მამუკა ბახტაძე - საქართველო 21-ე საუკუნეში აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი ქვეყანა და ამის გარანტია ჩვენი ეროვნული იდეა - განათლება ამოსაბეჭდი ვერსია

2019-07-18

 

---

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უკვე ევროკავშირის წევრია, რაც ეროვნული იდეის - განათლების კიდევ ერთი გამარჯვებაა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში - EQAR-ში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომები ევროპულ ოჯახში სრულად აღიარებული იქნება.

პრემიერ-მინისტრმა EQAR-ში შესვლას, ENQA-ში გაწევრიანებასთან ერთად, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა და ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ყველას მიულოცა.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ეროვნული იდეის - განათლების მნიშვნელობას და მასშტაბურ რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერისთვის პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა.

„რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ჩვენი ეროვნული იდეა. შემდეგი წლების განმავლობაში განათლების ბიუჯეტი ყოველწლიურად ნახევარ-ნახევარი მილიარდით გაიზრდება და 2022 წელს ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედს მიაღწევს. კანონის მიხედვით, ეს იქნება ყველა შემდგომი მთავრობის ვალდებულება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, რომ ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი ინვესტიცია მიმართოს საქართველოს უდიდეს კაპიტალში - ადამიანურ კაპიტალში.  დარწმუნებული ვარ, სწორედ ჩვენი ეროვნული იდეა, განათლება დაგვეხმარება და იქნება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ერთობლივი ძალებით და სრული კონსოლიდაციით დავძლიოთ ყველა ის მტკივნეული გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს წინაშეა, ეს იქნება ოკუპაცია თუ სხვადასხვა სახის  ეკონომიკური პრობლემები. საქართველო 21-ე საუკუნეში აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი ქვეყანა და ამის გარანტი იქნება სწორედ ჩვენი ეროვნული იდეა - განათლება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა EURAXESS-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობაში და განაცხადა, რომ ის ქართველ მეცნიერებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩართული იყონ იმ ისტორიული მნიშვნელობის პროექტებში, რომელიც ევროპულ ოჯახში ხორციელდება.

ევროპული ოჯახის სამ უმნიშვნელოვანეს პლატფორმაში - EQAR-ში, ENQA-სა და EURAXESS-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის განათლების მინისტრს, სამინისტროს ყველა თანამშრომელს და ევროპელ პარტნიორებს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა.

EQAR-ში გაწევრიანების შედეგად, საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია მოხვდება ევროპულ რეესტრში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ ცნობადობას, მათდამი ნდობას და არსებითად შეუწყობს ხელს მათ მიერ გაცემული დიპლომების და კვალიფიკაციების აღიარებას ევროპაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური