუ-წალენჯიხა უნდა განვითარდეს საოჯახო ტიპის სასტუმროებით. ასე პატარ-პატარა ნაბიჯებით რეგიონში შემოსავალი უნდა გავაჩინოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მეწარმეებთან შეხვედრის დროს ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„დღეს ახალგაზრდებმა მკითხეს ანაკლიის, ანაკლიის პორტის, დასაქმების შესახებ. რა თქმა უნდა, ანაკლია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ ვუყურებ ანაკლიას, როგორც მარტო პორტს. არ არის ეს მხოლოდ პორტი. ამ რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრობლემა არის ის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში სამეგრელო გახდა ჩიხი. ანაკლიაც ამ ჩიხის გადალახვის ერთ-ერთი საშუალებაა, ისე როგორც მაგალითად, რკინიგზის აღდგენა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომ. ამ უკანასკნელს, ყველამ ვიცით, რომ 5 წელიწადში ვერ გავაკეთებთ, ანაკლიის გაკეთება კი 5 წელიწადში შესაძლებელია. შინაარსობრივად, მაინც საკითხი მიდის არა იმაზე, რამდენ ადამიანს დაასაქმებს პორტი, არამედ იმაზე, რომ კუთხე არ იყოს ჩიხი. ეს არის ყველაზე დიდი შინაარსი ანაკლიის ამ პროექტის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური