საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა ისეთი ეკონომიკური მოდელის არსებობა, სადაც თითოეული საქართველოს მოქალაქე მიიღებს შემოსავალს მისი პირობები დღითიდღე გაუმჯობესდება ამოსაბეჭდი ვერსია

2019-08-16

---

ყოველი ასეთი პროექტი არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივაღწიოთ მთავარ მიზანს -  თანაბრად განვავითაროთ ჩვენი რეგიონები და ნაბიჯ-ნაბიჯ დავძლიოთ სიღარიბე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში არსებობდეს ისეთი  ეკონომიკური მოდელი, სადაც თითოეული საქართველოს მოქალაქე მიიღებს შემოსავალს და მისი პირობები დღითიდღე გაუმჯობესდება.

„ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საწარმოში, რომელიც სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით აშენდა, პროგრამა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში. ეს არის ყველაზე თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ სამეგრელოში გვაქვს მსგავსი ტიპის და მსგავსი დონის თხილის საწარმო. ეს საწარმო არის მაგალითი იმისა, თუ როგორი მასშტაბური პოტენციალი გვაქვს ჩვენ სამეგრელოში. სამეგრელოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე გამოწვევა გვქონდა, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძელით ფაქტობრივად შეუძლებელი და მიმდინარე წლის თხილის მოსავალი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტ ადამიანსაც კი არ წარმოედგინა თუნდაც რამდენიმე თვის წინ. ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს. მთავრობის მეთაურის თქმით, მოსავლის ჩაბარების პროცესი  წარმატებით მიმდინარეობს და წელს ფერმერები მაღალ შემოსავალს მიიღებენ.

„მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომელთაც ძალიან დიდი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს. მათი და ჩვენი მეცნიერების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს. სანამ ეს პრობლემა არსებობს, ჩვენ არ გავჩერდებით და ვიმუშავებთ ამ საკითხის ბოლომდე გადასაჭრელად. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდინეთ იმის დემონსტრირება, რომ როდესაც ქართული საზოგადოება დგას ერთად, არ არსებობს გამოწვევა, რომლის დაძლევასაც ჩვენ ვერ შევძლებთ. დიახ, სამი წელი ვებრძოდით ჩვენ ამ მტკივნეულ გამოწვევას და ის დამთავრდა ჩვენი გამარჯვებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ ამ დარგის დაკნინება გამოიწვია, თუმცა, მთავრობის მეთაურის თმით, ბოლო პერიოდის სტატისტიკამ ცხადყო, რომ 6 წლის შემდეგ ქვეყანამ სოფლის მეურნეობაში სავაჭრო დეფიციტის 900 მილიონიდან 300 მილიონამდე შემცირება შეძლო.

„მე მახსოვს ჩვენი ოპონენტების კრიტიკა, რომელიც დღესაც გრძელდება, რომ თურმე საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა არ აქვს. მოდით მეგობრებო, ერთად გავიხსენოთ ძალიან მარტივი სტატისტიკა. 6 წლის წინ ჩვენი დეფიციტი სოფლის მეურნეობით ვაჭრობაში იყო 900 მილიონი. თითქმის მილიარდის დეფიციტი ჰქონდა საქართველოს სოფლის მეურნეობაში. ეს იყო იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც საშუალებას არ აძლევდა ჩვენს ფერმერებს, ჰქონოდათ წარმატებული საქმიანობა. წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა, არაეფექტურმა პოლიტიკამ სოფლის მეურნეობაში გამოიწვია ამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის დაკნინება საქართველოში. დღეს 6 წლის შემდეგ ჩვენ შევძელით, რომ ეს დეფიციტი შემცირებულია 300 მილიონამდე და ეს არის უზარმაზარი წარმატება. ჩვენ შევამცირეთ დეფიციტი სამჯერ და რომ არა აზიური ფაროსანა, მტკივნეული გამოწვევა და პრობლემები, რომელიც შეიქმნა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავანულებდით სავაჭრო დეფიციტს. მჯერა, რომ მსგავსი ნაბიჯებით უკვე 2020 წელს ჩვენ შევძლებთ, სავაჭრო დეფიციტის ეს ძალიან მტკივნეული სტატისტიკა აღარ გვქონდეს სოფლის მეურნეობაში. ეს იქნება სწორედ თქვენი დამსახურება, ჩვენი ფერმერების" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.პრემიერ-მინისტრმა წარმატებული და ეფექტური სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს, ამერიკელ პარტნიორებს და ფერმერებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თხილის საწარმო „ჯეო-ნათსში" თხილის მიღებისა და გადამუშავების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილსა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბედ რუდთან ერთად გაეცნო.

შპს „ჯეო ნათსი" „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 2 780 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საწარმოში წელიწადში 7 000-10 000 ტონამდე თხილისგან სხვადასხვა სახის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. გადამმუშავებელ საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური