საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები ევროკავშირში აღიარებული და ვალიდური იქნება ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-03

---

საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული ყველა დიპლომი იქნება აღიარებული და ვალიდური ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ENQA-ში გაწევრიანებას ისტორიული ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველომ უმაღლესი განათლების ძალიან მაღალი სტანდარტისკენ ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. 

"საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ დავუახლოვდით ჩვენს ევროპულ ოჯახს ჩემი გადასახედიდან ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში და ეს არის განათლება. რამდენიმე დღის წინ, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციამ საქართველოს ENQA-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო, რაც უდიდესი წარმატებაა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენთვის, ჩვენი განათლების სისტემისთვის, განსაკუთრებით იმ ახალი ეროვნული იდეის ფონზე, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, რომ სწორედ განათლება არის მთავარი მამოძრავებელი ძალა საქართველოსთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს ექნება ყველა პრაქტიკული მექანიზმი რათა, უმაღლესი სასწავლებლები ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ. პრემიერ-მინისტრმა ENQA-ში გაწევრიანებისთვის საქართველოს ევროპელ მეგობრებს და ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

"ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენს მიერ დაანონსებული განათლების რეფორმა, ჩვენი ეროვნული იდეა, უკვე კონკრეტულ შედეგებს გვაძლევს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დიდი გამარჯვება, მაგრამ ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ, ჩვენს უნივერსიტეტებთან ერთად, აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავაკმაყოფილოთ ყველა სტანდარტი და კრიტერიუმი. ჩვენ  მაქსიმალური ფოკუსი უნდა გავაკეთოთ ხარისხზე. უდიდესი პასუხისმგებლობა, როდესაც შენს ქვეყანაში გაცემული დიპლომი ითვლება ვალიდურად ევროპაში და შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებსა და კრიტერიუმებს. ჩვენ ამას მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობა ინტენსიურად იმუშავებს საქართველოს უნივერსიტეტებთან, რათა ამ კუთხით სამოქმედო გეგმა გაიწეროს. 

„ჩვენ გვექნება ინტერნაციონალიზაციის მეტი საშუალება. ჩვენი უნივერსიტეტები  ევროპულ უნივერსიტეტებთან მეტ დაახლოებას და კოოპერაციას შეძლებენ. იქნება მაქსიმალური მობილობა ქართველი სტუდენტებისა და პროფესორებისთვის ევროპაში მუშაობის თვალსაზრისით, ერთობლივი სამეცნიერო პროექტები და ა.შ. ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება მეტ ფინანსურ რესურსთან. მოგეხსენებათ, ჩვენ, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს მივმართავთ განათლებაზე, რაც, ფაქტობრივად, ბიუჯეტის მეოთხედია და რა თქმა უნდა, ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიმართული იქნება უმაღლეს განათლებაზე, ჩვენს უნივერსიტეტებზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA)" გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ  საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, განათლების ექსპერტები და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური