საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-23

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

მთავრობის მეთაურმა კრისტინ ლაგარდის ვიზიტს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს  ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს.

„ჩვენ სამი წლის წინ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, სადაც ძალიან რთული დავალებები და ორიენტირები იყო მისაღწევი. ჩვენ ერთი წლის წინსწრებით შევძელით და დავაკმაყოფილეთ ყველა მოთხოვნა და კრიტერიუმი. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ჩვენ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის მიღება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა კრისტინ ლაგარდსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთელ გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი პროგრამა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც არსებული. ჩვენ გვაქვს მკაფიო პრიორიტეტები გამოყოფილი ამ პროექტში, ისეთი, როგორიც არის მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, წვდომა ფინანსებზე, რაც სერიოზული პრობლემაა ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ საკითხში წინ წაწევა. ეს ასევე ეხება ფინანსურ ტექნოლოგიებს, სტარტაპების წახალისებას და რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ იდეას - განათლებას, იმ ერთადერთ სწორ გზას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო განვავითაროთ სწრაფი ტემპებით და დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური